კრეატიულ ინდუსტრიებში AI-ს შესახებ დისკუსია ბოლო ერთ წელში მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე მთავარი განწყობა შიში და წინააღმდეგობა იყო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ AI სხვის ნამუშევრებზე სწავლობს და საფრთხეს უქმნის შემოქმედებით პროფესიებს, ახლა სიტუაცია უფრო რთული და მრავალფეროვანია. შფოთვა ისევ არსებობს, მაგრამ მას დაემატა იმის გააზრებაც, რომ AI უკვე ყოველდღიური კრეატიული პროცესის ნაწილად იქცა და მისი იგნორირება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
OFFF Barcelona-ს წლევანდელ ფესტივალზე ეს ცვლილება განსაკუთრებით იგრძნობოდა. დისკუსიების მთავარი თემა ის კი აღარ იყო, მოვიდოდა თუ არა AI, არამედ – როგორ უნდა მოერგოს ინდუსტრია უკვე არსებულ რეალობას.
კრეატიულების ნაწილი კვლავ კატეგორიულად ეწინააღმდეგება გენერაციულ AI-ს. მთავარი მიზეზებია:
- AI-სისტემების სწავლება ავტორების ნამუშევრებზე მათი თანხმობის გარეშე;
- ეკოლოგიური ზიანი;
- სამუშაო ადგილებისა და პროფესიული უნარების დაკარგვის საფრთხე;
- ტექნოლოგიური კომპანიების გავლენის ზრდა და შემოსავლის კონცენტრაცია მცირე ჯგუფის ხელში.
ზოგი მიიჩნევს, რომ პრობლემა ინდივიდუალური წინააღმდეგობის ფარგლებს გასცდა და ახლა უკვე პოლიტიკისა და რეგულაციების საკითხია. მათი აზრით, თუ პროცესი უკონტროლოდ გაგრძელდება, ტექნოლოგიური კომპანიები კრეატიული ინდუსტრიების ეკონომიკურ სარგებელს მთლიანად საკუთარ ხელში მოაქცევენ.
მიუხედავად ამისა, ბევრმა პროფესიონალმა AI პრაქტიკულადაც გამოცადა. რამდენიმე დიზაინერმა აღნიშნა, რომ გენერაციული AI ამ ეტაპზე ჯერ არ არის მზად მაღალი ხარისხის კომერციული სამუშაოებისთვის. პრობლემებად სახელდება:
- ხშირი შეცდომები;
- არაზუსტი შედეგები;
- დიდი დრო რენდერის დამუშავებაზე;
- დამატებით, ხელით შესწორებების აუცილებლობა;
- მაღალი ფინანსური ხარჯები.
ამასთან, ბევრი პროფესიონალი განასხვავებს კლასიკურ AI-ფუნქციებსა და თანამედროვე გენერაციულ AI-ს. მაგალითად, Photoshop-ის ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა Content-Aware Fill, Neural Filters ან ავტომატური ობიექტების მონიშვნა, კრეატიულებისთვის სასარგებლო და უკვე დამკვიდრებულ ტექნოლოგიებად ითვლება.
Adobe-ს მიმართ კრიტიკაც ხშირად ისმოდა. დიზაინერების ნაწილი ფიქრობს, რომ კომპანია ზედმეტად აგრესიულად ცდილობს AI-ის ინტეგრაციას ყველა პროდუქტში, რაც კრეატიულ საზოგადოებაში წინააღმდეგობას აძლიერებს.
ბევრი კრეატიული პროფესიონალი დარწმუნებულია, რომ AI ვერ ჩაანაცვლებს ადამიანის ნამდვილ შემოქმედებით ხედვას. მათი აზრით, გენერაციული AI ძირითადად უკვე არსებული ვიზუალური სტილისა და იდეების გამეორებით მუშაობს და ვერ ქმნის უნიკალურ ნამუშევარს. არსებობს მოლოდინი, რომ მომავალში ხელით და ადამიანურად შექმნილი დიზაინი უფრო მეტად დაფასდება.
თუმცა პოზიტიური გამოცდილებაც არსებობს. ზოგი დიზაინერი AI-ს იყენებს რუტინული და ტექნიკური ამოცანების შესასრულებლად, რაც საშუალებას აძლევს, მეტი დრო დაუთმოს იდეებსა და კრეატიულ ნაწილს. ამ მიდგომაში AI აღიქმება არა როგორც შემცვლელი, არამედ როგორც დამხმარე ინსტრუმენტი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც პროფესიონალები აღნიშნავენ, ტექნოლოგიების სწრაფი ცვლილებაა. AI-ინსტრუმენტები მუდმივად იცვლება, ჩნდება ახალი აპლიკაციები, რაც სპეციალისტებისთვის სწავლასა და ადაპტაციას უფრო რთულსა და ძვირს ხდის.
იკვეთება უფრო ფართო სოციალური შიშებიც: დეზინფორმაცია, ყალბი ვიდეოები, არასრულწლოვნების გამოსახულებების ბოროტად გამოყენება და ტექნოლოგიის უკონტროლო გავრცელება.
ბევრი მონაწილე ხაზს უსვამს, რომ ხშირად AI-სა და ავტომატიზაციას ერთმანეთში ურევენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი განსხვავებული ცნებაა. მათი აზრით, პრობლემა თავად ტექნოლოგიაში კი არა, მის გამოყენებაში, რეგულაციაში და კონტროლის მექანიზმებშია.
საბოლოოდ, პროფესიონალები ერთმნიშვნელოვან დასკვნას მაინც ვერ აკეთებენ. უფრო ჩანს კრეატიული საზოგადოების მცდელობა, გაარკვიოს როგორ იცხოვროს და იმუშაოს ტექნოლოგიასთან ერთად, რომელიც ძალიან სწრაფად განვითარდა და რომლის მიმართაც ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.













