in

“ვიფიქრე, არ მინდა კოსმონავტობა, მხატვარი ვიქნები-მეთქი” – ამბავი კოტე სულაბერიძეზე

80-90-იანი წლების მხატვრებთან საუბარი იმითაა საინტერესო, რომ ისინი სულ სხვანაირ ისტორიებს გვიყვებიან. ეს ადამიანები ხომ სწორედ იმ დროიდან ხატავენ, როცა ქართველი ადამიანისთვის ძალიან რთული იყო სახელის მოპოვებაც და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაც. 

ეს ის პერიოდია, როცა თანამედროვე ხელოვნება ჩვენთვის ახალი რამაა და ხელოვანებიც ამ ახალი, არატრადიციული გზით სვლას იწყებენ. ამ დროის მხატვართაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონა კოტე სულაბერიძეა. ადამიანი, რომელიც ქართულ ტრადიციულ ფონს, ჩვენს ყოველდღიურ ყოფასა და საზოგადოებრივ საკითხებს თვითგამოხატვის თავისებური ხერხით უყრის თავს.

“ადამიანი მხატვარი. ამით ჩემს შესახებ საკმარისია ნათქვამი.”

სერიიდან: როგორ გავატარეთ ზაფულის არდადეგები, 2019წ

ბავშვობა

ეგზუპერიმ თქვა, თუ არ ვცდები, ჩვენ ყველანი წარმოშობით ბავშვობიდან ვართ. ბუნებრივია, მეც იქიდან მოვდივარ. 

(იხ. ნამუშევარი ‘მოგონება ჯერიზე’. ეს მე და ჩემი ძმა ვართ, ძაღლთან ერთად.)

მოგონება ჯერიზე, 1993წ

ეს ნამუშევარი სწორედ ამ თემას ეხება და, ვფიქრობ, აქ ამოვწურე მთელი ჩემი ნოსტალგია ბავშვობის მიმართ. თანაც, ისეთ ასაკში შევდივარ, რომ ხანდახან მგონია, ბავშვობაში დაბრუნება ჯერ კიდევ წინ მაქვს. 

“კოიკა” ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, 1999წ

გზა ხელოვნებისკენ

ძალიან პატარა ვარ, ალბათ, 2-3 წლის; მამაჩემმა ზეთის ფერები მოიტანა სახლში. (თვითონაც ხატავდა) ერთ-ერთი ფერის ტუბს თავი მოვხსენი. მახსოვს, მომაჯადოვა მოსტაფილოსფერო წითელმა, რომელმაც სახურავის ქვეშიდან გამოანათა. რამდენიმე წამში კი ზეთის სუნმა დამათრო. ვიფიქრე, არ მინდა კოსმონავტობა, მხატვარი ვიქნები-მეთქი. ოღონდ ამას, აზრში, წინადადების ფორმა ჯერ არ ჰქონდა… 

მატარებელი, რომელიც წავიდა, 1999წ

განათლება

სკოლის ბოლო კლასებში (VIII-X) გაკვეთილებიდან ვიპარებოდი და მეგობრებთან ერთად ქალაქში ვხეტიალობდით.. ვხატავდით.. მახსოვს, ერთხელ კლასის დამრიგებელმა მამაჩემს გაცდენების შესახებ შეატყობინა. საღამოს მამაჩემმა მთხოვა სკოლის ჩანთა მეჩვენებინა. რომ გახსნა, ის სავსე იყო ჩანახატებით. ასე გააგრძელე-ო, მითხრა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო თინეიჯერობის მერყევ პერიოდში. არაჩვეულებრივი დრო იყო, IX-X კლასებში სწავლის პარალელურად, თამაზ ხუციშვილის სახელოსნოში ხატვაზე დავდიოდი. ყოველ დღე 3-დან 8-საათამდე. ძალიან დიდი სკოლა გავიარე აქ. ასევე, ეს იყო არაჩვეულებრივი გარემო, თანატოლებთან ურთიერთობისთვის. მერე იყო სამხატვრო აკადემია. ამაზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო… შორს წაგვიყვანს. ერთს ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პროფესია მაქვს, და იმ სასწავლებელში ვისწავლე, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, ურთიერთობა მქონოდა ძალიან საინტერესო ადამიანებთან. ვგულისხმობ, როგორც პედაგოგებს, ასევე მეგობრებს, თანატოლებს. 

