7
May
2019

კრეატიული ადამიანის მთავარი თვისება – რევაზ კოპალაძის #აზრები

7 May 2019

M2


დღევანდელ ბიზნესში – და არამხოლოდ – ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვაა ინოვაცია“. დამქირავებლები შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანების დაქირავებას ცდილობენ. ქვეყნდება უამრავი ინსპირაციული ვიდეო და წიგნი.

ერთხელ youtube-ზე შემთხვევით წავაწყდი ანდრო დგებუაძის ტრენინგს ამ თემაზე და ძალიან მომეწონა. ადამიანის შემოქმედებით უნარებს ანდრო მუზებს, ზევსის ქალიშვილებს ადარებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რა უბიძგებთ მათ, მოფრინდნენ, მხარზე დაასხდნენ რიგით ადამიანს და მოცარტად, სტივ ჯობსად ან აინშტაინად აქციონ. კიდევ ერთი მეტაფორა, რომელსაც ანდრო იყენებს, არის ჯინი, რომელიც, თუ ბოთლიდან გამოვუშვებთ, ყველა სურვილს აგვისრულებს.

რა იზიდავს მუზებს ან როგორ გავათავისუფლოთ ჯინი? – საკითხავი, აი, ეს არის. ამის შესახებ ვისაუბრეთ სტატიაშიც „რა გვმატებს მოტივაციას ყველაზე მეტად“, თუმცა, ახლა გვაინტერესებს არა იმდენად გარემო, რომელიც ადამიანის შემოქმედებით ძალას ათავისუფლებს, რამდენადაც ამ ძალის ფიზიოლოგიური და ფილოსოფიური ბუნება.

ურთულეს თემას შევეჭიდე და გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩემი ბლოგი სამოყვარულოა და არა პროფესიულ-სამეცნიერო, თუმცა მიმაჩნია, რომ ადამიანის შემოქმედებითი ბუნების შესახებ თუნდაც მიახლოებითი წარმოდგენის ქონა ან მასზე დაფიქრება წარმატების საწინდარია.

მთელი შეგნებული ცხოვრება გერმანული ლიტერატურის მოყვარული ვარ (რუსულიც მიყვარს, განსაკუთრებით – დოსტოევსკი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქართულმა ინტელიგენციამ ის „დასტაევსკიდ“ აქცია, ამ კუთხით ჩემი პრეფერენციების აღიარებას ვერიდები). სიყმაწვილეში ბევრს ვკითხულობდი ჰერმან ჰესეს, თომას მანს და ჰერმან ბროხს. ამას ტრაბახით არ ვამბობ, პირიქით, უხეირო ბავშვი ვიყავი გარანტირებული სამიანით, ამიტომ ყველას უკვირდა, რა მიზიდავდა ამ ურთულეს და სიმბოლოებით სავსე ლიტერატურაში. ახლა, ოცი წლის შემდეგ, როცა ჩემი საყვარელი ყველა გერმანელი მწერალი გადავიკითხე და ბევრი რამ ვერ გავიგე, ვხვდები, რომ ხიბლის წყარო ინტუიცია იყო. ჰარი ჰალერის, ჰანს კასტორპის და მომაკვდავი ვერგილიუსის ისტორიებში იყო რაღაც, რაც აპრიორი (გერმანელის მოფიქრებული სიტყვა!) არსებობდა ჩემს მეხსიერებაში და გონების დაუძაბავად გასაგებს ხდიდა უკიდურესად ჩახლართულ ტექსტებს. გავიდა წლები, ასაკი მომემატა და დადგა ხანი, როცა პროფესია უნდა ამერჩია. ფინანსისტობა გადავწყვიტე, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით – მეტი მათემატიკით, სახის სერიოზული გამომეტყველებით, თავდაჯერებულობით (ეს დღესაც პრობლემაა ჩემთვის) და, რაღა თქმა უნდა, „რაციონალურობით“. და დღეს, რომ მომკლათ, ვეღარ შევძლებ ვერც იმ წიგნების წაკითხვას და ვერც იმ მუსიკის მოსმენას, რომელსაც მაშინ ვუსმენდი.

