სამეცნიერო საზოგადოებაში არსებობს თეორია, რომ პატარა გალაქტიკები სავარაუდოდ დიდი გალაქტიკების გარშემო შემთხვევით ორბიტებზეა განაწილებული. თუმცა, კვლევების მიხედვით, ეს პატარა გალაქტიკები ერთმანეთთან დისკოების სახით არის დაკავშირებული. ეს კი ის ფენომენია, რომლის შესახებაც სიღრმისეულ ცოდნას არ ვფლობთ.
ამჟამად მკვლევრები ცდილობენ, არსებული ცოდნა მეტად გააღრმაონ და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, პატარა გალაქტიკებზე უხილავი „კედლები“ ზემოქმედებს, რომლებიც ნაწილაკების ახალი კლასის მიერაა შექმნილი. ამ უკანასკნელს სიმეტრონების სახელით ვიცნობთ და მას ასტროფიზიკის კანონების გადაწერა შეუძლია.
სტანდარტული თეორიის თანახმად, რომელიც ცნობილია როგორც ლამბდა ცივი ბნელი მატერიის მოდელი (Lambda-CDM), სამყარო სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება: კოსმოლოგიური მუდმივა, რომელიც აინშტაინის მიერ დამატებული კოეფიციენტია ფარდობითობის ზოგადი განტოლებების ასახსნელად, ცივი ბნელი მატერია, რომელიც ნელა მოძრავი თეორიული ნაწილაკებია და ჩვეულებრივი მატერია, რომელთანაც ყოველდღიურად ვურთიერთქმედებთ.
ეს თეორია ვარაუდობს, რომ პატარა გალაქტიკებს უფრო დიდი გალაქტიკების გრავიტაციული ძალა იჭერს და ქაოტურ ორბიტებზე ატრიალებს. თუმცა ამის დაკვირვება ჯერ არ ყოფილა შესაძლებელი. ახლა კი, შესაძლოა, ნოტინჰემის უნივერსიტეტის ორმა მკვლევარმა ამ ყველაფერს ახსნა მოუძებნოს — ისინი ფიქრობენ, რომ „მეხუთე ძალა“ გალაქტიკების დისკის ფორმის სახით განლაგებას განაპირობებს. უფრო კონკრეტულად, სიმეტრონებს შეუძლია, წარმოქმნან ეს „ძალა“, რომელიც „დომეინის კედლების“ მსგავსად სივრცეში ზღუდეების სახით არის წარმოდგენილი.

„ჩვენ ვიცით, რომ გვჭირდება ახალი ნაწილაკები, რადგან გვაქვს ბნელი მატერია და ბნელი ენერგია. შესაბამისად, ამ ორი ფენომენის გასააზრებლად ახალი ნაწილაკების დამატებაც საჭიროა“, — ამბობს ანეშ ნაიკი, ნოტინჰემის უნივერსიტეტის მეცნიერი და კვლევის ავტორი.
შეიძლება, ეს ნაწილაკები სხვადასხვა მდგომარეობაში არსებობდეს და სწორედ მათ შორის წარმოქმნიდეს უხილავ კედლებს. თავის მხრივ, დასაშვებია, რომ ეს კედლები გალაქტიკებს ბარიერის სახით აღუდგეს და ისინი დიდი გალაქტიკების გარშემო აბრუნოს. თუმცა ამ თეორიის დასაზუსტებლად ჯერ კიდევ ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო.











