in

#ჯაზფესტივალამდე – ტრიო ნიდერლანდებიდან Kraak & Smaak

ჯაზფესტივალი ახლოვდება, უცხოელი არტისტები კი სულ მალე ესტუმრებიან ჩვენს ქვეყანას. ხოლო მანამ, სანამ 18 ივლისი მოვა, კარგი იქნება, გადავხედოთ წლევანდელი ჯაზფესტივალის მრავალფეროვან ლაინაფს. მასში საკმაო ყურადღებას იმსახურებს ელექტრო-ფანქ ტრიო ნიდერლანდებიდან – Kraak & Smaak.

Kraak & Smaak – ანუ, როგორც ხრაშუნა და გემრიელი.. აღნიშნული ჯგუფი შემდეგი წევრებისგან შედგება: Oscar de Jong, Mark Kneppers და Wim Plug. თავდაპირველად სამივე დიჯეი იყო, რომლებიც ადგილობრივ ვენიუებზე აცნობდნენ ხალხს თავიანთ შემოქმედებას. სწორედ ამ სფეროში მოღვაწეობამ შეახვედრა ისინი ერთმანეთს. სამივე არტისტი თავიდანვე სავსე იყო სხვადასხვა იდეით, რაც ბოლოს Kraak & Smaak-ის შექმნით დასრულდა. სიმღერების ჩაწერა 2003 წლიდან დაიწყეს. სწორედ ამ წელს ბრიტანულმა ლეიბლმა Jalapeno Records-მა მათი პირველი რელიზი გამოუშვა. ამის შემდეგ კი, მათი მუსიკები ხშირად გადიოდა BBC Radio 1-ის ეთერში. როგორც ჯგუფის წევრები ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავენ, ყველაფერ ამან Kraak & Smaak-ს საკმაოდ დიდი წარმატება მოუტანა.

 

წარმატება ხვდა წილად მათ პირველ ალბომსაც – Boogie Angst, 2007 წელს კი გამოვიდა მათი რელიზი – The Remix Sessions, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა ცნობილი არტისტის სიმღერების რემიქსებს. სწორედ ამ პერიოდში ისინი მსმენელთა ასპარეზზე გამოდიოდნენ როგორც ცალ-ცალკე (დიჯეის როლში), ისე – ჯგუფის სახითაც. ე.ი არ წყვეტდნენ ინდივიდუალურ მოღვაწეობასაც. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2006-2007 წლებში მონაწილეობას იღებდნენ ისეთ ცნობილ ფესტივალებში, როგორებიცაა: Coachella, Bonnaroo, Winter Music Festival, SXSW, Pinkpop, Sziget და სხვა.

როგორც ერთ-ერთი გუნდის წევრი, Wim Plug აღნიშნავს, Kraak & Smaak-ს დიდი პოპულარობა მოუტანა სინგლმა – Squeeze me, რომელიც 2008 წელს გამოშვებულ მეორე ალბომში Plastic People შედიოდა. ამ სიმღერამ გერმანული პოპ ჩარტების სიაში მეექვსე ადგილი დაიკავა:

 

ნელ-ნელა ბენდი ისე განვითარდა, რომ მას აყენებდნენ ისეთი შემსრულებლების გვერდით, როგორებიცაა: Moby, Chemical Brothers, The Prodigy. Kraak & Smaak ერთ-ერთმა ჟურნალმა ასე დაასახელა: “ლაივ ბენდი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოუსმინო!”. ბენდის სიმღერებს იყენებდნენ ისეთ ცნობილ სერიალებში, როგორებიცაა: Grey’s Anatomy, What about Brian?, Men in Trees.

დღემდე ბენდს სულ 6 ალბომი და რემიქსების 4 ნაკრები აქვს გამოშვებული. ბოლო ალბომი 2018 წელს გამოუშვეს, სახელწოდებით Poolside Miami, რომელიც 24 ტრეკს მოიცავს.

 

მთავარი, ალბათ, რითიც შეგვიძლია, რომ ეს ბენდი დავახასიათოთ, არის ჟანრთა მრავალფეროვნება. ისინი არ ერიდებიან ექსპერიმენტებს და პოპიდან დაწყებული დისკოთი ან თუნდაც სოულით დამთავრებული, ცდილობენ ყველაფერს “მოედონ”. და, ლოგიკურია, რომ სხვადასხვა ინტერვიუში მათ მთავარ ღირსებად სწორედ ამ მრავალფეროვნებას ასახელებენ.

ბენდი შავი ზღვის ჯაზფესტივალზე 19 ივლისს წარსდგება. როგორც ამბობენ, ისინი საკმაოდ ენერგიულ გამოსვლას ჰპირდებიან ქართველ მსმენელს.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

საერთაშორისო კონკურსი A’ Design Award & Competition დაიწყო!

რომპეტროლი ქსელს აფართოებს და ორ ახალ სადგურს ხსნის