in

KPMG, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ელჩი

რაც უფრო ვუახლოვდებით ციფრულ ტექნოლოგიებს, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება მით უფრო აქტუალური საკითხი ხდება როგორც ბიზნესისთვის, ისე ინდივიდებისთვის. მთავარი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველმა ადამიანმა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი თაღლითური სქემებისგან თუ კიბერშეტევებისგან.

ცნობილი საერთაშორისო ბრენდი KPMG უკვე რვა წელია, რაც აქტიურია ამ მიმართულებით. მისი კორპორაციული მოქალაქეობის პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდებისა და ზრდასრულების ინფორმირებას თემებზე – რა რისკები ახლავს ინტერნეტის მოხმარებას და როგორ უნდა ავირიდოთ მათგან თავი. ეს ინიციატივა საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვესთან არის დაკავშირებული, რომელიც ყოველწლიურად, ოქტომბერში აღინიშნება. ბრენდს გეგმაში აქვს, 2030 წლისთვის გადამზადებული ჰყავდეს ერთი მილიონი სკოლის მოსწავლე მსოფლიო მასშტაბით. ამ დროისთვის კი უკვე 1560-ზე მეტი სკოლა მოიცვა 60-ზე მეტი ქვეყნიდან. 

ინიციატივას წელს პირველად შეუერთდა KPMG საქართველოც, რომელმაც არა მარტო მოსწავლეებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები. კომპანიის ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდმა შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომლითაც მე-6-მე-9 კლასის მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, გასცნობოდნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: ციფრული ძალადობა, იდენტობის დაცვა ციფრულ სივრცეში, უსაფრთხო თამაში და სოციალური მედიის გამოყენება. მშობლებისთვის კი ცალკე შეხვედრები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, მათ გაიგეს, როგორ იზრუნონ შვილების ციფრულ უსაფრთხოებაზე.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ დეტალურად გვესაუბრა პაპუნა ჯაფიაშვილი, KPMG საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების რისკების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

M: პაპუნა, რატომ გადაწყვიტეთ KPMG-ს გლობალურ ინიციატივასთან შეერთება, თქვენი შეფასებით, რა მოცემულობაა კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენს რეგიონში და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

KPMG საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ვიყოთ პასუხისმგებლობიანი კორპორაციული მოქალაქეები. ჩვენ გვჯერა, რომ წვლილი უნდა შევიტანოთ წარმატებული ქვეყნის შექმნაში და მოსახლეობის საერთო ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობაში. ვამაყობთ ჩვენს საზოგადოებაში განხორციელებული ინვესტიციებით და ვმუშაობთ იმაზე, რომ ფინანსური თუ არაფინანსური შემოწირულებების მეშვეობით, შევქმნათ საერთო სარგებელი.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში (*International Telecommunication Union) საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ავსტრიის, კანადასა და ირლანდიის მსგავსი ქვეყნების გვერდით, მოსახლეობის დიდი ნაწილის ინფორმირება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ბევრს, ვინც ახლახან შემოუერთდა ონლაინსამყაროს, სრულად არ ესმის მასთან დაკავშირებული რისკები, ამიტომ ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. 

ქართული კომპანიები ბოლო წლებია მუდმივად ხდებიან „ფიშინგის”, ინტერნეტთაღლითობისა და სხვა კიბერდანაშაულების სამიზნე. ჩვენი გუნდი სპეციალიზებულია IT აუდიტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკონსულტაციო სერვისებში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის ბაზრებზე, MESAC რეგიონში. რეგიონის მასშტაბით, ის ეხმარება კლიენტებს, გააძლიერონ კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და მიდგომები. ორგანიზაციებისადმი დახმარება ასევე გამოიხატება იმაში, რომ დავეხმაროთ ყველა მოქალაქეს, გახდნენ მეტად კიბერწიგნიერები, ეს კი სკოლის ასაკიდანვე უნდა იწყებოდეს, მით უფრო, რომ კიბერბულინგი მოსწავლეებში ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო საკითხია. 

M: რამდენი სკოლა მოიცვა ამ კამპანიამ და რაზე გაკეთდა აქცენტები?

ჩვენ მოვიცავით ორი სკოლა და 150-ზე მეტი მოსწავლე, ასევე, ჩავატარეთ დამატებითი სესია მშობლებისთვის ჩვენს ოფისში. სესიები იყო ინტერაქციული, სადაც აუდიტორიას გავაცანით მნიშვნელოვანი რჩევები და კითხვა-პასუხში აქტიური ჩართულობა სიმბოლური საჩუქრებით წავახალისეთ. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა შეძლეს, აღეწერათ, როგორ დაეცვათ საკუთარი თავი ონლაინ, აეხსნათ, როგორია უსაფრთხო პაროლების პრაქტიკა, თანატოლებისთვის გაეზიარებინათ სოციალურ ქსელში უსაფრთხო ქცევის წესები, ონლაინთამაშებში რისკისგან თავდაცვა, კიბერბულინგის ამოცნობა და მართვა.

ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყო, როდესაც მოსწავლემ გაგვიზიარა, რომ კიბერბულინგის მსხვერპლი იყო და გვითხრა, რომ ჩვენი რჩევების აქამდე ცოდნის შემთხვევაში, ემოციური სტრესისა და სხვა შედეგების თავიდან აცილებას მარტივად შეძლებდა. ეს იყო კიდევ ერთი შეხსენება იმაზე, რომ ონლაინუსაფრთხოებაზე ადრეული განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

M: რა ფუნქცია ჰქონდა საინფორმაციო შეხვედრას მშობლებისთვის, რა თემებზე ჩაუტარდათ მათ ტრენინგი და რა კითხვები ჰქონდა ძირითადად აუდიტორიას?

მშობლებთან სესია მოიცავდა ანალოგიურ თემებს და დამატებით რჩევებს, თუ როგორ შეუძლიათ აკონტროლონ თავიანთი შვილების ონლაინ აქტივობა ისე, რომ ზედმეტად არ დაარღვიონ მათი პირადი სივრცე და თან დაეხმარონ პოტენციური კიბერ საფრთხეების ამოცნობაში. იმის გამო, რომ ბავშვები ხშირად დამოუკიდებლად იყენებენ სმარტფონებს, მშობლებს მივაწოდეთ პრაქტიკული რჩევები მათ დასაცავად. მშობლების კითხვები დაკავშირებული იყო რისკების ამოცნობასთან და შვილების ონლაინ აქტივობის ზედამხედველობასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მშობლების დისკუსიაში ჩართულობა. მათ შეძლეს გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და საყურადღებო ფაქტორები როგორც ინტერნეტის, ასევე სხვადასხვა ჭკვიანი მოწყობილობების გამოყენებაზე. 

M: ჩატარებული შეხვედრებიდან გამომდინარე,  როგორ შეაჯამებდით განხორციელებულ პროექტს, რა თემებზეა მეტი სამუშაო მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან?

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი არის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მზარდი ჩართულობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვისაუბრეთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და პოტენციურ რისკებზე ცნობიერების ასამაღლებლად, მისი მავნე გამოყენების მაგალითებზე, როგორიცაა „დიფფეიკები”.

ჩვენი დაკვირვებით, განსაკუთრებული სამუშოა სოციალური მედიის უსაფრთხო გამოყენების, კიბერბულინგის პრევენცისა და ყალბი შინაარსის ინფორმაციის გაფილტვრის კუთხით. ეს თემები მეტ ყურადღებას საჭიროებს, რადგან მომხმარებლებს ხშირად უჭირთ სოციალურ ქსელში უსაფრთხო ნავიგაცია და მანიპულირებული შინაარსის მასალის ნამდვილი ინფორმაციისგან გარჩევა. ჩვენი პრაქტიკული სავარჯიშოები ციფრული საფრთხეების აღმოსაჩენად, როგორიც იყო ყალბი აპლიკაციების იდენტიფიცირება, ფიშინგის მცდელობების ამოცნობა და თაღლითური ელფოსტის გარჩევა, შედარებით რთული აღმოჩნდა. ზოგიერთ მონაწილეს გაუჭირდა თეორიული ცოდნის გამოყენება რეალურ სცენარებზე, რაც ხაზს უსვამს ამ სფეროში კიდევ მეტი მუშაობის საჭიროებას.

ჩვენს მონაწილეებს მივაწოდეთ მკაფიო რჩევები და პრაქტიკული ნაბიჯები, რაზეც მათგან დადებითი უკუკავშირი მივიღეთ. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, მუდმივი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ცნობიერების დონე შევინარჩუნოთ და მოვერგოთ ახალ საფრთხეებს.

M: კიდევ რა სამომავლო გეგმები აქვს KPMG საქართველოს?

საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში, ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებთან ერთად, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ხდება. ჩვენ გვჯერა, რომ მალე აქცენტი დაისმება კიბერწიგნიერების ინტეგრირებაზე სასკოლო სილაბუსებსა და პროგრამებში. მოსალოდნელია, რომ მომავალში უფრო მეტი პარტნიორობა შედგება საჯარო და კერძო სექტორებს შორის, რათა განვითარდეს კიბერუსაფრთხოების მიმართულება და შეიქმნას საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი რესურსები. KPMG გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ამ წამოწყებაში, საგანმანათლებლო პროგრამების, ვორკშოპების და სტრატეგიული რჩევების შეთავაზებით, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს, შექმნან უსაფრთხო ციფრული გარემო. 

[R]

რა გამოარჩევთ კომპანიებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ნერგავენ

23-27 ნოემბერს თიბისის ყველა განვადება მომგებიანია. მთავარი პრიზი 1000 ლარი!