გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთის მთავრობისა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ოქტომბერში, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი საქართველოში მეექვსედ გაიმართება.
კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში, ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.
ნომინაციები, ტრადიციულად, გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით შეირჩა. 2023 წელს გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდებიან:
SDG4 – ხარისხიანი განათლება;
SDG7– ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია;
SDG8– ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა;
SDG10– შემცირებული უთანასწორობა;
SDG12– მდგრადი მოხმარება და წარმოება;
SDG17– პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის;
წელს, პირველად, შემოსული განაცხადების განხილვა მოხდება ორ – მსხვილი ბიზნესისა და მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში.
მიმდინარე წელს, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის ფარგლებში, საქართველოში უკვე მეოთხედ ჩატარდება მედიაკონკურსი „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში 2023“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც საქმიანობენ ტელე/რადიო ან ციფრულ/ბეჭდურ მედია საშუალებებში.
კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგ კატეგორიებში:
საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი;
საუკეთესო საგაზეთო/ინტერნეტ სტატია.
კონკურსის პირობები:
ტელე/რადიო რეპორტაჟი, ბეჭდური/ონლაინ სტატია უნდა იყოს ანალიტიკური და ეხებოდეს კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე აქტუალურ საკითხებს;
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდა, გამოქვეყნდა, ეთერში გავიდა 2022 წლის 1 სექტემბრიდან – 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით;
ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ტელე/რადიო რეპორტაჟის, ბეჭდური/ონლაინ სტატიის გამოგზავნა;
აპლიკანტმა ბეჭდური/ონლაინ სტატიის ტექსტი უნდა წარადგინოს PDF ფორმატში (ტექნიკური მახასიათებლები: ტექსტი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფონტი – sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება 1.5, ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 სიტყვას);
კონკურსში წარდგენილ მასალას თან უნდა ერთვოდეს მედია ორგანიზაციის დასახელება და გამოქვეყნებული მასალის ბმული; ელ. ფოსტაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა);
პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება შესარჩევი ტურიდან;
ტექსტის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]
გამოგზავნისას ელექტრონული წერილის სათაურში („subject“ველი) მიუთითეთ: მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისათვის.
აპლიკანტების მიერ, კონკურსის ფარგლებში, გამოქვეყნებული მასალები დაიდება ორგანიზაციის სოციალურ გვერდებზე, ჰეშტეგით #მედიაპასუხისმგებლიანიბიზნესისთვის.
შეფასების კრიტერიუმები:
თემასთან შესაბამისობა, საკითხის სწორად გააზრება და გადმოცემა;
შერჩეული თემა კონკურსის პირობების რელევანტურია;
კონკურსანტს სრულად აქვს გააზრებული და გადმოცემული საკითხი;
საკითხის რელევანტურობა;
ნამუშევარში გათვალისწინებულია მიმდინარე აქტუალური საკითხები საქართველოში;
საკონკურსო მასალა ეხმაურება მსოფლიოს აქტუალურ თემებს;
მასალების შეგროვება, ანალიზი და რესპონდენტები;
შეგროვებული მასალა კარგად არის გაანალიზებული, დამუშავებული და არგუმენტირებული;
რესპონდენტების მრავალფეროვნება და თემასთან შესაბამისობა;
ავტორის მხრიდან თემის დაბალანსებული და ობიექტური ასახვა;
ობიექტურადაა თემა/პრობლემატიკა წარმოჩენილი;
თემის ირგვლივ შერჩეული რესპონდენტები დაბალანსებულადაა წარმოდგენილი;
ტერმინოლოგია
კორპორაციული მდგრადობის თემასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია სწორადაა გამოყენებული;
ჟურნალისტის მხრიდან რესპონდენტები/ობიექტები ეთიკურ ჭრილშია განხილული და წარმოჩენილი;
კორპორაციული მდგრადობის ჯილდო „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2023“ ქართულ ბაზარზე მოქმედი პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანიებისთვისაა განკუთვნილი. ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.
კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
მედიაკონკურსზე საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 9 სექტემბერი;
დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია დაგეგმილია 2023 წლის ოქტომბერში.
[R]