ცა, 24 საათი, 2011წ

პირველი შემოსავალი

1993წ. გამოფენა ქ. კიოლნში, გერმანია. საბჭოთა გამოცდილების შემდეგ, გაოგნებული ვარ დასავლეთით! გამოფენის გახსნაზე უამრავი ხალხი. ყველას კარგი სუნამო ასხია ჩემ გარდა. იმ საღამოს ჩემი 8 ნამუშევარი გაიყიდა. მეორე დღეს მივიღე ჰონორარი – 11 500 DM (დოიჩე მარკა)! არადა, წინა დღეს ‘ბრატვურტისათვის’ 9 მარკა დამენანა. 

მედიუმები

ნებისმიერი მასალა გამოყენებადია, რასაც ნამუშევრის შექმნა მოითხოვს. ღვინოც კი გამომიყენებია მედიუმად. ამ ბოლო ხანებში აქვარელს გავუგე გემო. 

დალტონიკის თვალით, 1999წ

შთაგონება

შთაგონება მოდის ყოველდღიური ცხოვრებიდან, რასაც ვეხები, ან რაც გვეხება. ისე, მართალი რომ გითხრათ, დიდად ამაზე არ ვფიქრობ. უბრალოდ, ყოველ დღე ვმუშაობ. რა თქმა უნდა, ჯობია, რომ ზარბაზნები არ ქუხდნენ, მაგრამ, ეგრე სადაა? ყველგან, ყოველწამს ვმუშაობ. არაა აუცილებელი, უშუალოდ ვხატავდე იმ მომენტში. მუშაობა მიდის მუდმივად და ყველანაირ სიტუაციაში. ეს მუდმივი პროცესია. ბევრად ღრმა და ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი ნამუშევარი, რომელიც გამიკეთებია. ამიტომაცაა, რომ არ წყვეტ მუშაობას. კიდევ გინდა. ხვალაც. ზეგაც… და გიხარია ყოველი დღე! 

ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად დაგეხმარნენ

რა თქმა უნდა, იყვნენ. შეიძლება ითქვას ყველა ადამიანი, ვინც შემხვედრია, ცხოვრების განმავლობაში. თითოეულმა მათგანმა, ოდნავი გავლენა ხომ მაინც მოახდინა ჩემზე, ოდნავ იმოქმედა რაღაცამ… ყველას მადლიერი ვარ. 

“лицо кавказской национальности” -კავკასიური ეროვნების სახე, 1996წ

მიღწევა

ჰელსინკი. 2007წ. გამოფენა Museum of Contemporary Art KIASMA 

პუბლიკა: კერძო თვითმფრინავებით ჩამოსული ელიტა; ნიუ-იორკიდან, პარიზიდან, ტოკიოდან… მოკლედ ბომონდი… სვეტსკაობა. გამოფენა მუზეუმის ხუთ სართულზეა განფენილი. მე და ჩემი მეუღლე – საქართველოდან მხოლოდ ჩვენ ვართ, ავდივართ ბოლო სართულზე. იქ, ფოიეში მსოფლიო რუკაა გამოკიდებული და ზედ მონაწილე მხატვრების სახელმწიფო დროშებია გამოსახული. რუკის ცენტრში საქართველოს დროშაა. ვხვდები, რომ ეს ჩემ გამოა აქ. მეამაყება! რა სისულელეა, არა? 

ცხოვრება პროფესიის მიღმა

ძალიან მიყვარს ღვინო. ყველაფერი, რაც ღვინოსთანაა დაკავშირებული. საღამოები მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად გატარებული, ან მათ გარეშე ყოფნის ღრმა სევდა… მოკლედ, როცა ღვინოს გიახლებით, არ ვმუშაობ, როცა არ ვმუშაობ, გეახლებით ღვინოს… ამ ბოლო დროს უფრო მეტს ვმუშაობ… 

აყვავებული ტყემლის ხე, 2019წ

რომ არა ეს პროფესია..

მაინც მხატვარი ვიქნებოდი. 

პანდემია

რა ვიცი, დიდად არ შეცვლილა რაიმე. ვაგრძელებ მუშაობას. როცა დაკეტილი იყო ყველაფერი, ფრინველებმა იმატეს ჩვენს ეზოში და სხვანაირები, უნახავები გაჩნდნენ. ყოველ შემთხვევაში მანამდე არ მენახა. 

გეგმები

და ბოლო: 

სანამ გასაკეთებელი გაქვს რამე, ღმერთი არ მოგკლავს! 

მეუბნებოდა ერთი ჩემთვის ძალიან საპატივცემულო კაცი. ხოდა ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი… 

ახატანი, 2020წ

რატომ არის მნიშვნელოვანი მომხმარებლის მიზნების ცოდნა, ბიზნესის წარმატებისთვის?

NEBEAT – “ნებაში ამოსული სურვილი”, ანუ მუსიკალური პერფორმანსი პოდკასტჰაბის ეთერში