19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. წელს, ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ჩატარდა – ჟიურის მიერ შერჩეულმა გამარჯვებულებმა, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, თემატურ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.
მდგრადი განვითარების მე-16 და მე-17 მიზნებზე დისკუსიაში ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა კერძო სექტორის როლი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით განიხილეს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ნიკოლას სენდეროვიჩის თქმით: „მეწარმეები და ასოციაციები შეძლებენ, შეასრულონ საკუთარი როლი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. ეს ასევე ეხება მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც წარმოადგენენ რეგისტრირებული კომპანიების 99%-ს საქართველოში. ამ კომპანიებმა უნდა მოითხოვონ ძლიერი ინსტიტუტები და მხარი დაუჭირონ საკანონმდებლო რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებენ ანტიკორუფციულ ზომებს.“
გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, დაგლას უებმა აღნიშნა: „როდესაც ინსტიტუტები სუსტი ან წარუმატებელია, ბიზნესი ზარალდება, რადგან მას არ აქვს თანაბარი პირობები, როგორიც აყვავებულ კერძო სექტორს სჭირდება ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში ინვესტირებისთვის. ამრიგად, ბიზნეს სექტორის ერთ-ერთი ფუნდამენტური როლი არის თავისუფალი მარეგულირებელი პრაქტიკის ადვოკატირება, რათა მანაც მიიღოს მონაწილეობა რეგულაციების შემუშავებაში“.
ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, მასიეჟ ცურამ განაცხადა: „ფინანსური ინკლუზიის განხილვისას პირველი, რაც მახსენდება არის SDG 1 (არა სიღარიბეს). ვფიქრობ, ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება აძლევს როგორც ინდივიდებს, ისე ბიზნესებს პერსპექტიული შემოსავლის გამომუშავების, აქტივების, საარსებო წყაროს გაუმჯობესების, მდგრადობის გაზრდისა და შოკისადმი დაუცველობის შემცირების საშუალებებს“.
აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი ოპერაციების ხელმძღვანელმა, ანდრეს პეტერსონმა აღნიშნა: „მდგრადი დაფინანსება გადამწყვეტია SDG-ების მისაღწევად, რადგან ის იძლევა წვდომას ისეთ ფინანსურ რესურსებზე, რაც ხელს უწყობს გარემოს დაცვას, სოციალურ თანასწორობას და ეკონომიკურ ზრდას. შესაბამისი დაფინანსების გარეშე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება ნელი და მიუღწეველი იქნება. მდგრადი დაფინანსება ხელს უწყობს კაპიტალის მობილიზებას უფრო მწვანე სოციალური ინვესტიციებისთვის. მაგალითად, განახლებადი ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს კლიმატის ადაპტაციისა და ინფრასტრუქტურისათვის. ის ასევე ხელს უწყობს ფინანსური რისკის შემცირებას გრძელვადიანი გარემო და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით. იგი წაახალისებს პასუხისმგებელ ბიზნეს პრაქტიკას და კორპორაციულ პრაქტიკას აერთიანებს მდგრადობის გლობალურ მიზნებთან“.
მდგრადი განვითარების მე-11 და მე-12 მიზნების ირგვლივ გამართულ პანელურ დისკუსიაში შვედეთისა და დანიის ელჩებმა, ასევე, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კერძო სექტორის პასუხისმგებლობასა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
საქართველოში შვედეთის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა და განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, ელისაბედ ბრანდბერგმა აღნიშნა, რომ „მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ურბანიზაცია იზრდება, რაც ინოვაციისა და ცნობიერების ამაღლების საჭიროებას ქმნის. კომპანიებმა უნდა განსაზღვრონ ის სფეროები, სადაც შეუძლიათ მაქსიმალური გავლენის მოხდენა და ხელი შეუწყონ მდგრადი მოხმარებისა და წარმოების პოპულარიზაციას. ეს ბალანსია ინოვაციებსა და პასუხისმგებლობას შორის, რომელიც ცვლილებებს უწყობს ხელს“.
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა განაცხადა: „კომპანიებს შეუძლიათ SDG 11-ის მხარდაჭერა ფინანსების, ინოვაციების და პარტნიორობის მეშვეობით. კერძო სექტორი ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი ინფრასტრუქტურისა და მდგრადი პრაქტიკების მიმართულებით. თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ეფექტიანობაზე ფოკუსით, ბიზნესები წამყვან როლს ასრულებენ მდგრადი ურბანული განვითარებისთვის პრაქტიკული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების შემუშავებაში“.
საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის თქმით: „მდგრადი სტრატეგიები მარტივია: ჭკვიანი არჩევანი და ინვესტიციები. 90-იანი წლებიდან, დანიის ეკონომიკა 40%-ით გავზარდეთ, ამასთან, შევამცირეთ CO2-ის ემისიები და გავაუმჯობესეთ ენერგოეფექტიანობა. 1975 წლიდან ენერგიის მოხმარება ერთეული პროდუქტის წარმოებაზე 60%-ით შევამცირეთ. მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ, კარგი ბიზნესია“.
სოციალურ საკითხებზე დისკუსიაში, სადაც განხილულ იქნა მდგრადი განვითარების მე-4 და მე-8 მიზნები, მიიღეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა,ნატალია ვუტოვამ, იაპონიის ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ და ესპანეთის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, მარკოს გრანადოს გომესმა.
ნატალია ვუტოვამ მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის, ხარისხიანი განათლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა რომ, “შეუძლებელია სოციალური სამართლიანობის არსებობა სახელმწიფოში, ქვეყანაში ან საზოგადოებაში, თუ არ არსებობს ხარისხიანი განათლება.”
იშიძუკა ჰიდეკიმ მდგრადი განვითარების მერვე მიზნის ღირსეული სამუშაოს და ეკონომიკური ზრდის შესახებ ისაუბრა, კერძოდ კი ყურადღება გაამახვილა თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს სამუშაო უფლებების დაცვა მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. იშიძუკა ჰიდეკიმ აღნიშნა, რომ “მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია ინვესტიცია ადამიანურ რესურსებში და ინოვაციების მიღება.”
ღირსეული სამუშაოს და ეკონომიკური ზრდის შესახებ საუბრისას, მარკოს გრანადოს გომესმა, ესპანეთის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში აღნიშნა, რომ “დღევანდელი ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში, აუცილებელია სამართლიანი მწვანე ტრანზიცია, სადაც სოციალური საკითხები მნიშვნელოვანია, ხოლო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ თანამშრომელთა გადამზადება.”
[R]