in

რა გამოწვევების წინაშეა კრეატიული ინდუსტრია და როგორ დავძლიოთ ისინი

შემოქმედებითი ინდუსტრია ერთი შეხედვით ყველაზე „ფერადია”, თუმცა, ვისაც შიდა სამზარეულოში არ შეუხედავს, არ იცის, რამდენ კრიტიკულ ეტაპს გადის ის. გადასახადების ზრდა, არასტაბილური დამკვეთები, მოკლე ვადებისგან გამოწვეული სტრესი, მაღალი კონკურენცია თუ დაბალი ნდობა ბიზნესის მხრიდან – მცირე სიაა იმ მიზეზებისა, რაც ამ სფეროს ერთ-ერთ ყველაზე რთულად აქცევს.

ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ბოლო ორ წელიწადში, როცა ხელოვნურმა ინტელექტმა ფეხი შემოდგა ამ ინდუსტრიაში და საკმაოდ შემაშფოთებელი რეაქციები გამოიწვია. კომპანიები სულ უფრო ხშირად იყენებენ მას და თითქმის საერთოდ აღარ მიმართავენ კრეატიულ სააგენტოებს, რაც აქ იწვევს კადრების შემცირებას, პროექტების შეფერხებასა და, შესაბამისად, ნაკლებ შემოსავალს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიტუაცია არა მხოლოდ სააგენტოებზე, არამედ ფრილანსერ კრეატორებზეც აისახა.

პროფილის გაფართოება

ამ უპრეცედენტო გამოწვევების საპასუხოდ, შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალები ახალ მიდგომებს განიხილავენ. თუკი ადრე, პირობითად, ილუსტრატორისთვის საკმარისი იყო ლოგოს შეკვეთებით ეცხოვრა, ახლა ისინი ცდილობენ, გააფართოონ თავიანთი საქმიანობის არეალი და სხვადასხვა სერვისი შესთავაზონ დამკვეთს, მათ შორის ისეთიც, ხელოვნური ინტელექტი ჯერ რომ ვერ ჩაანაცვლებს, მაგალითად, კედლის მხატვრობა.

კლიენტების ძიება საზღვარგარეთ

თუკი ადრე ლოკალური ბაზრები სრულად საკმარისი შეიძლება ყოფილიყო კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანისთვის, ახლა ტენდენცია იცვლება და ისინი ცდილობენ, უცხოელ კლიენტებზეც გავიდნენ, რადგან ასე უფრო იზრდება შანსი, რომ ავთენტური პროექტები მოიძიონ. ახლა, როცა დისტანციური მუშაობა აღარავის უკვირს, ბევრი უცხოური კომპანიისთვის შესაძლოა საინტერესო იყოს სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ხედვა და მასთან თანამშრომლობა. სოციალური მედია და ინტერნეტი ნიშნავს, რომ დღეს ყველას შეუძლია იყოს თქვენი კლიენტი.

იყავით ახლოს კომუნასთან

21-ე საუკუნის კრეატიული სამყარო ხვდება, რომ კოლეგებთან მტრულ დამოკიდებულებას მეგობრობა სჯობს. თუ ამ სფეროში მუშაობთ და სამომავლოდაც აქ აპირებთ დარჩენას, არ გირჩევთ ვინმესთან კონფლიქტს, იყავით ახლოს კომუნასთან, რადგან დიდი შანსია, ქოფირაითერმა იშოვოს დამკვეთი, რომელსაც დიზაინერიც სჭირდება და თუ მის მიმართ კარგად იყავით განწყობილი, პირველს სწორედ თქვენ მოგწეროთ.

იმეგობრეთ ხელოვნურ ინტელექტთან

ადამიანების გარდა კომპიუტერულ პროგრამებთან მეგობრობაც უნდა გირჩიოთ. ის კრეატორები, რომლებმაც უკვე კარგად გაითავისეს ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები და აქტიურად იყენებენ მათ, ბევრად სახარბიელო მდგომარეობაში არიან, ვიდრე ისინი, ვინც ჯერ არ ჩქარობს ამ ხელსაწყოების შესწავლას და ისევ ძველი მეთოდებისა და მხოლოდ საკუთარი რესურსების იმედზეა. 

ხელოვნური ინტელექტი გეხმარებათ, უფრო სწრაფად იმუშაოთ და იმიჯიც მოირგოთ, რომ ფეხს უწყობთ თანამედროვე ტექნოლოგიებს. 

მეტი აქცენტი ადამიანურობასა და ავთენტურობაზე

რაც უფრო მეტი ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კონტენტი ავსებს ბაზარს, მით უფრო იზრდება მოთხოვნა ავთენტურსა და ადამიანურზე. ეს კრეატიული ინდუსტრიისთვის ნამდვილად დამაიმედებელი დაკვირვებაა. 

აქედან გამომდინარე, ბევრი პროფესიონალი ეძებს გზებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები სტრატეგიულად დააინტეგრიროს თავის საქმეში და, ამავდროულად, შემოქმედებითი მთლიანობა შეინარჩუნოს.

არ აჰყვეთ პანიკას

მართალია, შემოქმედებითი ინდუსტრია რთულ პერიოდს გადის, მაგრამ პანიკა მაინც არ არის საჭირო. ხშირად, ნერვიულობის გამო, რომ არ იქნება დამატებითი პროექტები, ფრილანსერი კრეატორები დაბალბიუჯეტიან საქმეს თანხმდებიან ან არც ისე საინტერესო პროექტს დათანხმდნენ – ეს უკვე პანიკის გამოვლინებაა. 

მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლების წინაშე არსებული გამოწვევები მნიშვნელოვანია, ისინი გადაულახავი არ არის. სტრატეგიული ადაპტაციის, საზოგადოების მხარდაჭერისა და ადამიანურ შემოქმედებითობაზე ფოკუსირების გზით, პროფესიონალები ამ ქარიშხალსაც ისევე გავუმკლავდებით, როგორც ბევრ სხვას.

თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა

მალე Facebook-ზე ყველა ვიდეო Reels-ად აიტვირთება