კრეატიული ადამიანების შერჩევისას კომპანიები ხშირად ინტუიციას ეყრდნობიან. ვინ ჩანს ნიჭიერი, ვის აქვს ახალი ხედვა, ვინ შეიძლება გახდეს შემდეგი დიდი სახელი. თუმცა 15 წლის განმავლობაში 4200-ზე მეტი მუსიკოსისა და ასობით ლეიბლის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ შემოქმედებითი ტალანტის განვითარებას გაცილებით სისტემური მიდგომა შეიძლება ჰქონდეს.
ამის კარგი მაგალითებია ბოლო დროის ბრენდული თანამშრომლობებიც. Gap-მა ვიქტორია ბექჰემთან დაიწყო მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მინიმალისტური, ძვირადღირებული მოდის ესთეტიკა ერთი შეხედვით მასობრივი ბრენდისგან საკმაოდ შორს დგას. Zara-მ კი კოლექცია Bad Bunny-სთან გამოუშვა. ორივე შემთხვევაში პარტნიორები ერთმანეთს იმას აძლევდნენ, რაც მეორე მხარეს შედარებით ნაკლებად ჰქონდა: ბრენდები იღებდნენ კულტურულ გავლენასა და ახალ კრეატიულ ავტორიტეტს, ცნობილი სახეები კი ბევრად დიდ კომერციულ პლატფორმას.
კვლევაში წარმატებულ კარიერებს სამი ტიპის რესურსი აერთიანებდა: ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კაპიტალი.
ეკონომიკური კაპიტალი უკვე დადასტურებული კომერციული შედეგია. მუსიკაში ეს შეიძლება იყოს მოსმენები და გაყიდვები; ბიზნესში კი – შემოსავალი, წარმატებული პროდუქტები ან გაყიდვები. ადამიანი, რომელმაც შედეგის მოტანა უკვე დაამტკიცა, როგორც წესი, უფრო მეტ თავისუფლებას და მეორე შანსსაც იღებს.
სოციალური კაპიტალი კავშირებს ეხება. ვისთან შეუძლია ადამიანს თანამშრომლობა, რომელ კლიენტებთან ან პარტნიორებთან აქვს წვდომა და რამდენად შეუძლია საჭირო ადამიანების ერთ სივრცეში შეკრება. კულტურული კაპიტალი კი პროფესიულ ავტორიტეტს ნიშნავს: ჯილდოებს, დადებით შეფასებებს და იმ რეპუტაციას, რომელიც ადამიანს საკუთარ სფეროში აქვს. კომერციული წარმატება და პროფესიული აღიარება ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვევა. შეიძლება პროდუქტი ძალიან კარგად იყიდებოდეს, მაგრამ ინდუსტრიის ექსპერტებისგან განსაკუთრებული შეფასება ვერ მიიღოს, ან პირიქით.
ამ სამი რესურსის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც კომპანიები ადამიანებს ერთმანეთთან აერთიანებენ.
კვლევის მიხედვით, ნაკლებად ცნობილ მუსიკოსებს, რომლებიც უკვე დამკვიდრებულ არტისტთან ერთობლივ ნამუშევარს უშვებდნენ, საკუთარი სოლო ნამუშევრების შედარებით რადიოეთერი საშუალოდ 61%-ით ეზრდებოდათ. მსგავსმა პრინციპმა შეიძლება კომპანიებშიც იმუშაოს. ახალგაზრდა თანამშრომელს მნიშვნელოვანი კლიენტის პრეზენტაციაზე ან დიდ პროდუქტზე გამოცდილი და გავლენიანი კოლეგის გვერდით მუშაობამ ის ხილვადობა შეიძლება მისცეს, რომლის მოპოვებას დამოუკიდებლად წლები დასჭირდებოდა.
მეორე ძლიერი კომბინაციაა ორი ადამიანის გაერთიანება, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული კავშირები აქვთ. მაგალითად, გაყიდვების მენეჯერს შეიძლება უშუალო ურთიერთობა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიმღებ კლიენტთან, ტექნიკურ სპეციალისტს კი იმ ადამიანებთან, რომლებიც საბოლოოდ პროდუქტს გამოიყენებენ. ცალ-ცალკე ორივეს მნიშვნელოვანი ცოდნა აქვს, ერთად კი შედეგის მიღწევის შანსი მნიშვნელოვნად იზრდება.
