2005 წელი იყო, საბერძნეთში, ათენის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მესამე კურსზე ვსწავლობდი, საქართველოს საკონსულოში პირველი სამსახური რომ დავიწყე. რეფერენტის ვაკანსია იყო, რომელზეც რამდენიმე კანდიდატს შორის მიმდინარეობდა შერჩევა. რეფერენტი ადგილობრივად დაქირავებული ადამიანია, რომელიც საკონსულოს თანამშრომელია და იქ მცხოვრებ ქართველებს ადგილობრივ უწყებებთან ურთიერთობაში, ენის ბარიერის გადალახვაში, მათი კეთილდღეობის საკითხების მოგვარებაში ეხმარება. როგორც საკონსულოს წარმომადგენელს, ადგილობრივ უწყებებთან მიწევდა ურთიერთობა – საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და ა.შ. ამ პროცესში, უპირველესად, მნიშვნელოვანია სწორი თარგმანი, შემდეგ კი კვალიფიკაციის ზრდასთან ერთად, იზრდება ფუნქციებიც.
ვაკანსიის შესახებ საელჩოს თანამშრომლებისგან გავიგე. შესარჩევ ეტაპზე, გავიარე გასაუბრება და ამიყვანეს. ასე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში სამსახური, სწავლასა და სოციალურ ცხოვრებასთან ერთად. საქმეს პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი. ეტაპობრივად, მემატებოდა ფუნქციები და უწყებებთან ურთიერთობის გარდა ვამზადებდი დოკუმენტაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვეხმარებოდი პასპორტიზაციაში. ჩემს როლში შედიოდა ყველაფერი, რაც საქართველოს იქ მცხოვრებ მოქალაქეებს შეიძლება დასჭირვებოდათ. ამ დიდი საქმის პატარა ნაწილი უნდა ვყოფილიყავი იქ, სადაც ვიყავი საჭირო, იქნებოდა ეს დაბინავება, დაკავშირება, ადგილობრივ უწყებებთან საკითხების დალაგება თუ სხვა, საკმაოდ ექსტრემალურ სიტუაციაში რომელიმე კუნძულზე ჩასვლის ჩათვლით. ძალიან ცოცხალი პროცესი იყო, არ ჰქონდა რაიმე განსაზღვრული გრაფიკი. რაღაცით ჰგავდა კიდეც მარკეტინგული სააგენტოების ყოველდღიურობას.
კონტრაქტით ვმუშაობდი და დიპლომატიურ შტატში არ ვიყავი, თუმცა გარკვეულ ჩარჩოებში მაინც მიწევდა მოქცევა. მიუხედავად იმისა, სულ ვცდილობდი, ადამიანზე ვყოფილიყავი ორიენტირებული და არა წესებზე, ამ უკანასკნელის დარღვევის გარეშე.
საკონსულოში ხუთი წლის განმავლობაში ვიმუშავე. ჩემი როლი მუდმივად იცვლებოდა და იზრდებოდა. თუკი თავიდან შემოსულ წერილებს ვთარგმნიდი, მივაწვდიდი ადრესატს და შემდეგ კვლავ ვთარგმნიდი პასუხს, ეტაპობრივად ფუნქციები გაიზარდა – საქართველოს მოქალაქეებისთვის საბერძნეთის საბუთების მოპოვებაში შუამავლობასა და ადგილობრივ უწყებებთან მოლაპარაკებებზე გადავერთე.
დიპლომატია ძალიან საინტერესო სფეროა. ის მოიცავდა ძალიან ბევრ ადამიანთან ურთიერთობის შედეგად, ჯერ მათი საკვანძო წერტილებისა და ოქროს შუალედის პოვნას, შემდეგ კი მოლაპარაკების წარმართვას საქართველოდან ჩასულ ემიგრანტსა და სახელმწიფოს შორის. ეს უნარიც ძალიან ღრმად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში და შემდეგ, მარკეტინგში მუშაობისას გამომადგა.
კოტე ჩატიდი – საქართველოს ბანკის პროდუქტული მარკეტინგის ხელმძღვანელი.