გულზე ხელი დაიდეთ, რამდენმა იცოდით noa.ge-ს, საყვარელი ვებგვერდის შესახებ?
ალბათ, არც ისე ბევრმა, თუმცა, როგორც პროექტის შემქმნელებმა აგვიხსნეს, ეს ასეც იყო ჩაფიქრებული.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც „კოშკმა“ ახალი კამპანია წამოიწყო და ის საქართველოს კუთხეების გარშემო მცირე ქრონომეტრაჟიანი ანიმაციებისა და „თავკოცონა“ ბიჭუნა ნოას დახმარებით გვამოგზაურებს.
ამის შესახებ დეტალურად გვესაუბრება კომპანიის „ქართული თემა“ დამფუძნებელი და დირექტორი, მანუჩარ ლობჟანიძე:
M: ბატონო მანუჩარ, მოგვიყევით როგორ გაჩნდა კამპანიის იდეა ?
„მავერიკთან“ უკვე წლებია ვთანამშრომლობ და ამ კამპანიის იდეაც ერთ-ერთი შეხვედრისას, არცთუ ისე სპონტანურად გაჩნდა, რადგან იმ მომენტისთვის საქართველოს კუთხეების ფორმის მაგნიტები უკვე გვქონდა გაყიდვაში და ძალიან ლოგიკურად ვიგრძენით კონტექსტისა და ამბის მოყოლის აუცილებლობა. ამასთან, ჩემი ბიზნეს პარტნიორი პროფესიით ისტორიკოსია და ისტორიის სიყვარული მეტ-ნაკლებად ყოველთვის იგრძნობოდა ჩვენს პროდუქციასა თუ კომუნიკაციაში.
M: როგორი იყო სააგენტოსთან მუშაობის პროცესი და მიიღეთ თუ არა ის შედეგი რომელსაც თავიდანვე ელოდით?
სამუშაო პროცესი სტანდარტულად წარიმართა და სააგენტოს მიერ მომზადებული კონტენტი ჩვენი უკუკავშირის შემდეგ, სულ რამდენიმეჯერ შეიცვალა. შედეგით ყველა მხარე კმაყოფილი დავრჩით, თუმცა ყოველთვის ჯობია, რომ პროდუქტი უფრო მომხმარებელმა და “მაყურებელმა“ შეაფასოს.
M: რას ეტყოდით ბავშვებს და მათ მშობლებს? რატომ უნდა უყურონ კოშკის კამპანიურ ანიმაციებს?
იმიტომ, რომ ეს არის ხარისხიანი, შემეცნებითი პროდუქტი, რომელიც დიდებსაც და პატარებსაც პოზიტიური ემოციით აავსებს.
კამპანიის შესახებ კრეატიული სააგენტო „მავერიკის“ სტრატეგი და მესიტყვეთუხუცესი, ნიკა გარსენიშვილიც გვიზიარებს დეტალებს:
M: ნიკა, პირველ რიგში კამპანიაზე მუშაობის შემოქმედებით იმპულსზე გვითხარი ორიოდ სიტყვა…
პირველი იმპულსი თვითონ სიტყვა „ბავშვები“ იყო; პირველი ფიქრი — „ფრთხილად, ბავშვები“. პატარებთან კომუნიკაციაზე მნიშვნელოვანი „გამოწვევა“ ცხოვრებაში მეორე არ მეგულება, თან ეს კითხვებად ქცეული „გამოწვევები“ ხომ ყველა ზრდასრულს გვაერთიანებს?
როგორ მოვიქცე, თუკი ჩემი შვილი აღარ მისმენს ?
როგორ დავაბალანსო მის ცხოვრებაში ციფრული მოწყობილობებისა და ინტერნეტის როლი?
როგორ აღვზარდოთ ბავშვი „აკრძალვების გარეშე“ ?
სად არის ის ოქროს მიჯნა,სადაც პატარებთან მეგობრობა და მათთვის ავტორიტეტად ყოფნა ერთმანეთს ემეზობლება?
ალბათ, არ არსებობს თანამედროვე მშობელი, რომელსაც ეს კითხვები არ აწუხებს.
სწორედ მსგავსი კითხვები და ჩვენი დროის „მშობლები vs შვილები“ გამოწვევები იქცა „კოშკის“ ახალი საკომუნიკაციო პლატფორმისა და კამპანიის, „ნოას მაგნიტური მოგზაურობის“ შექმნის მთავარ მოტივაციად.
ძირითადი შემოქმედებითი მოტივაცია გუნდში ისევ პირადმა გამოცდილებამ მოიტანა. მიუხედავად იმისა, როგორია მშობელი — რბილი, თბილი, მოსიყვარულე, მკაცრი, დაკავებული, თავისუფალი, უშუალო, ამაყი, ბავშვური, სერიოზული — შვილებთან მაინც ყველას ერთმანეთის მსგავსი პრობლემები აქვს.
გარდა იმისა, რომ მთლიანი შემოქმედებითი პროცესი დანის პირზე ფეხაკრეფით სიარულს ჰგავდა, კიდევ იყო რამდენიმე კონკრეტული, ტექნიკური ბარიერი, კერძოდ:
გამოწვევა #1 — სიუჟეტი
ვინაიდან ანიმაციები მომხმარებლამდე „კოშკის“ ყუთებიდან QR კოდის დახმარებით, random-ად მივიდოდა, ამიტომ კამპანიას/ანიმაციებს ვერ ექნებოდათ სიუჟეტური ხაზი, ე. წ. Storyline. თითოეული ანიმაცია უნდა ყოფილიყო თვითკმარი, დამოუკიდებელი ამბავი.
