in

KOSKA32-ის Flowing Subconscious – გრაფიტიდან ფერწერულ ტილოებამდე

თითოეულ მათგანს სიურრეალისტური ხასიათი აერთიანებს…


“პატარა გალერეამ” ახლახან KOSKA32-ის სოლო გამოფენა წარმოგვიდგინა, სახელწოდებით Flowing Subconscious. ალბათ, მხატვრის სახელი ბევრ თქვენგანს მთელ ქალაქში მიმოფანტული გრაფიტული ნამუშევრებიდან გეცნობათ – სხვადასხვაგვარი ფორმით, კომბინაციითა და წარწერით Koska…

ახლა კი ხელოვანი ბევრისათვის უცნობი სახით მოგვევლინა – ტილოებზე შესრულებული ფერწერული ნამუშევრებით. თითოეულ მათგანს სიურრეალისტური ხასიათი აერთიანებს, თავისი მაგიური ფერთა გამით და ერთმანეთისგან განსხვავებული მრავალი სიუჟეტით. 

“Koska-ს გამოფენაზე ფიქრი მას შემდეგ დავიწყე, რაც მისი ტილოზე შესრულებული ფერწერული ნამუშევრების ფოტოები ვიხილე. აქამდე, როგორც უმეტესობა, Koska-ს გრაფიტით ვიცნობდი და ამ მხრივაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის – ვაკვირდებოდი, რამდენი განსხვავებული ფონტის შექმნა, რამდენ ექსტრემალურ ადგილას მუშაობა შეუძლია… სიურრეალისტური სურათების შემდეგ კი ამ მხრივაც დავინტერესდი” – აღნიშნავს გვანცა ჯიშკარიანი, პატარა გალერეის მფლობელი. 

როგორც თავად Koska გვიყვება, სიურრეალიზმით და ზოგადად მხატვრობით ბერლინში, სკოლის დამამთავრებელ კლასში დაინტერესდა, როდესაც თვითგამოხატვის სრულიად ახალი ფორმა აღმოაჩინა. ფორმა, რომელიც ყოველგვარი ჩარჩოსგან და კლასიკური მიდგომებისგან თავისუფალია და ხელოვანს საშუალებას აძლევს, ირეალური, წარმოუდგენელი, ჯადოსნური სამყარო შექმნას. აქ მთავარი სუბიექტის ფიქრები და მათი თავისებური ფორმებით ინტერპრეტირებაა… 

გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს თუ დავაკვირდებით, დროის მსვლელობასა და შესაბამის გარდატეხებს აუცილებლად ვიგრძნობთ. “საწყის ეტაპზე შესრულებული ტილოების მიღმა ცნობილი სიურრეალისტი მხატვრების ამოცნობაა შესაძლებელი. თუმცა უკვე მოგვიანო პერიოდის სურათები აშკარა თვითმყოფადობასა და ინდივიდუალიზმს გამოხატავს” – ამბობს გვანცა. 

აღსანიშნავია, რომ თავად Koska ამ ერთმანეთისგან განსხვავებული მედიუმის სინთეზირებას ახდენს – მის შემოქმედებაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის გრაფიტი და სიურრეალისტური ფერწერა. თანდათან მივხვდი, რომ ეს ორი სტილი ერთმანეთთან უნდა დამეკავშირებინა და საკუთარი სტილი მკვეთრად ჩამომეყალიბებინა. სწორედ ასე მივედი იქამდე, რასაც დღეს ვქმნი” – აღნიშნავს Koska. 

საგულისხმოა, რომ გარდა ზემოთ ხსენებული სინთეზისა, ხელოვანი დოკუმენტურ ფილმებზეც მუშაობს. სიურრეალისტური მხატვრობა და დოკუმენტური ფილმები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან – ერთი საკუთარი შინაგანი ხმის გამოხატულებას წარმოადგენს, ხოლო მეორეს შემთხვევაში გარემო განაპირობებს მთელ პროცესს. მიუხედავად ამისა, ორივე დოკუმენტაციაა – ერთი მხატვრის აზრების დინების და მეორე ფიზიკური რეალობის”. 

რაც შეეხება უშუალოდ მუშაობის პროცესს, Koska-ს ტილოზე მუშაობის მანერა ფაქტობრივად არ განსხვავდება კედელზე მუშაობისგან. ორივე შემთხვევაში მხატვარი ინტუიციას მიჰყვება და  სიუჟეტს ხატვის პროცესში იგონებს, სწორედ აქედან მოდის გამოფენის სათაურიც. ერთ განსხვავებას მხოლოდ დროის ინტერვალი წარმოადგენს… გრაფიტის შესრულებისას უფრო სწრაფი პროცესის წარმოებაა საჭირო, ხოლო ტილოს ფერწერა მეტი ფიქრის საშუალებას იძლევა. 

“ის, რაც Koska32-ისთვის დამახასიათებელია, არის მუდმივი მოძრაობა: რომელიც ჩანს როგორც მისი ნახატებში, ისე გრაფიტშიც – იქნება ეს პირდაპირი მნიშვნელობით, თუ გადატანითი. მის ტილოებში დინამიკა სიუჟეტებში იგრძნობა, ხოლო გრაფიტი ქარიშხალივით ედება თბილისის ქუჩებს”. 

ავტორი ქეთია ბელქანია


Honda-ს მოტოციკლების მუსიკალური ტრეკი – მოუსმინეთ, არ გამოგრჩეთ!

როცა ყოველდღიური საუბარი სცენაზე გამოსვლასავით სტრესულია… – BBDO-ს ნამუშევარი