რა მოხდა? რა შეიცვალა? ამ სტატიის წერა ისე დავიწყე, რომ არც კი ვიცი, როგორ დავამთავრებ, მაგრამ ხერხემლის ტვინით ვგრძნობ: ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეგვაძლებინებს, ოდნავ მაინც შევაღოთ ადამიანის შემოქმედებითობის საიდუმლოსთან მისასვლელი კარი.

ბერძნულ მითოლოგიაში აპოლონი, მზის ღმერთი, მფარველობდა ინტელექტუალურ საქმიანობას, მაგრამ იყო დესპოტი და არ ჰქონდა იუმორის გრძნობა. მისი ხასიათის გასაგებად საკმარისია გავიხსენოთ, როგორ არ მოსწონდათ ის ქალებს. მაგალითად, აპოლონის სექსუალური ხასიათის დევნისგან თავის დასაღწევად ნიმფა დაფნის ხედ გადაიქცა. მიუხედავად ოლიმპოზე მისი „მაღალი თანამდებობისა“, აპოლონი მეორე სამსახურის შეთავსებასაც ახერხებდა და დელფოს სამისნოს მფარველიც იყო, თუმცა წელიწადში მხოლოდ ცხრა თვის განმავლობაში. დანარჩენი სამი თვე დელფოს სამისნოს მფარველობდა მისი ძმა დიონისე – ექსტაზის, სიმთვრალის, ეიფორიისა და ინტუიციური ცოდნის ღმერთი. მის ამალაში შედიოდნენ ნიმფები – მაგარი ნაშები (რომლებიც აპოლონს გაურბოდნენ), სატირები და დარდიმანდი ტიპები. დიონისესი ეშინოდათ და მსხვერპლს სწირავდნენ. იმავდროულად, ის იყო შემოქმედებითი უნარების მფარველიც. მის ძალაუფლებას ემორჩილებოდა შთაგონება, რომელიც შეშლილობას ესაზღვრებოდა. თუ აპოლონი ცივი ლოგიკის ღმერთი იყო, დიონისე შიშსა და ვნებებზე მბრძანებლობდა.

მოგვიანებით, როგორც ყველა ჭეშმარიტმა ქართველმა, წავიკითხე ნიცშეც, ოღონდ ის არა, რაც თქვენ გგონიათ, და აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო ნაწარმოები – „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“, რომელშიც შეშლილი და, შესაბამისად, შთაგონებული ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ ამ ორმა დაპირისპირებულმა მსოფლმხედველობამ – დიონისურმა და აპოლონურმა – შექმნა ბერძნული კულტურა და ალბათ იგულისხმება, რომ მთლიანად ევროპულიც. ეს თემა განსაკუთრებით პოპულარული იყო XX საუკუნის გერმანულ ლიტერატურაში. ჩემი საყვარელი გმირების – ლევერკიუნის, ტრამალის მგლის და აშენბახის – თავგადასავალიც ხომ სწორედ ამ პიროვნული გაორების შედეგია და ემსახურება ერთადერთ მიზანს – დიონისეს და აპოლონის შერიგებას.

არც ბერძნებმა, არც ნიცშემ და არც, მით უმეტეს, მე არაფერი ვიცოდით ადამიანის ტვინის აგებულების და ფუნქციობის შესახებ. ადამიანის ტვინზე ბევრი რამ XX საუკუნეში, ისიც – მეორე ნახევარში გახდა ცნობილი. თუმცა, დღეს არსებული ცოდნის საფუძველზე თამამად შეგვიძლია, აპოლონი და დიონისე ადამიანის ტვინის ნახევარსფეროების ალეგორიებად მივიჩნიოთ, სადაც აპოლონი მარცხენა ნახევარსფეროა, ხოლო დიონისე – მარჯვენა. უფრო უკეთესად რომ გაიგოთ, მუსიკალური მელოდიის აღქმა მარჯვენა ნახევარსფეროს საქმეა, ხოლო ამავე მელოდიის ნოტების გარჩევა – მარცხენასი. გამოდის, რომ რამდენიმე ათასი წლის წინ, ყოველგვარი სპეციალური ცოდნის გარეშე, რომელიც შექმნა ტომოგრაფიამ და ათეულობით ათასმა ექსპერიმენტმა, ბერძნები გრძნობდნენ, რომ „გამჩენი არ ასვენებდათ“ და საკუთარ თავში არსებული კონფლიქტის მოგვარებას ცდილობდნენ, როგორც ჩვენ ვცდილობთ გადავჭრათ დილემა – წავიდეთ სპორტდარბაზში (აპოლონი) თუ მეგობრებთან ერთად კანჭი ვჭამოთ და ლუდი დავლიოთ (დიონისე). მე დიდი ხანია დიონისეს სამწყსოში ვარ, ისევე როგორც ნიცშე. შესაბამისად, ეს ცოდნა ინტუიციურია და აპრიორი დევს ჩვენი ტვინის რომელიღაც ხვეულში. აქვე დავამატებ, რომ ტვინის ნახევარსფეროებს შორის ხიდის ფუნქციას ასრულებს კორპუსის ქეროსიუმი, რომელიც, პრაქტიკულად, წარმოადგენს ნახევარსფეროთა დაპირისპირების ასპარეზს და კამათის დროს დიონისესა და აპოლონს შორის არგუმენტების გაცვლა-გამოცვლის საშუალებას.

