მეცნიერები უკვე დიდი ხანია წუხან კოსმოსში არსებული ნარჩენების გამო, რაც კაცობრიობის ამბიციების ბრალია… 1960-იან წლებში აპოლოს მისიების დაწყებიდან კოსმოსურ რბოლამდე, რომელიც ამერიკასა და რუსეთს შორის მიმდინარეობს, მთვარის გარშემო უამრავი ნაგავი რჩება. ექსპერტთა შეფასებით, იქ უკვე რამდენიმე ათეული კოსმოსური ნარჩენი არსებობს, იქნება ეს რაკეტის ნაწილების, გაუქმებული სატელიტებისა თუ მისიასთან დაკავშირებული ნაწილები, რომლებიც ზუსტად სად არის, ჯერ არავინ იცის… მსგავსად, კოსმოსური მისიების ჩაშლის შანსიც იზრდება…
სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა ვიშნუ რედიმ და რობერტო ფურფარომ ტელესკოპები და არსებული მონაცემთა ბაზები გამოიყენეს, რათა იპოვონ, აღწერონ და თვალი ადევნონ მთვარის ირგვლივ არსებულ კოსმოსურ ნარჩენებს. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, მსოფლიოში პირველი კატალოგის შექმნას ისახავს მიზნად, რომელიც დედამიწასა და მთვარეს შორის არსებული სივრცის ნარჩენებს მოიცავს.
კოსმოსში ადამიანების მიერ დატოვებული ნარჩენები, როგორც უკვე ვთქვით, სამომავლო მისიებისთვის საკმაოდ საშიშია. კონკრეტულად კი შეჯახების რისკი არსებობს, რასაც მთვარის ზედაპირზე მათი ავარიული დაშვება ემატება — იმის გამო, რომ მთვარეს სქელი ატმოსფერო არ აქვს, მას არც ამ ნარჩენების განადგურება შეუძლია.
ამასთან, ძალიან კარგ დღესაც კი კოსმოსურ ნარჩენებზე თვალყურის დევნება გამოწვევას წარმოადგენს. მიზეზი დისტანცია და განათებაა. თანაც, დედამიწასა და მთვარეს შორის არსებული მანძილი დიდად სცდება იმ სივრცეს, რომელშიც ამერიკა კოსმოსურ ნარჩენებს აკვირდება… ხოლო სინათლე იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენის არეკვლა შეუძლია კოსმოსურ ნარჩენს — მაშინ, როცა მთვარე რკალის ფორმას იღებს, მათი დანახვა რთული ხდება, სავსე მთვარის დროს კი უფრო კაშკაშაა და მთლიან ნათებას ერწყმის…
სწორედ ამ ფაქტორების გამო, დღემდე არ არსებობდა ჯგუფი ან ორგანიზაცია, რომელიც მათზე თვალყურის დევნებას დაისახავდა მიზნად. რედი და ფურფარო კი ამ გამოწვევასთან გამკლავებას სწორედ კოსმოსში ადამიანების მიერ დატოვებული ნარჩენების კატალოგის შექმნით ცდილობენ.
უპირველესად, მეცნიერებმა ისტორიულ დაკვირვებებს სხვადასხვა ტელესკოპისა და მონაცემთა ბაზები დაუკავშირეს, რათა დაედგინათ და დაედასტურებინათ, რომელი იყო მათგან უკვე ცნობილი. თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ ღამის ცაზე ნარჩენებს არცერთი ტელესკოპი აკვირდებოდა. ამ უკანასკნელმა კი მათ, სტუდენტებთან ერთად ერთი ასეთი ტელესკოპის შექმნისკენ უბიძგა, რომელიც ახლა Biosphere 2 Observatory-ში იმყოფება.
პირველი ობიექტი Chang’e 5 იყო, იგი 2020 წელს გაეშვა მთვარისკენ, ახლა კი მეცნიერებმა მასზე დაკვირვება და არსებულ კატალოგზე „ახალი“ ნარჩენების დამატება მოახერხეს. ასე მათი მოძრაობის განსაზღვრაც შეუძლიათ, რაც დაკარგვის რისკებს ამცირებს.
ძველი და ახალი კოსმოსური ნარჩენებისთვის ისინი იგებენ, თუ სად არის ობიექტი, შემდგომ კი ოპტიკურ და ახლო ინფრაწითელ ტელესკოპებს იყენებენ, რათა მის ზედაპირზე არსებული სინათლის ტალღის სიგრძე განსაზღვრონ. ამგვარად, იგებენ, თუ რა მატერიისგან შედგება ობიექტი. მაგალითად, ასე იყო 2022 წელს, როცა საიდუმლო რაკეტის ნაწილი იპოვეს, რომელიც მთვარეს შეეჯახა… ხოლო, იმისათვის, რომ განსაზღვრონ, რამდენად სწრაფად ბრუნავს ობიექტი, სინათლეს პერიოდულად ზომავენ.
შედეგები კი, თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, სულ უფრო უმჯობესდება, თუ ადრე ავტობუსის ზომის ჩინური კოსმოსური ხომალდის პოვნა უხაროდათ, ახლა CubeSats-ზე თვალყურის დევნებაც შეუძლიათ, რომელიც პატარა ყუთის ზომისაა. გამოდის, ორი ასტრონომის ძალისხმევით მომავალში კოსმოსური მისიები უფრო უსაფრთხო შეიძლება გახდეს.