ამ ზაფხულს, ტერაბანკმა ახალი მიმართულება – ტერა ლიზინგი წარადგინა და მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც ბანკის სტრატეგიული სეგმენტია, საქმიანობების განვითარებისთვის კიდევ ერთი პროდუქტი შესთავაზა. პარალელურად მიმდინარეობდა ტერა ლიზინგისთვის საკუთარი, თანამედროვე და დახვეწილი ვიზუალური ბრენდინგის შექმნაც, რომლის კონცეფციასა და შესრულებაზეც დიზაინერმა, მერი ჭიკაძემ იმუშავა.
მარკეტერი ტერაბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ნინი სუჯაშვილსა და მერი ჭიკაძეს ტერა ლიზინგის ვიზუალური ბრენდინგის მიზნებსა და დავალების გადაწყვეტაზე ესაუბრა.
ნინი სუჯაშვილი: „ტერა ლიზინგი ტერაბანკის ახალი მიმართულებაა, რომელიც ჩვენი და პლატფორმა Bizon.ge-ის გუნდის გაერთიანებით შეიქმნა. გვსურდა, მისი ვიზუალი ერთდროულად ტერაბანკთან ასოცირებულიც ყოფილიყო და გარკვეულწილად დამოუკიდებელიც. სწორედ ამიტომ, მისთვის სრულიად ახალი ლოგო შევქმენით, თუმცა ფერებად კვლავაც ტერას პალიტრა გამოვიყენეთ, მცირედი ცვლილებებით.
ვიზუალურ ბრენდინგზე მუშაობის დაწყებისას, მერისთან ერთად, შევთანხმდით საკვანძო სიტყვებზე, რომლებსაც ტერა ლიზინგის ხასიათი და ღირებულებები ვიზუალურად უნდა აესახა. მათ შორის იყო Bold, დინამიკური, ტექნოლოგიური, თანამედროვე, პროფესიული და სანდო. ტერა ლიზინგის მთავარი უპირატესობები კვალიფიციური გუნდი, ინდივიდუალურ ინტერესებზე ორიენტირებული მომსახურება, ციფრული სერვისები, მხარდაჭერა და ბიზნესპარტნიორობაზე დამყარებული ურთიერთობებია. ვფიქრობ, მისი ვიზუალური იდენტობა ამ უპირატესობებსაც მკაფიოდ წარმოაჩენს და დიზაინის თანამედროვე ტრენდებსაც პასუხობს.“
მერი ჭიკაძე: „ბრენდდიზაინის ეს ბრიფი საკმაოდ კომპლექსური იყო. პროდუქტიდან გამომდინარე, ბაზრის კვლევის დროს გარკვეული მიმართულებები გამოიკვეთა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც შევჩერდით დამოუკიდებელ სიმბოლოზე, რომელიც ბრენდის ხასიათს კარგად გამოხატავს და მის შინაარსზეც მიგვანიშნებს. ტერაბანკთან კავშირი ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილით, ფერთა პალიტრით შევინარჩუნეთ, თუმცა გამოყენების დოზირება შევცვალეთ და ამგვარად ბრენდის ვიზუალურ სტილში გარკვეული ხასიათი შემოვიტანეთ. საბოლოოდ, ამ სამუშაო პროცესის ფარგლებში შეიქმნა სიმბოლო და ლოგოტიპი, მომზადდა ლოგოტიპის ქართული ადაპტაცია და ბრიფის საფუძველზე შემუშავდა ვიზუალური სტილი.
ტერა ლიზინგის ვიზუალური იდენტობის მთავარი ელემენტი პატერნია, რომელიც ფორმებით ტეტრისს მოგვაგონებს. ეს ფორმები ერთმანეთში ჰარმონიულად გადადის. საერთო მოზაიკა კი თანმიმდევრულობის განცდას ქმნის და ბრენდის არსს კარგად ხსნის. ტერა ლიზინგი არის პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს ბიზნესის შენების პროცესში სხვადასხვა საჭირო ინსტრუმენტსა თუ სერვისს აწვდის და მის უწყვეტ განვითარებასაც უწყობს ხელს. სეგმენტური, ერთმანეთში გარდამავალი ფორმებით სწორედ ეს ლოგიკა გამოვსახეთ.
ზოგადად, ბრენდის ვიზუალური იდენტობის შექმნისას მთავარ როლს კონცეფცია და შინაარსი თამაშობს. ამ შემთხვევაში დიზაინის მთავარი ამოცანა ტერა ლიზინგის განწყობისა და შინაარსის ნათლად გადმოცემა იყო. სიმბოლოში დინამიკისა და განვითარების განცდას სწორედ ამ დანაწევრებული სეგმენტების ეტაპობრივი ფორმირებით მივაღწიეთ, ვიზუალურ სტილში კი ეს კონცეფცია კიდევ უფრო ვრცლად განვავითარეთ.“
სალომე ღუდუშაური, ტერა ლიზინგის კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების დირექტორი: „ახალი ვიზუალური იდენტობითა და ბრენდინგით ტერა ლიზინგი უკვე წარმატებით ოპერირებს და საკუთარი საქმიანობის განვითარებაში არაერთ ბიზნესს ეხმარება. მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ლიზინგი ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია და მოხარულები ვართ, რომ მისი შეთავაზების შემდეგ მოსალოდნელზე მაღალი შედეგები ვაჩვენეთ. ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეფექტურმა ვიზუალურმა ბრენდინგმაც , რომელიც ჩვენი კომპანიისა და საქმიანობის დინამიკურობასა და მიზანზე ორიენტირებულობას კარგად ასახავს“.
[R]