განსაკუთრებით საინტერესო შედეგები მოჰქონდა მოულოდნელ თანამშრომლობებსაც. კვლევაში განსხვავებული ეროვნული და კულტურული გამოცდილების მქონე მუსიკოსების ერთობლივი ნამუშევრები ხშირად მეტ ყურადღებას იღებდა. მუსიკალური ჟანრის განსხვავება ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე განსხვავებული კულტურული გამოცდილება.
თუმცა ასეთ ექსპერიმენტს რისკიც ახლავს. მონაცემების მიხედვით, როდესაც არტისტი საკუთარი წინა ნამუშევრებისგან მკვეთრად განსხვავებულ ალბომს უშვებდა, რადიოეთერი დაახლოებით მეოთხედით მცირდებოდა. ამავე დროს, პროფესიონალი კრიტიკოსები სწორედ ასეთ ნამუშევრებს უფრო მაღალ შეფასებებს აძლევდნენ. კომერციული ბაზარი ხშირად პროგნოზირებადობას ანიჭებს უპირატესობას, ინდუსტრიული აღიარება კი – სიახლეს.
მსგავსი განსხვავება მოდის ინდუსტრიაშიც კარგად ჩანს. მაღაზიების მყიდველები უფრო ხშირად ირჩევენ იმას, რის გაყიდვაშიც დარწმუნებულები არიან, მაშინ როცა მოდის მედია და პროფესიული წრეები ახალ და უჩვეულო იდეებს უფრო მეტად აფასებენ. ამიტომ ორი ძალიან განსხვავებული კრეატორის გაერთიანებისას თავიდანვე უნდა იყოს ცნობილი, რომელი შედეგია პრიორიტეტული: გაყიდვები, ახალი აუდიტორია, პროფესიული ავტორიტეტი თუ სრულიად ახალი მიმართულების აღმოჩენა.
ყველაზე თამამი ექსპერიმენტები განსაკუთრებით გამართლებულია იმ ადამიანებთან, რომლებსაც უკვე აქვთ საკმარისი კომერციული წარმატება და ერთი წარუმატებელი პროექტი მათ კარიერას ვერ დაანგრევს. ზოგჯერ ასეთი თანამშრომლობა ერთდროულად კომერციულ და კრიტიკულ წარმატებასაც აღწევს, თუმცა წინასწარ იმის განსაზღვრა, რომელი პროექტი გახდება ასეთი გამონაკლისი, თითქმის შეუძლებელია.
პრაქტიკაში ამ მიდგომის გამოყენება შეიძლება მარტივი „კაპიტალის აუდიტით“. მნიშვნელოვანი დაქირავების, დაწინაურების ან ახალი პროექტის წინ კომპანიამ სამი კითხვა უნდა დასვას: რა აქვს ამ ადამიანს უკვე დამტკიცებული? ვისთან აქვს რეალური წვდომა? ვისგან სარგებლობს მისი ნამუშევარი პროფესიული პატივისცემით?
თუ ადამიანს ძლიერი პროფესიული რეპუტაცია აქვს, მაგრამ კომერციული შედეგი აკლია, მისი პარტნიორი შეიძლება ძლიერი გაყიდვების გამოცდილების მქონე ადამიანი გახდეს. თუ ვინმე კარგად ყიდის, მაგრამ საკუთარი ფუნქციის ფარგლებს გარეთ მცირე ქსელი აქვს, მას უფრო ფართო კავშირების მქონე კოლეგასთან მუშაობა გამოადგება. ხოლო ფინანსურად სტაბილური, მაგრამ პროფესიულად ნაკლებად გამორჩეული თანამშრომელი შეიძლება ისეთ პროექტში ჩაერთოს, სადაც ორიგინალურობა და ინდუსტრიული აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კრეატიული ტალანტის მართვისას მხოლოდ იმის პოვნა, თუ ვინ არის „ყველაზე ნიჭიერი“, ხშირად საკმარისი არ არის. ბევრად მნიშვნელოვანი ხდება იმის დანახვა, რა აქვს ადამიანს უკვე დაგროვებული, რა აკლია და ვისთან თანამშრომლობა მისცემს საშუალებას, შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. ძლიერი კრეატიული გუნდები ხშირად სწორედ ასეთი გააზრებული კომბინაციების შედეგად ვითარდება.
წყარო: HBR












