არც თუ ისე დიდი ხნის წინ კიევის კრეატიული სააგენტოს, Bickerstaff-ის შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი, მარინა ჩერნიავსკაია თავს იმედგაცრუებულად გრძნობდა თავისი ახალი საქმით.
„ვგრძნობდი დაღლილობას და უფროსს ვთხოვე, შემოქმედებითი შესვენება მოეცა. ვფიქრობდი, თუ რას ვაკეთებ გარდა იმისა, რომ შეიძლება გამოვიგონო ხუმრობა იოგურტზე ან რაიმე მსგავსი? ეს ნამდვილად არ არის ის, რაც მინდა და რაც სჭირდება მსოფლიოს. როდესაც მივიღე ბრიფი კამპანიისთვის „რუსი დედები”, მივხვდი, რომ ეს მჭირდებოდა”, – იხსენებს მარინა.
კამპანია, რომელზეც ჩერნიავსკაია საუბრობს, ეხება ინფორმაციის გაზიარებას რუსი და ბელორუსი ოჯახებისთვის, რომელთა ნათესავებიც ომის დროს დაიღუპნენ ან ტყვედ ჩავარდნენ უკრაინაში.
Bickerstaff-მა შექმნა ვიდეო რუსი ჯარისკაცის ხმით, რომელიც მიმართავს დედას, თან ახლავს შენობებზე დარტყმული რაკეტების ფოტოები და დატყვევებული ჯარისკაცების კადრები. ის გაეგზავნა რუსეთის ჯარისკაცთა დედათა კომიტეტების კავშირს და როგორც სააგენტო ამბობს, ის დაახლოებით 500-ათასჯერ ნახეს.
ჩერნიავსკაია ამჟამად ამსტერდამიდან მუშაობს, სადაც ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გაფრინდა. მისი ოჯახი კი კვლავ უკრაინაში რჩება.
სააგენტო ამ კამპანიის გარდა კიდევ რამდენიმე პროექტზე მუშაობს უკრაინის მთავრობასთან ერთად, მათ შორისაა ჰუმანიტარული დახმარებები და ძაღლთა თავშესაფრისათვის ფულის შეგროვების მცდელობა.
Bickerstaff-ის 17-კაციანი გუნდის ნახევარი რჩება კიევში ან მის მიმდებარე გარეუბანში. სააგენტოს უფროსი დიზაინერი, ბოლო დრომდე ცხოვრობდა ქალაქ ბუჩაში, იძულებული იყო თითქმის 14 დღის განმავლობაში შეეფარებინა თავი სარდაფში, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე და ძალიან ცოტა საკვები და წყალი ჰქონდა. მას შემდეგ მან მოახერხა კიევში გადასვლა და ცდილობს, გადასახლდეს დასავლეთ უკრაინაში, რომელიც ჩერნიავსკაიას თქმით, ამჟამად ყველაზე უსაფრთხო ადგილია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დაბომბვა მიმდინარეობს.
„ომის მეორე ან მესამე დღეს, როდესაც ყველა ჩვენგანმა მიიღო ის ფაქტი, რომ ყველაფერი შეიცვალა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ამ მომენტში, არის ჩვენი შესაძლებლობების გამოყენება. ის, რაზეც ახლა ვმუშაობთ, არაკომერციული პროექტებია, მაგრამ პარალელურად ვეძებთ კომერციულ პროექტებს უკრაინის ფარგლებს გარეთ”, – ამბობს ჩერნიავსკაია.
სააგენტოში იმედოვნებენ, რომ მათი კამპანიები დაარწმუნებენ ან კითხვის ნიშნებს მაინც გაუჩენენ რუსებს, რომ არ დაიჯერონ, რასაც ეუბნება მათი მთავრობა. Bickerstaff-ს ჯერ კიდევ აქვს რწმენა, რომ კრეატიულობას აქვს პოტენციალი, მოახდინოს ასეთი ცვლილებები.