in

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის კონკურსი დასრულდა

მომდევნო წლის საკონკურსო განაცხადების მიღება 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია.  გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის და  USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, კონკურსი უკვე მეხუთედ გაიმართა.

ნომინაციები, ტრადიციულად, გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული „მდგრადი განვითარების მიზნების“ მიხედვით შეირჩა.

მიმდინარე წლის კონკურსში მონაწილეობა 128 კომპანიამ მიიღო, ხოლო განაცხადები ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარმა ჟიურიმ 4 კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა:

  • პროექტის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან
  • პროექტის შესაბამისობა კომპანიის სტრატეგიასთან, პოლიტიკასთან და მიზნებთან
  • პროექტის იმპლემენტაცია — მართვის პროცესი, აქტივობები, რესურსები, გამჭვირვალობა
  • შედეგი — სარგებელი ბიზნესისთვის, სარგებელი საზოგადოებისთვის.

გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:

SDG 4 – ხარისხიანი განათლება

საქართველოს ბანკი: პროექტი „იდეათეკა – მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა“

SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

საქართველოს ბანკი: პროექტი „ქალი მეწარმეების მხარდაჭერა“

SDG 9 – მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა

ლიბერთი ბანკი: პროექტი „ტელეკლინიკა MyDoc“

SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება

პოლივიმი – პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო

SDG 16 – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები

თიბისი ბანკი: პროექტი „მხარდაჭერა უკრაინას“

SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის

„ქვერთი“ და „სუპერგმირი“ – პროექტი „სუპერგმირი“.

გამარჯვებულები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, შვედეთის სამეფოს ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა, იაპონიის ელჩმა, აკირა იმამურამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტეფან სირბუმ, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა, ოლექსანდრ შულჰამ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ დააჯილდოვეს.

ცერემონიაზე გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის SDG პიონერის ჯილდო აჭარა ჯგუფის სასტუმროების კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს,  ნინო კვერნაძეს გადაეცა.

მესამედ დაჯილდოვდნენ მედიის წარმომადგენლებიც, რომლებმაც კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად მასალები მოამზადეს. კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე მომზადებული საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის ჯილდო მარიამ ვაჩნაძეს (ბიზნესპარტნიორი), ხოლო საუკეთესო ციფრული სტატიისთვის — ალექსანდრე გვინდაძეს (რადიო თავისუფლება) გადაეცა.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022 წლის კონკურსის ორ ნომინაციაში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებმა გაიმარჯვეს

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შემოსული აპლიკაციების რაოდენობა, გასულ წლებთან შედარებით, გაიზარდა.  მისივე თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელს მცირე და საშუალო ზომის კომპანიებმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვეს.

„მიმდინარე წლის კონკურსის ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებულია საშუალო ზომის საწარმო და ხოლო მეორე ნომინაციისა – მცირე.  ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესისთვის უფრო ნათელი ხდება, რომ ნებისმიერი ზომის კომპანიას, არ აქვს მნიშვნელობა, რა რესურსი აქვს, მთავარია, ეს რესურსი სწორად გამოიყენოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად განავითაროს ოპერაციები, ასევე, ხელი შეუწყოს საზოგადოებისა და გარემოს განვითარებას“, — ამბობს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.

მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის

სალომე ზურაბიშვილი ყურადღებას ამახვილებს კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში მედიის განსაკუთრებულ როლზეც. მისივე თქმით, სამი წელია, რაც  კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ფარგლებში, ნომინაციაა დაწესებული მედიისთვის.

სალომე ზურაბიშვილი: „მედიას მნიშვნელოვანი როლი აქვს, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ეკონომიკის ზრდაში, მათ შორის, ბიზნესის პასუხისმგებლიანი მიდგომების სტიმულირებით. მედია აქამდეც იყო ჩართული კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაციაში.  კარგი ინიციატივებია მწვანე ბიზნესის თემებისა თუ კორპორაციული მდგრადობის სოციალური ასპექტების, სხვადასხვა თემატიკის გაშუქების და უკვე რუბრიკების მომზადების კუთხით, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები გადაიდგას.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ფარგლებში დაწესებულია ნომინაცია მედიისთვის, თუმცა, აღსანიშნავია, რომ წელს  ნაკლები აპლიკაცია შემოვიდა“.

სამომავლო გეგმები

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი მომავალ წელსაც გაიმართება. აპლიკაციების მიღება 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

„კომპანიებს მოვუწოდებთ, რომ შემოიტანონ აპლიკაცია. კონკურსში მონაწილეობა უკვე წარმატებაა, რადგან ყველა პროექტის შესახებ ინფორმაციას  ვავრცელებთ სხვადასხვა წრეებში – კომპანიებში, დონორ ორგანიზაციებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან, რაც ხელს უწყობს მათი ცნობადობის გაზრდას და თანამშრომლების კმაყოფილებას“, — ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

[პარტნიორის კონტენტი]

დაადგინეს იმ ბურგერების ზუსტი რაოდენობა, რომელთა ჭამაც დედამიწას არ დააზიანებს

კონტენტ მარკეტინგის 5 ტრენდი, რომელიც 2023 წელს უნდა გაითვალისწინოთ