21
Jan
2020

Björk-ისა და ხელოვნური ინტელექტის კოლაბორაციით, უწყვეტი კომპოზიცია შეიქმნა

21 Jan 2020

Alta
Alta


ისლანდიელმა მუსიკოსმა Björk Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ახალი კომპოზიციის შექმნისათვის გამოიყენა. პროექტი ნიუ-იორკში მდებარე სასტუმრო Sister City-სთვის, მუსიკალური გაფორმების შექმნის მიზნით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტი კომპოზიციებს ბიორკის ბოლო 17 წლის განმავლობაში გამოცემული ალბომებიდან არჩევს და გარდაქმნის მას მზის ადგილმდებარეობისა და ცის ფერის გათვალისწინებით. ამ მიზანს ის სასტუმროს სახურავზე განთავსებული კამერის დახმარებით აღწევს, რომელიც ცის მონიტორინგს აწარმოებს. ამ ყველაფრის შედეგი კი უსაზღვრო ვარიაციებია, ახალი ჟღერადობები, რომლებიც სასტუმროს ვიზიტორთა განწყობის შექმნაზეა ორიენტირებული. უწყვეტ კომპოზიციას kórsafn ჰქვია, რაც ისლანდიურად მუსიკალური გუნდის არქივს ნიშნავს. ალგორითმი კომპოზიციის გარდაქმნისას, ძირითადად, სწორედ 17 წლის წინ, ბიორკისა და ისლანდიური მუსიკალური გუნდი – The Hamrahlid Choir-ის ერთობლივ შესრულებას ეყრდნობა.

გარდა იმისა, რომ პროექტი საინტერესოა ხელოვნური ინტელექტისა და ბიორკის კოლაბორაციის კუთხით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ეხმარება მაიკროსოფთის ხელოვნურ ინტელექტს უფრო კარგად ამოიცნოს და შეისწავლოს ღრუბლების განლაგებები, თოვლი, წვიმა, მოწმენდილი ცა, სხვადასხვა ტიპის ნათება ცაზე სეზონების მიხედვით.

განხილვა