ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მარკეტინგული სააგენტოების მიდგომებმა ნიჭიერების, კრეატიულობისა და გუნდის ფორმირებისადმი გარკვეული რევოლუცია განიცადა. გამოცდილი და წამყვანი კრეატიული სააგენტოები გვირჩევენ, რომ ამ სფეროში თავიდანვე კარგად ვიფიქროთ და დავგეგმოთ, როგორი უნდა იყოს გუნდი, ვისგან უნდა შედგებოდეს.
ტრადიციული, კლასიკური მოდელია არტ დირექტორისა და კოპირაიტერის წყვილი. კლიენტიდან კლიენტამდე ეს წყვილი ერთად მუშაობს და მნიშვნელოვანია, ეს დამწყებ სააგენტოებსაც კარგად ჰქონდეთ გააზრებული.
ზოგადად, გუნდის ფორმირება, როლების სწორად განაწილება და პროექტების მიხედვით შერჩევა, არაა მარტივი საქმე. სააგენტოების უმეტესობა მსოფლიო მასშტაბით ე.წ. „ვერტიკალურ“ მოდელს მიჰყვება, რომელსაც უფრო ჩაკეტილი დისციპლინები აქვთ მარკეტინგის და სტრატეგიების კუთხით.
გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რა როლსაც არ უნდა ასრულებდეს ესა თუ ის წევრი, ყველა საერთო მიზანს ემსახურებოდეს. მაგალითისთვის მოვიყვანოთ Facebook და განვიხილოთ ის, როგორც პროდუქტი, მასზე იმუშავებდა: front-end დეველოპერი, back-end developer, UX დიზაინერი და კრეატიული მიმართულების გუნდი. საერთო მიზანი ფეისბუკის შექმნა იქნებოდა და ყველა თავისი როლის მიხედვით შეასრულებდა სამუშაოს. რეალურად, ალბათ ასეც იყო.
დღესდღეობით თუკი რაიმე პრობლემა შეიძლება გამოვყოთ სააგენტოებში, მათ შორის ისეთებშიც კი, რომლებიც მშვენივრად ართმევენ თავს პროექტებს, არის ის, რომ მეტ-ნაკლებად ყველგან დაკარგულია ერთსულოვნება. გუნდი, რომელსაც წესით ევალება ერთი იდეისკენ სწრაფვა, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა მიმართულებით მიდის.
ამ დროს მთავარი დატვირთვა ექაუნთ მენეჯერებზე მოდის. მათ ევალებათ როგორც ბრიფის გაძღოლა, პროექტის დაგეგმვა და სხვა, ისე კლიენტებთან ურთიერთობა, მათთან კომუნიკაციის მართვა, სტრატეგიების მოფიქრება დანარჩენი გუნდისთვის და მთლიანად კომპანიისთვისაც კი. მოვალეობებთან გასამკლავებლად მათ შესაბამისი ინსტრუმენტები სჭირდებათ, რათა შეძლონ უკეთ შეასრულონ თავიანთი საქმე.
მარკეტერები გვირჩევენ, რომ ყურადღება მივაქციოთ გუნდის ფორმირების ე.წ. „ჯვარედინ” მოდელს, სადაც გამოყოფილია ერთმანეთთან შესაბამისობაში მყოფი დუეტები. ამ მოდელის მიდგომაა „გრძელვადიანი ბრენდი და მოკლევადიანი შესრულება”, რაც კლიენტთა შეუფერხებელ მომსახურებას უზრუნველყოფს. იდეალურ შემთხვევაში, ისინი ქმნიან არა დუეტს, არამედ ტრიოს, რომელსაც აყალიბებს ბრენდის სტრატეგი, რათა დააკავშიროს ერთმანეთთან ეს ორი პერსპექტივა.
ამ მოდელით მუშაობისას გუნდში მხოლოდ ერთ ადამიანს არ უწევს იმაზე ფიქრი, როგორი უნდა იყოს პროექტი, მისი შესრულების არხები, მეტრიკა, ბიუჯეტი და სხვა, ყველა ეს აზროვნება უნდა გაერთიანდეს და ემსახუროს საერთო პროექტს.
თუ თქვენ გუნდში გყვანან ადამიანები, რომლებიც არ ავსებენ ერთმანეთს, პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ არ გყავთ გუნდი, არამედ უბრალოდ ინდივიდების სერია.ეს არის საქმის წარმოება გრძელვადიანი პერსპექტივების გარეშე. აუცილებელია, შეაფასოთ გუნდის დინამიკა. ყურადღება მიაქციოთ არა კონკრეტული ადამიანის უნარებსა და მის მიერ შესრულებულ დავალებებს, არამედ როგორ თანამშრომლობს ის სხვებთან და როგორ ქმნიან ისინი ერთობლივ პროდუქტს. თუ თქვენ არ გყავთ ადამიანები, რომლებიც კარგად მუშაობენ ერთად, სამწუხაროდ, ვერასოდეს მიაღწევთ მუშაობის დინამიკურ პროცესს.