გამოწვევა #2 — Cross-targeting
რადგანაც ბავშვების სურვილების დაკმაყოფილება ყოველთვის „უფროსების“ (მშობლები/ახლობლები) „ჯიბიდან“ ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ვიდეოები საინტერესო და მოსაწონი ყოფილიყო როგორც პატარებისთვის, ისე დიდებისთვის, ადამიანებისთვის, ვინც ამაში ფულს გადაიხდიდნენ. შესაბამისად, სამიზნე აუდიტორია ცნობისმოყვარე ბავშვებიდან სკეპტიკურად განწყობილ, კრიტიკოს ზრდასრულებამდე გადაიჭიმა, რაც კონცეფციაზე ფიქრის დაწყების მომენტში ძალიან რთულ სასტარტო პირობებს გვიქმნიდა.
M: მოდი, უფრო დეტალურად მოგვიყევი კამპანიის იდეისა და კონცეფციის შესახებ
რადგანაც კამპანიის საწყისი დრაივერი „კოშკის“ პროდუქციაში უკვე არსებული, საქართველოს 13 კუთხის ილუსტრირებული მაგნიტები იყო, ეს „მიმზიდველობა“ კამპანიის სახელწოდებაშიც დავტოვეთ. რაც შეეხება მოტოს — „შეაგროვე საქართველო“ — ეს უკვე იმ დაკვირვებიდან მოდის, რომ მოგზაურობის მოყვარულ ადამიანებს ხშირად შთაბეჭდილებებისა და შეგროვებული მოგონებების მაცივრის კარზე გამოფენა გვიყვარს.
კრეატიული გადაწყვეტა
რადგან ღირებულების შექმნა ორივე აუდიტორიისათვის (პატარები,დიდები) აუცილებელი იყო, თითოეულ კუთხეზე დამზადებული ანიმაციის შინაარსი ნაწილობრივ ისტორიული და შემეცნებითია, თუმცა ამავდროულად ნაივურად აბსურდულიც და „დრაივიანიც“.
ამიტომ შევეცადეთ, ანიმაციებს უფროსებში კრიტიკული ინტერესი და სკოლის პერიოდში მიღებული ინფორმაციის მიმართ ნოსტალგია გამოეწვია, ხოლო პატარებში კითხვები გაეჩინა, რაც შექმნიდა საერთო ინტერესებს და „დიდებსა და პატარებს“ შორის ურთიერთობას ბუნებრივად ინტერაქციულს გახდიდა.
M: ვინ არის ნოა?
ნოა 10-11 წლის თავკოცონა და ლურჯთვალება ბიჭია. ცნობისმოყვარე, პირდაპირი და გაბედული, რომელიც ერთ დღეს ბურთის ძებნისას ჯადოსნურ რუკებს იპოვის და საქართველოს 13 კუთხის გარშემო იწყებს მოგზაურობას.
მოგზაურობის პროცესში ის უდიდეს ინფორმაციას მიიღებს და ბევრ ახალ რამეს ისწავლის, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი ჩვენებაც ამ ანიმაციებს სურს, სიკეთისა და თავგანწირვის უპირატესობაა, რადგან რეალურ ცხოვრებაში ამ იდეების პატარებამდე მიტანა, როგორც წესი, დიდაქტიკური, პათეტიკური და მოსაწყენი ფორმებით ხდება ხოლმე.
რა სარგებლობა მოაქვს „ნოას მაგნიტურ მოგზაურობას“ პატარებისთვის?
- აყალიბებს აქტიური მოსმენის კულტურას
- ეხმარება მათ სენსო-მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებაში
- აძლევს მათ ახალ, ხშირ შემთხვევაში სასარგებლო ინფორმაციას
- ეხმარება მათ პერსონაჟთან თვითიდენტიფიკაციისა და ემპათიური გრძნობების გამომუშავების პროცესში
- უადვილებს ქალაქის/ქვეყნის/სამყაროს შემეცნების პროცესს
- პოპულარული ენით გადმოსცემს ელემენტარულ მეცნიერულ ჭეშმარიტებებს
- არის გზამკვლევი ადამიანებთან/ცხოველებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბების საქმეში
- ცდილობს, შეაყვაროს სამშობლო და მისი თითოეული კუთხე
რა სარგებლობა მოაქვს „ნოას მაგნიტურ მოგზაურობას“ დიდებისათვის?
- აძლევს მათ სახალისო და შინაარსიან მიზეზს, მეტი დრო გაატარონ ბავშვთან
- ქმნის შესაძლებლობას, პოპულარული medium-ის დახმარებით, იოლად მიიტანონ ბავშვამდე აღზრდისთვის აუცილებელი ის ინფორმაცია, რომელიც როგორც მორიგი „მოწოდება“ და „შეგონება“, პატარებისთვის უინტერესო, მიუღებელი და არაეფექტურია
- აძლევს მათ დამატებით მოტივაციას, გაიხსენონ საქართველოს ისტორია, გამოცადონ საკუთარი ცოდნა და ბავშვის თვალში აიმაღლონ ავტორიტეტი
- ეხმარება მათ, გაიხსენონ და გადაიაზრონ ისტორიული ფაქტები და მიიტანონ ის პატარამდე მათთვის სასურველი ინტერპრეტაციით.
[R]