ყველა ხერხემლიანს აქვს ტვინი, მაგრამ მხოლოდ ერთმა ცხოველმა (რომელსაც ხანდახან საქონლადაც მოიხსენიებენ) მიაღწია შემოქმედების ისეთ სიმაღლეებს, რომელთა მიღწევაც სხვას არ ხელეწიფება. ადამიანის ტვინის ნახევარსფეროებს შორის ფუნქციების განაწილება იქცა იმ ფუნდამენტად, რომელმაც ადამიანი ადამიანად აქცია და შესძინა უნიკალური უნარი – შემოქმედებითობა. თანამედროვე სოციოლოგიის მამამთავარმა ემილ დურქჰაემმა ადამიანს homo duplex უწოდა, რითაც ხაზი გაუსვა მის გაორებულ ბუნებას და ამ ბუნების მნიშვნელობას.

რომელი ნახევარსფეროა პასუხისმგებელი შემოქმედებითობაზე? ადამიანის უნარი, იფიქროს და გადაჭრას ურთულესი პრობლემები, დამოკიდებულია ორივე ნახევარსფეროს შეთანხმებულ მუშაობაზე და მათი დამაკავშირებელი „კაბელის“ გამართულობაზე, თუმცა არსებობს უამრავი კვლევა, რომლებიც საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ამ უნარს მაინც მარჯვენა ნახევარსფერო განაპირობებს. ამაში უცნაური არაფერია. მარცხენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია მეტყველებაზე, თვლის უნარზე და, შესაბამისად, ექვემდებარება წესებს და შაბლონებს, რაც მაინცდამაინც კარგი ნიადაგი არ უნდა იყოს შემოქმედებითი შთაგონებისთვის. მისი ყველაზე აღმატებული თვისება კრიტიკული აზროვნებაა, დაფუძნებული ლოგიკის უმკაცრესს წესებს. ინფორმაციის გადამუშავება ძალიან სწორხაზოვანია და მკაცრად განსაზღვრული წესების ერთობლიობას ემორჩილება. სწორი პასუხის მისაღებად ამ წესებიდან ყოველგვარი გადახვევა დაუშვებელია. მარჯვენა ნახევარსფერო, მარცხენასგან განსხვავებით, სრულიად თავისუფალია სწორხაზოვნებისა და წესებისგან. ის ერთმანეთთან აკავშირებს ერთი შეხედვით დაუკავშირებელ ელემენტებს და გარდაქმნის მთლიანობად, რაც ძალიან ახლოს არის შემოქმედებით პროცესთან.

