საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა ახალი პროგრამის ფარგლებში დამატებით 15 სტარტაპის გადამზადება დაიწყო.
სტარტაპებს შორის მოხვდნენ როგორც უცხოური, ისე ქართული კომპანიებიც. ერთ-ერთი ასეთია – KOVZY, პლატფორმა, რომელიც კვების ობიექტებს შესაძლებლობას აძლევს უფასოდ, ერთ დღეში ააწყონ თავიანთი ვებგვერდი და დაიწყონ გაყიდვები, თანაც ისე, რომ არ დაეკისროთ საკომისიოები. ერთი შეხედვით, თითქოს არარეალურად ჟღერს, თუმცა სტარტაპის დამფუძნებლებმა 500 Global-ის ჟიურისთვის ამისი დამტკიცება შეძლეს და ახლა სხვა, შერჩეულ ქართულ და უცხოურ სტარტაპებთან ერთად, აქსელერაციის პროგრამას გადიან, სადაც თავის საქმიანობას კიდევ უფრო გააფართოებენ.
KOVZY-ს გუნდი ამჟამად 8 ადამიანისგან შედგება, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ საიმისოდ, რომ ჩაფიქრებული იდეები დახვეწონ, პლატფორმა განავითარონ და დიდ აუდიტორიაზე გავიდნენ. გუნდის ბირთვს დეველოპერები, მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერები შეადგენენ.
Marketer-ის კითხვებს სტარტაპის თანადამფუძნებელმა, სანდრო დარსაველიძემ უპასუხა:
M: მოგვიყევით თქვენი სტარტაპის შესახებ – როდის დაარსდა, როგორ დაარსდა, რამდენი ხანია არსებობს და რა პროდუქტს/სერვისს ქმნის?
5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ერთ-ერთ საერთაშორისო სწრაფი კვების კომპანიაში. 2016 წელს გვინდოდა, დაგვემზადებინა რესტორნის ვებგვერდი, რომელსაც ელექტრონული კომერციის ფუნქციონალი ექნებოდა. პირობების გასაგებად შევხვდით რამდენიმე დეველოპერულ კომპანიას და აღმოჩნდა, რომ მსგავსი ვებგვერდის დამზადება მოითხოვდა დაახლოებით 25 000 $-ის ინვესტიციას პირველ ეტაპზე, 3-4-თვიან სამუშაო პროცესს, ერთ სპეციალიზებულ თანამშრომელს კომპანიის მხრიდან და შემდეგ ყოველთვიურ გადასახადს ე.წ. ტექნიკურ მხარდაჭერაში. სწორედ მაშინ დავფიქრდი პირველად, რომ არსებობდა პრობლემა – სივრცე, მაგრამ არ არსებობდა ამ პრობლემის ეფექტური გადაწყვეტა.
4 წლის შემდეგ, 2020 წელს, ალექსანდრე ცინცაძესთან ერთად, რომელსაც აქვს ელექტრონული კომერციის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, დავაარსეთ კომპანია KOVZY.
M: რით არის გამორჩეული და ინოვაციური თქვენი პროდუქტი/სერვისი?
Kovzy-ის ინოვაციურობას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები:
დახვეწილი ფუნქციონალი – პლატფორმაზე შექმნილ ვებგვერდზე ავტომატურად დაერთებულია ისეთი მნიშვნელოვანი სერვისები, როგორებიცაა: ონლაინ გადახდები, მიწოდების სერვისები, სოციალური ქსელები და ა.შ.
ვებგვერდის შექმნის სისწრაფე და მოხმარების სიმარტივე – მომხმარებლის მხარდაჭერის გუნდი 1 დღეში ქმნის ვებგვერდს და მისი მართვა შეუძლია ნებისმიერს.
შეკვეთის მიწოდების სერვისის ავტომატიზაცია – კვების ობიექტები ფიქრობენ მხოლოდ კერძის გაყიდვაზე, დანარჩენ ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს Kovzy.
ხელმისაწვდომობა – პლატფორმაზე ვებგვერდის შექმნა უფასოა, უფასო საცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ (რომელიც შეადგენს 30 დღეს) მომხმარებლები იხდიან ყოველთვიურ საკომისიოს, 99 ლარს.
M: რა გამოწვევებთან, პრობლემებთან არის დაკავშირებული ქართულ ბაზარზე სტარტაპად თავის დამკვიდრება?
პირველ პრობლემად გამოვყოფდი ქართული ბაზრის სიმცირეს, არამომგებიან გეოპოლიტიკურ მდებარეობას. ასევე გამოცდილებისა და ექსპერტიზის ნაკლებობას. სტარტაპებს გვიწევს საკუთარი ძალებით გავუმკლავდეთ ყველა კომპლექსურ პრობლემას, რთულია გამოცდილი მენტორების ან/და კონსულტანტების პოვნა. ასევე აღსანიშნია ვენჩორული კაპიტალის ნაკლებობა ქვეყანაში.
რაც შეეხება პირად გამოწვევებს, „კოვზის” შემთხვევაში მთავარი პრობლემა იყო მომხმარებლის ქცევის შეცვლა და დარწმუნება პირდაპირი გაყიდვების აუცილებლობაში, როცა ის პირდაპირ კავშირში რჩება თავის ლოიალურ მომხმარებლებთან, აკონტროლებს მათ განწყობებს და აქვს შესაბამისად რეაგირების შესაძლებლობა.
M: რატომ იღებთ მონაწილეობას 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაში, რა მოლოდინები გაქვთ მისგან?
500 Global არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ინფორმაციული და პრაქტიკული აქსელერაციის პროგრამა. ვფიქრობთ, პროექტის ფარგლებში მიღებული რჩევები და გამოცდილება დაგვეხმარება ჩვენი პლატფორმის ფუნქციონალის გაუმჯობესებასა და გლობალურ ბაზარზე შეღწევაში. ასევე მნიშვნელოვანია მონაწილეობა 500 გლობალში, რადგან ერთგვარი სტატუსია სტარტაპისთვის, რომ მას აქვს პოტენციალი, რაც რადიკალურად ცვლის ჩვენს პოზიციებს ინვესტორებთან და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოების დროს.
M: როგორია თქვენი და გეგმები. როგორ გაქვთ წარმოდგენილი თქვენი სტარტაპის განვითარება?
ჩვენ დღეს უკვე გვაქვს ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული და გატესტილი პროდუქტი ყველა აუცილებელი ფუნქციონალით. უკვე თითქმის ნახევარი წელია KOVZY გეგმავს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ძირითადი აქცენტი კეთდება ამ მიმართულებით და ვფიქრობთ, 500 Global დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. ვფიქრობ, მივიღებთ ღირებულ რჩევებს, საჭირო კონტაქტებს და წვდომას როგორც შესაფერის ინვესტორებთან, ისე სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა ჩვენი მიზანი უფრო იოლად იქნეს მიღწეული.
აღსანიშნავია, რომ 500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდასა და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთსა და ინდოეთში. როგორც TechCrunch, თავის გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, 500Georgia-ს მონაწილე კომპანიების ღირებულება 212%-ით გაიზარდა.