in

თუ თქვენს კრეატიულ იდეებს იპარავენ, ეს სტატია წაიკითხეთ

თქვენს იდეებს იპარავენ? მარტო არ ხართ. შემოქმედებით ინდუსტრიაში ეს, სამწუხაროდ, ხშირად ხდება. ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ მსგავს შემთხვევებს.

BOG
BOG

პირველ რიგში, უკვე გამოცდილი და მრავალგზის „დაკოპირებული” კრეატორები გვირჩევენ, მოვთოკოთ ბრაზი და არ ჩავებათ მათთან ბრძოლაში. მეტიც, მივიღოთ ეს როგორც მოტივაცია, რადგან ჩვენი ნამუშევარი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ვიღაცისთვის, რომ მისი მსგავსის გაკეთება გადაწყვიტა. 

შექმენით ახალი

დიზაინერები ჰყვებიან, რომ მათაც ხშირად გამოუცდიათ ასეთი სიტუაცია და საუკეთესო გზა ახლის შექმნაა. ჩადეთ თქვენი ენერგია ახალ პროექტში და არა მიმბაძველის დევნაში. პირიქით, შექმენით ისეთი რამ, რისი დაკოპირების სურვილიც ისევ გაუჩნდებათ. სანამ სხვები თქვენი ძველი ნამუშევრის რეპროდუცირებაში არიან ჩარჩენილები, თქვენ უკვე სამი ნაბიჯით წინ იქნებით და ახალ იდეებს შეიმუშავებთ, რომლებიც მათ ჯერ არც კი უნახავთ. ეს არის მიდგომა, რომელიც გამოგიყვანთ მსხვერპლის როლიდან და პიონერად გაქცევთ.

დაუპირისპირეთ სიმშვიდე სიბრაზეს

თუ პირდაპირი ასლი არ არის, სამართლებრივად შეიძლება ვერაფერს გახდეთ და ტყუილად დაიღლებით, ამიტომ ყველაფერს ჯობია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ამბობენ, რომ ხშირად არ ჩანს ზღვარი, ქურდობასა და ინსპირაციას შორის. მაგალითად, თვით ცნობილმა ბენდმა, Sex Pistols-მა აღიარა, რომ მათი სიმღერა Pretty Vacant ABBA-ს SOS-ის გიტარის რიფს იმეორებს, თუმცა პირდაპირი კოპირება არ არის და ბევრი ამას ვერც კი ამჩნევს. 

პრაქტიკული ნაბიჯები

რა თქმა უნდა, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს ნაბიჯები, რომლებიც თავიდანვე უნდა გადადგათ. მაგალითად, ნახეთ თქვენი ორიგინალური ნამუშევრის და მისი შექმნის დროის ჩანაწერები, სქრინშოტები, პროექტის ფაილები და ყველაფერი, რითაც მარტივად დაამტკიცებთ, რომ პროექტში თქვენ იყავით პირველი.

შეაფასეთ ზიანი

შეეცადეთ გაარკვიოთ, რეალურად გიწევთ თუ არა კონკურენციას ეს ადამიანი, თუ სრულიად სხვა ბაზარზე ახდენს კოპირებას. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ეს სწორია, მაგრამ გავლენას მოახდენს თქვენს რეაქციაზე. მაგალითად, სტუდენტი, რომელიც პრაქტიკისთვის თქვენს სტილს კოპირებს, განსხვავდება კონკურენტისგან, რომელიც თქვენი კლიენტის ნამუშევარს იპარავს და ყველაზე მაღალ ფასად ყიდის.

იცოდეთ თქვენი სამართლებრივი შესაძლებლობები

მიუხედავად იმისა, რომ იდეები თავისთავად არ შეიძლება იყოს საავტორო უფლებებით დაცული, უკვე შესრულებული იდეების დაპატენტება თავისუფლად შეგიძლიათ. ასე რომ, თუ ვინმემ მოიპარა თქვენი დიზაინი, ტექსტი, ფოტო ან მუსიკა და არა მხოლოდ კონცეფცია, შეიძლება ღირდეს სამართლებრივი დავის განხილვა.

შექმენით და დაიცავით თქვენი ბრენდის იდენტობა

გახადეთ თქვენი უნიკალური ხმა, ისტორია და ღირებულებები იმდენად ამოსაცნობი, რომ მაშინაც კი, თუ ვინმე დააკოპირებს თქვენს ნამუშევარს, აშკარა იყოს, ვინ არის ნამდვილი შემოქმედი. შესაძლებლობის შემთხვევაში, დაიცავით თქვენი ნამუშევრები კანონიერად (საავტორო უფლებები, სავაჭრო ნიშნები, კონტრაქტები).

გრძელვადიანი ხედვა

კოპირება შემოქმედებითი ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია. საერთო ჯამში, სიტუაციის საფუძვლიანად დოკუმენტირება და ემოციური მდგრადობის განვითარება საუკეთესო გამოსავალია. შეძლებისდაგვარად უნდა დაიცვათ თქვენი ნამუშევარი, მაგრამ თან გახსოვდეთ, რომ პლაგიატი თქვენი ქება-დიდების ყველაზე გულწრფელი ფორმაა, ხოლო ინოვაცია საბოლოო გამარჯვება.

დემნა გვასალიამ Gucci-ის ახალი კოლექცია სიურრეალიტური ფილმით წარადგინა

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციების დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა