in

Kraken-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალექსანდრე ქოქოსაძე გახდა

Kraken-ის გუნდს ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ჰყავს. სააგენტოში ტრანსფერამდე ალექსანდრე ქოქოსაძე JWT Metro-ში, მანამდე კი, Redberry-ში, საქართველოს ბანკის შემოქმედებით გუნდში, Windfor’s-სა და Betterfly-ში მუშაობდა. სარეკლამო ინდუსტრიით შვიდი წლის წინ დაინტერესდა და შემოქმედებითი ადამიანის გონებით დაინტერესებულს სურდა მისი საქმიანობაც ამ მიმართულებით წარემართა.

M: Kraken-მდე გრძელი გზა განვლე და არაერთი სააგენტოს გუნდის წევრი იყავი. რა ისწავლე ამ გზაზე სიარულისას?

თავდაპირველად, „ბეთერფლაიში“ ამიყვანეს ქოფირაითერად. მალევე მივხვდი, რომ ეს სამსახური 24-საათიანია. შემოქმედებითი ვერ იქნები 10:00-დან 19:00 საათამდე. ეს პროცესი დროში არ არის განსაზღვრული. იდეას ვერ დააჩქარებ და არ იცი, როდის მოვა ის – შეიძლება მოვიდეს ღამე, როცა სამსახურში არ ხარ და ამიტომ, ნებისმიერ მომენტში მზად უნდა იყო – კარი გაუღო.

ისტორია ყოველთვის დეტალებში იმალება. იდეას, რომელიც შენში ჩაისახა, მატერიალურ სამყაროში ხორცი უნდა შეესხას. მნიშვნელოვანია არ იყო სანახევროდ შემოქმედი. „ვინდფორსში“ ყოფნისას გავიაზრე, რომ საჭიროა მოზაიკის თითოეული ნაწილი თავის ადგილზე დალაგდეს. ამას ძალიან დიდი ყურადღება და რაც მთავარია, ვნება სჭირდება.

მინდოდა ამ ყველაფრისთვის, როგორც ამბობენ „კლიენტის მხრიდან“ შემეხედა. მაშინ საქართველოს ბანკს შიდა კრეატიული სააგენტო ჰქონდა, რომელსაც ნიკა გუჯეჯიანი ხელმძღვანელობდა. ნიკასგან ვისწავლე, რა სჭირდება დამკვეთს ჩვენგან ყველაზე მეტად – ლაღი, ხალასი იდეები, რომლებსაც ადამიანში ღრმა შეგრძნებების გამოწვევა შეუძლია. გარემო, რომელიც სწორედ ასეთი ფიქრისთვის განგაწყობს, „რედბერიში“ დამხვდა. აქ ადამიანური ურთიერთობის ფორმა, ესთეტური თვალსაზრისით, მომაგონებდა „ცისფერყანწელებს“, ქართველი სიმბოლისტი პოეტების ჯგუფს, რომლებსაც ერთმანეთთან უშუალო და გულითადი ურთიერთობა აკავშირებდა. მათ საქმის განსხვავებულად და საინტერესოდ კეთების სურვილი აერთიანებდათ.

JWT Metro-ში გამოვიმუშავე შემოქმედებითი დისციპლინა, რომელსაც ნიცშე ალბათ, ხელოვნების აპოლონურ საწყისს მიაკუთვნებდა. JWT Metro ქართული სარეკლამო ინდუსტრიისთვის იგივეა, რაც „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგისთვის.

M: როგორც კრეატივ დირექტორი, როგორ ხედავ კრაკენის შემოქმედებით განვითარებას?

ახლა ქოფირაითერი აღარ ვარ. ჩემი გამოცდილების, ყოფილი ხელმძღვანელებისა და თანაგუნდელების საუკეთესო ხედვების გაერთიანებას „კრაკენში“ ვცდილობ, სადაც ციცი ბოდოკიასთან ერთად, შემოქმედებითი ხელმძღვანელი ვარ. „კრაკენი“ ახალგაზრდული სულისკვეთებით, შესაბამისად, საოცარი მონდომებითა და ახლებური მიდგომებით გამოირჩევა.
შემოქმედებითი, სხარტად მოაზროვნე ადამიანებისთვის შესაფერის გარემოს ვქმნით და გვჯერა, ეს არის მეთოდი, რომელიც შთამბეჭდავი იდეების განხორციელებაში დაგვეხმარება. დღეს სწორედ ამ ადამიანებს შორის ვგრძნობ იმ ენერგიას, რომლის გამოც ჩვენს ინდუსტრიას შემოქმედებითი დაერქვა.

როგორ გავაიაფოთ და გავამარტივოთ ყურძნის მოსავლის აღება? — „აგროსფეროსა“ და „მეღვინეობა ხარებას“ წარმატებული პარტნიორობა

საინტერესო და უცნაური ფაქტები ავტოინდუსტრიიდან