პირველად ნეიროქირურგმა ჯოზეფ ბოგენმა შეამჩნია, რომ ეპილეფსიის მკურნალობისას კორპუსის ქეროსიუმის (იმისა, მე რომ კაბელს ვეძახი) გადაჭრის შემდეგ პაციენტები სრულად კარგავდნენ შემოქმედებით უნარს. კავშირის გარეშე დარჩენილი მეტყველებაზე პასუხისმგებელი ტვინის მარცხენა ნახევარსფერო კარგავდა ემოციურ კონოტაციას და ინოვაციურობას, რომელიც მარჯვენა ნახევარსფეროსგან მომდინარეობს. ერთი შეხედვით, პაციენტი ჩვეულებრივად მეტყველებდა, მაგრამ მის მეტყველებას აკლდა მარილი. მარჯვენა ნახევარსფეროს იმპულსების დაკარგვა ადამიანს, ფაქტობრივად, უმარილოდ მოხარშულ ბოსტნეულად აქცევდა, მიუხედავად იმისა, რომ მეტყველების და მათემატიკური უნარები უცვლელი რჩებოდა.

მარცხენა ნახევარსფეროში მდებარეობს ეგო და სუპერეგო. ის მიჯნავს თავს დანარჩენი სამყაროსგან. როცა ის ლაპარაკობს, ყოველთვის ამბობს „მე“-ს. სრულიად საპირისპიროდ იქცევა მარჯვენა ნახევარსფერო, რომელიც განაპირობებს ჩვენი აზროვნების მთლიანობას და გვაკავშირებს გარე სამყაროსთან სულიერების, მისტიკის, შთაბეჭდილებებისა და ინტუიციის რთული ქსელის საშუალებით, რომლებიც საჭიროა რთული გრძნობების ფორმირებისთვის, განსხვავებით მარცხენა ნახევარსფეროსგან, სადაც ყველაფერი დაფაილებული და მოწესრიგებულია. ბუნებრივი გადარჩევის შედეგად მარცხენა ნახევარსფერო გახდა დომინანტი და მენეჯერი. ის კარნახობს მარჯვენა ძმას, როგორ მოიქცეს – „აღარ დალიო“, „სახლში წასვლის დროა“, „არ დაგავიწყდეს, რომ ცოლ-შვილი გყავს“… ადამიანის ზრდის კვალდაკვალ განათლების სისტემა, ოჯახი და საზოგადოება აძლიერებს მარცხენა ნახევარსფეროს უფლებამოსილებას, მაგრამ ასუსტებს მარჯვენა ძმის მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ჩემი აზრით, მუზა, ჯინი და, თუ გნებავთ, ინდუიზმის სულიერ პრაქტიკებში არსებული ვიშუდჰა ჩაკრაც, რომელიც ადამიანის შემოქმედებით უნარს განაპირობებს, იმის დასტურია, რომ ამ მიმართულებით ნებისმიერ ადამიანს აქვს უსაზღვრო შესაძლებლობა, რომლის განვითარებაც მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. სხვათა შორის, ეგზისტენციალისტები ფიქრობდნენ, რომ არ შეიძლება, ადამიანს მხოლოდ მისი ბიოლოგიური სტრუქტურა განსაზღვრავდეს და ეს წინასწარ იყოს დადგენილი. პირიქით, ადამიანი არის ადამიანად გახდომის შესაძლებლობა და ამისთვის მას მთელი ცხოვრება აქვს. „ადამიანი მხოლოდ ისაა, რასაც თავისი თავისგან ქმნის“, – წერს სარტრი. ეგზისტენციალისტები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანად გარდაქმნის გზა არის „ზღვარზე სიარული“, რომელიც აღვივებს ადამიანის მთავარ ატრიბუტს – შემოქმედებითობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი ყოველთვის მოქცეული უნდა იყოს „ცხოვრების ნაკადში“, რაც, ჩემი აზრით, წარმოუდგენელია დიონისეს უფლებების აღდგენის გარეშე. ვინაიდან ჩვენი სოციალურობა თვითონვე უზრუნველყოფს აპოლონის დომინანტურ მდგომარეობას, მის ძმას გაძლიერებაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ – საბოლოო ჯამში ხომ მთელი ცხოვრება მათი მორიგება, მათ შორის ჰარმონიის მიღწევაა, სადაც „მე“-საც თავისი ადგილი ექნება და „ჩვენ“-ც არ დაგვავიწყდება.

