in ,

როგორი იქნება კრეატიული ინდუსტრიის მომავალი Cannes Lions 2026-ის მიხედვით

Cannes Lions International Festival of Creativity ყოველწლიურად კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან წარმომადგენლებს აერთიანებს. წლევანდელმა ფესტივალმაც არაერთი ახალი ტენდენცია წარმოაჩინა, თითქმის ყველა საერთო მიმართულებაზე მიუთითებდა – ინდუსტრია თანდათან ნაკლებად კონცენტრირდება მასშტაბზე და სულ უფრო მეტად აფასებს ნდობას, ადამიანურ კავშირებსა და ხარისხიან ურთიერთობებს.

აუდიტორიაზე მნიშვნელოვანი საზოგადოება ხდება

თუ ბოლო ათწლეული ფართო აუდიტორიის მოზიდვას ეკუთვნოდა, მომდევნო წლებში მთავარი ყურადღება თემობრივ საზოგადოებებს (communities) დაეთმობა.

ფესტივალზე კონტენტის შემქმნელები თითქმის ყველგან იყვნენ, ისინი მხოლოდ ბრენდების კამპანიების გამავრცელებლები აღარ არიან. სულ უფრო ხშირად სწორედ ისინი მონაწილეობენ სარედაქციო დღის წესრიგის ფორმირებაში, ინტერვიუებს უძღვებიან და საკუთარი მედიაპლატფორმების განვითარებაზე მუშაობენ.

სპიკერების შეფასებით, წარმატების მთავარი საზომი მომავალში მხოლოდ ნახვები ან ჩართულობა აღარ იქნება. გაცილებით მნიშვნელოვანი გახდება ნდობა და ის ურთიერთობა, რომელსაც შემქმნელები საკუთარ აუდიტორიასთან წლების განმავლობაში აყალიბებენ.

გავლენა დროებითი აღარაა

ფესტივალზე ხშირად ისმოდა აზრი, რომ ბრენდები გავლენას ერთჯერადი კამპანიებით ვერ ყიდულობენ. კონტენტის შემქმნელები, რეალურად, არა თავად კონტენტს, არამედ იმ ურთიერთობას ქმნიან, რომელიც მათსა და აუდიტორიას შორის არსებობს. სწორედ ამიტომ, საზოგადოებები თანდათან მედიის ახალ ფორმად ყალიბდება.

ანალოგური გამოცდილების დაბრუნება

მიუხედავად იმისა, რომ AI ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, ბევრი ბრენდი ყურადღებას ადამიანურ გამოცდილებაზე ამახვილებდა.

Pinterest სტუმრებს ციფრული კონტენტის ნაცვლად პერსონალური დღიურების შექმნას სთავაზობდა, Polaroid კი ანალოგურ ფოტოგრაფიას ტექნოლოგიური ეპოქის ერთგვარ „წინააღმდეგობად“ მოიხსენიებდა. Pantone-ის წარმომადგენლები კი საუბრობდნენ ტექნოლოგიურ პროგრესსა და ადამიანურ გამოცდილებას შორის ბალანსის აღდგენის აუცილებლობაზე.

ექსპერტების შეფასებით, ხელით მუშაობა, შემოქმედებითი პროცესი და რეალური გამოცდილება მომავალში კიდევ უფრო მეტად დაფასდება.

დიდი ფესტივალი – პატარა საზოგადოებები

Cannes Lions ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, ამ მასშტაბის პარალელურად, მონაწილეები სულ უფრო მეტად ეძებენ მცირე, თემურ შეხვედრებს. წლევანდელ პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი სპორტულ აქტივობებს, დილის სასეირნო ჯგუფებსა და საერთო ინტერესების გარშემო შექმნილ პროფესიულ გაერთიანებებს დაეთმო.

ფესტივალმა ასევე მეტი ყურადღება დაუთმო ოჯახებსაც, მაგალითად, The Female Quotient-მა სპეციალური საბავშვო სივრცე შექმნა, რათა მშობლებს კარიერისა და ოჯახის შეთავსება გაუადვილდეთ.

AI-ს ეპოქაში მთავარი უპირატესობა გემოვნება იქნება

თუ 2025 წელს Cannes Lions-ზე მთავარი კითხვა იყო, ჩაანაცვლებდა თუ არა AI ადამიანურ კრეატიულობას, წელს დისკუსია უკვე სხვა მიმართულებით წარიმართა.

ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ როდესაც ერთი და იმავე AI-ინსტრუმენტებზე ყველას ექნება წვდომა, მთავარი კონკურენტული უპირატესობა ადამიანის გემოვნება, შეფასების უნარი, კულტურული კონტექსტის გააზრება და შემოქმედებითი ხედვა გახდება. მომავალ წლებში გაიზრდება ინტერესი ხელნაკეთი, უნიკალური და ავტორისეულ მიდგომებზე დაფუძნებული ნამუშევრების მიმართ.

რას უნდა ველოდოთ?

საერთო შეფასებით, თუ ბოლო წლების მთავარი თემები სპორტი, კონტენტის შემქმნელები და ხელოვნური ინტელექტი იყო, მომდევნო წლებში სულ უფრო ხშირად გაიჟღერებს ისეთი ცნებები, როგორიცაა საზოგადოებები, ნიშური ინტერესები, ოფლაინგამოცდილება და ავთენტური შემოქმედება.

ტექნოლოგიების განვითარება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, თუმცა სწორედ ამ ფონზე კიდევ უფრო გაიზრდება იმ ადამიანური თვისებების მნიშვნელობა, რომელთა ჩანაცვლებაც AI-ს არ შეუძლია: გემოვნება, ინტუიცია, ემპათია, კულტურული ხედვა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები.

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

როგორ დავაბალანსოთ ტექნოლოგიები და ადამიანური კაპიტალი