in

ურბანულიდან რეტრო ესთეტიკამდე — 2024 წლის ტენდენციები კრეატიულ სფეროში

მოგეხსენებათ, ყოველი წლის მიწურულს ყველა ინდუსტრიის წარმომადგენელი მომდევნო წლის სავარაუდო ტენდენციებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ბრენდინგისა და დიზაინის სფეროში. ამჯერად Depositphotos-მა კრეატიული ტენდენციების 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ერთგვარ წარმოდგენას შეგვიქმნის და სათანადოდ მოგვამზადებს შემოქმედებითი სიახლეებისთვის.

BOG
BOG

შვიდივე პროგნოზი განსხვავებების თუ მრავალფეროვნების ირგვლივ ტრიალებს, თითოეულის მთავარი არსი კი „გაფართოებულ რეალობაში“ მდგომარეობს. დაწყებული მინიმალისტური ტექსტებით, დასრულებული რეტრო ესთეტიკის აღორძინებითა და ფუტურისტული კონცეფციებით, პროგნოზები ბაზრის კვლევას ეფუძნება.

„2024 წელს, წლების ტურბულენტობისა და გაქცევის შემდეგ, კონტენტ კრეატორები ახალ რეალობას შეგვიქმნიან. თავის მხრივ, ეს რეალობა შთაგონებული იქნება უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით, ადგილობრივი კულტურებითა და სოციალური მედიის ესთეტიკით. შეეცდებიან, შექმნან გზავნილები და ცნებები, რომლებიც უფრო ღრმად ეხმიანება აუდიტორიას თუ დროულ ღირებულებებს“, — აღნიშნავს მარია სიბირცევა, Depositphotos-ის კონტენტ მარკეტინგის ხელმძღვანელი.

1. დაბრუნება ქუჩებში

დისტანციური ცხოვრების ეპოქაში ადამიანებს ქუჩების ავთენტურობა დააკლდათ. ამიტომაცაა, რომ ეს კულტურა გლობალურ აღორძინებას განიცდის და შემოქმედებითი საქმიანობებით დაკავებული ადამიანებიც მეტად მისდევენ ტენდენციას.

თუკი გსურთ, თავადაც ამ ტალღის ნაწილი იყოთ, ვიზუალებში ურბანული ესთეტიკა გამოიყენეთ — მათ შორისაა გრაფიტისა და პოსტპროდუქციის ეფექტები, რაც 70-ანი წლების ბოლოდ განსაკუთრებით აქტუალური იყო.

2. სიტყვების ხელოვნება

თუკი აქამდე მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე კეთდებოდა ძირითადი აქცენტი, ახლა ბრენდები ტექსტური კომუნიკაციის ექსპერიმენტში ებმებიან. იყენებენ ვინტაჟურ ასოებს, კონტრასტულ და ანიმაციურ შრიფტებს, რათა საზოგადოებისთვის ეფექტური გზავნილები შექმნან.

3. ძირითადი ტალღა

შთაგონებული Barbie ფილმით და სხვა „ძირითადი“ ესთეტიკით (როგორიცაა Wes Anderson-core და Animecore), ეს ტენდენცია გულისხმობს ვიზუალური დეტალების გამოყენებას, რომლებიც შეესაბამება კონკრეტულ ათწლეულებს, ისტორიებს ან ცხოვრების წესს. ეს არის მოწოდება შემქმნელებისა და ბრენდების მიმართ, შეუერთდნენ იმ იდენტობას, რომელსაც მათი აუდიტორია აფასებს.

4. რეტრო, მაგრამ დროული

ვინტაჟური და მარადიული ელემენტების მიმზიდველობა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ისეთი ტენდენციები, როგორებიცაა #oldmoney TikTok-ზე და „მშვიდი ფუფუნების“ ძიება Google-ში, ხაზს უსვამს ინტერესის აღორძინებას „მემკვიდრეობისა და წარსულის“ მიმართ. პასტელური ფერები, მე-20 საუკუნის სტილის შრიფტები და ტრადიციული ორნამენტები ძირითადი ელემენტებია.

5. პიროვნული იდენტობა, ნაცვლად გენდერულისა

გენდერული იდენტობა მეორე ადგილს იკავებს, რადგან ღირებულებები და პიროვნების უნიკალურობა წინა პლანზე ინაცვლებს. ამის გათვალისწინებით, ბრენდები ემოციურ მდგომარეობაზე, უნიკალურ მშვენიერებაზე უნდა ფოკუსირდნენ. ამის მიღწევა კი შესაძლებელია ექსპრესიული პოზებით, თემატური ფოტოების გამოყენებით, რომლებშიც იდენტობა იქნება გამოკვეთილი.

6. მასშტაბებით თამაში

კრეატიულობას საზღვრები არ აქვს. ამ დროისთვის კრეატორების დიდი ნაწილი რეალობის შეცვლისა და სტილების შერწყმისკენაა მიმართული. კოლაჟები, მრავალშრიანი და სხვადასხვა სტილის კომბინაცია აღნიშნული ტენდენციის იარაღებია.

7. ცხოვრება, მუშაობა, ჰიბრიდულობა

პანდემიამ კი ჩაიარა, მაგრამ ჰიბრიდულობა ჯერ კიდევ აქაა — აქცენტი კეთდება სამუშაო გარემოსა და რუტინების დიზაინზე, რომლებიც პრიორიტეტულია თანამშრომლების ეფექტურობისთვის თუ ბედნიერებისთვის. ეს მოიცავს ვიზუალის შექმნას, რომელიც ასახავს მრავალფეროვან, ადამიანზე ორიენტირებულ სამუშაო ადგილებს სასიამოვნო და მეგობრული ფერებით.

მეიჯერელ საქართველომ ქუთაისში კარიერის დღეს უმასპინძლა

GeorgiAI — საქართველოში მთავარი ციფრული საინფორმაციო ფონდი იქმნება