ჩემი სიყმაწვილის საყვარელი პერსონაჟიც – ტრამალის მგელი – ხომ ამ მიზნის მისაღწევად იღვწოდა. ჰარი ჰალერს ტყავის ჩემოდანზე უამრავი ქვეყნის სამოგზაურო კომპანიების იარლიყი და სასტუმროს ნიშანი ეკრა. აღმზრდელებსა თუ მასწავლებლებს არაერთხელ უცდიათ მისი ნებისყოფის, მისი პიროვნების დათრგუნვა. ვერ მოახერხეს, მაგრამ თავი კი შეაძულეს. მეგობარი ქალი ჰერმინე ცდილობს, ცხოვრებაზე გულაცრუებულ ჰარის სიცოცხლის ხალისი დაუბრუნოს: ასწავლის ცეკვას – „როგორ იტყვი, რომ ცხოვრებაში რაიმე ძალისხმევა გამოიჩინე, თუ ცეკვაც კი არ გინდა სცადო“; გააცნობს საქსოფონისტ პაბლოს, რომელიც სრულიად საპირისპირო სამყაროს ეკუთვნის და სულ სხვანაირი გემოვნება აქვს, ვიდრე თავად ავტორს, მაგრამ ჰალერი ერთგვარი შურით ამბობს: „მე რომ დაკვრა მცოდნოდა, ან საქსოფონის წრიპინი ჯაზში, ამქვეყნად უცხო არ ვიქნებოდი“.

საინტერესოა ჰესეს აზრი იუმორზე. ამ ორბუნებოვნებაში ხეტიალისას ის აღმოაჩენს, რომ ადამიანს იუმორის სახით საუკეთესო რამ გამოუგონია: „იუმორი უბედური, მაგრამ მაღალნიჭიერი ადამიანების გამოგონებაა. მხოლოდ მას ძალუძს ქმნა შეუძლებლისა; იგი თავს უყრის და თავისი სხივებით აცისკროვნებს ადამიანური ბუნების ყველა კუთხე-კუნჭულს… და თუ ტრამალის მგელი მოახერხებს, საკუთარი სულის ჯოჯოხეთიდან გამოწრიტოს ეს ჯადოსნური სასმელი, ხსნის გზაც ეს იქნება მისთვის“.

ამ ნაწარმოებში ბევრი სიმბოლო და ალეგორიაა. შესაძლოა, „ცეკვის სწავლა“ არ გულისხმობდეს პირდაპირი მნიშვნელობით ცეკვის სწავლას და სინამდვილეში არც ჯაზმენობა ნდომებოდა ჰესეს, მაგრამ „მოდი, დავიწყოთ ბოდიშით“ კი არა, არამედ ცეკვით, მოგზაურობით, იმპროვიზაციული მუსიკის მოსმენით, მხატვრული ლიტერატურის კითხვით, რაც დაგვაახლოებს დიონისესთან და აპოლონს ეჭვიანობის საფუძველს მისცემს. აქვე პირადი გამოცდილების საფუძველზე დავძენ, რომ ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს ძალიან ეშინია სპირტიანი სასმელების.

და ბოლოს, შემოქმედებითი ადამიანის მთავარი თვისება თანაგრძნობის უნარია. არ არსებობს გამოგონება ემპათიის გარეშე. ემპათია საკუთარი თავის სხვის ადგილას წარმოდგენის, თანაგრძნობის უნარია, სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობის ამოცნობის უნარი. ადამიანთან ურთიერთობის ემპათიური ფორმისთვის რელევანტურია „შენ“ და არა „მე“. რაღაცას ქმნიან და იგონებენ ვიღაცისთვის, ყოველ გამოგონებას სხვა ადამიანების ცხოვრების ხარისხის ამაღლების სურვილი უდევს საფუძვლად. მხოლოდ „მე“-ზე კონცენტრირებული ადამიანი ღირებულს ვერაფერს შექმნის.

P.S. ჰერმან ჰესე მწერალია, რომელსაც გერმანულენოვან ავტორთაგან დღემდე ყველაზე ხშირად კითხულობენ და თარგმნიან. „ტრამალის მგლის“ სახელობის როკჯგუფიც კი არსებობს – „Steppenwolf“, სახელოვანი ჰიტის „Born to be wild-ის“ ავტორი. დარწმუნებული ვარ, ამ სიმღერის მოსმენისას ტომოგრაფი აჩვენებს ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს ციმციმს.

განხილვა