„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა უკვე კლასიკად ქცეული წიგნის, მარკეტინგის საფუძვლების მე-14 განახლებული გამოცემა ქართულ ენაზე. მისი შეძენა წიგნის ყველა მაღაზიაშია შესაძლებელი და ღირს 69,90 ლარი.
როგორც გამომცემლობაში ამბობენ, მათი მიზანია, სტუდენტები, რომლებიც მარკეტინგის შესწავლას იწყებენ, თანამედროვე მარკეტინგის მომხიბვლელ სამყაროს ინოვაციური და კომპლექსური, მაგრამ ამავე დროს, პრაქტიკული და სახალისო გზით აზიარონ. „ვეცადეთ, თითოეული გვერდი, ცხრილი, გრაფიკი, ფაქტი თუ მაგალითი ისეთი გზით წარმოგვედგინა, რომ მარკეტინგის როგორც სწავლა, ისე სწავლება საუკეთესო გზით გაგვეხადა შესაძლებელი“.
წიგნის ხელახლა გამოცემის აქტუალურობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: პირველი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და გლობალიზაციამ ზეგავლენა იქონია როგორც მარკეტინგის თეორიებზე, ასევე მარკეტინგის პრაქტიკაში განხორციელების გზებზე; მეორე – ლიცენზირებული, ქართულ ენაზე თარგმნილი ფილიპ კოტლერისა და გარი არმსტრონგის მარკეტინგის საფუძვლების გამოცემისთვის დაწერილი ქეისები ქართული კომპანიების შესახებ მოძველდა. ზოგიერთი კომპანია კი საერთოდ აღარ არსებობს ქართულ ბაზარზე, მესამე – დიდია მოთხოვნა ამ წიგნზე.
წიგნი უპირველესად განკუთვნილია საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისათვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ისეთ სპეციალობებზე, როგორებიცაა: ბიზნესადმინისტრირება, ეკონომიკა, საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობები და სხვა. წიგნში განმარტებულია ძირითადი მარკეტინგული კონცეფციების საფუძვლები და მოყვანილია თვალსაჩინო მაგალითები აშშ-ისა და სხვა ქვეყნებში მოქმედი კომპანიების გამოცდილებიდან. აგრეთვე განთავსებულია მაგალითები ქართული კომპანიების ბიზნესსაქმიანობის შესახებ.
მარკეტინგის საფუძვლები საინტერესო და სასარგებლო იქნება მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებული პირებისთვის და მათთვისაც, ვინც აპირებს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას. აგრეთვე, ყველასთვის, ვისაც აინტერესებს მარკეტინგი.










