დღესასწაულების შემდეგ კრეატიულ საქმეებში დაბრუნების ყველაზე რთული ნაწილი იდეების ნაკლებობა არ არის, ეს მოლოდინების სიმძიმეა – ჯდები სამუშაოდ იმის განზრახვით, რომ რაღაც გამორჩეული შექმნა და უცებ ცარიელ არტბორდს უყურებ ისე, თითქოს საკუთარი ხელების გამოყენება დაგავიწყდა.
ზუსტად აქ ჩნდება პრომპტების როლი, რომლებიც პატარა კრეატიულ მოთელვად შეიძლება ჩათვალოთ. ეს არის მცირე სავარჯიშოები, რომლებიც ხელისა და გონების გავარჯიშებაში დაგეხმარებათ.
როცა საზღვრები გჭირდება
როცა არჩევანი უსასრულოა, ეს თითქოს იდეების პარალიზებას იწვევს. პრომპტები კი გაძლევს კონკრეტულ ჩარჩოებს, რაც სინამდვილეში კრეატიულობას ამარტივებს. შექმენი დიზაინი მხოლოდ სამი ფერის გამოყენებით, რომლებიც ჩვეულებრივ არასდროს შეგირჩევია. გახსენი პალიტრა, დახუჭე თვალები და სამი ფერი შემთხვევით აირჩიე. შემდეგ კი იმუშავე იმით, რაც გაქვს.
შექმენი კომპოზიცია, რომელიც 3 სმ კვადრატში ჩაეტევა. მცირე ფორმატები გამარტივებას გაიძულებს და თან სწრაფად სრულდება, რაც სასიამოვნოა.
გააილუსტრირე სიტყვა მხოლოდ ტექსტურების გამოყენებით (კონტურებისა და შევსების გარეშე).
კონცეპტუალური პრომპტები (როცა იდეების კვლევა გინდა)
ეს პრომპტები უფრო ღიაა და ინტერპრეტაციას ითხოვს. კარგია მაშინ, როცა ცოტა მეტი თავდაჯერება გაქვს, მაგრამ მაინც საწყისი წერტილი გჭირდება. შექმენი ვიზუალური რეაქცია შენთვის საყვარელ მუსიკაზე. ჩართე სიმღერა და მიეცი ხელს მოძრაობის უფლება. ზედმეტად არ იფიქრო, უბრალოდ მუსიკას უპასუხე.
სათამაშო პრომპტები (როცა გახსენება გჭირდება, რომ ეს უნდა იყოს სახალისო)
აქ მთავარი მიზანია, საკუთარ თავს სისულელის უფლება მისცე. დახატე ნაცნობი ობიექტი „არასწორ“ სტილში. შენი შინაური ცხოველი შუასაუკუნეების მანუსკრიპტის სტილში. ყავის ჭიქა – ბრუტალისტური არქიტექტურის სახით; შექმენი შეფუთვის დიზაინი პროდუქტისთვის, რომელიც არ არსებობს და ა.შ. მსგავსი გამოცდილება დაგეხმარებათ იდეების გაფართოებაში.
ტექნიკური პრომპტები
- შექმენი ერთი და იმავე კომპოზიციის ხუთი ვერსია სხვადასხვა ფერთა პალიტრით. დაინახავ, რამდენად ძლიერ ცვლის ფერი განწყობასა და მნიშვნელობას. აგრეთვე, ივარჯიშე ტიპოგრაფიაში: ერთი და იგივე სიტყვა ხელით დაწერე 10 განსხვავებული სტილით;
- გამოიყენე ისეთი ფუნჯი ან ხელსაწყო, რომელსაც მანამდე არ ან იშვიათად იყენებდი სამუშაო პროცესში. შეიძლება აღმოაჩინო, რომ ამ ხელსაწყოთი გაცილებით მეტი შეგიძლია, ვიდრე აქამდე გეგონა;
- დახატე ერთი ობიექტის აბსტრაქტული და რეალისტური ვერსია. დააკვირდი, რა იკარგება და რა იკვეთება თითოეულ ეტაპზე;
- შექმენი ერთი და იგივე ილუსტრაცია როგორც ციფრულად, ისე ფიზიკურად. დააკვირდი, როგორ ცვლის მედია შენს მიდგომასა და შედეგს.
და რა იქნება ამ ყველაფრის შედეგი?
შეიძლება ბევრი დაეჭვდეს, რა საჭიროა ეს ყველაფერი და რაში უნდა დახარჯოთ დრო. ამ პრომპტების მიზანი არც სკეტჩბუქის შევსებაა და არც პორტფოლიოს შექმნა. მათი მიზანია გაგახსენოს, რომ შექმნა შეიძლება იყოს მარტივი და სახალისო. თუ იანვრის განმავლობაში კვირაში ერთხელ მაინც წაივარჯიშებ, ბუნებრივად დაბრუნდები კრეატიულ რიტმში.
თუ რომელიმე პრომპტი მართლა მოგეწონა და მისი განვითარება მოგინდა, შესანიშნავია. სწორედ ამისთვისაა ისინი შექმნილი – დაგეხმაროს „ცარიელი გვერდის კრიზისის” გადალახვაში და დაგაბრუნოს იმ მდგომარეობაში, სადაც უბრალოდ ქმნი და ამ პროცესით ტკბები.











