in

კრეატიულობა მხოლოდ ჩვენი ფანტაზიით შემოიფარგლება

„ხელობა არის თანამშრომლობა — აქ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვისთან მუშაობთ, როგორ აკეთებთ ყველაფერს და როგორ გროვდება ნიუანსები შესანიშნავ შემოქმედებით სამუშაოდ“, — ამბობს ნიკოლას ჰალი, AMV BBDO-ს კრეატიული ხელმძღვანელი. მისი აზრით, კრეატიულ სამყაროს ცნობისმოყვარე, „შემოქმედებითი ვნებით შეპყრობილი“ ადამიანები მართავენ, რომლებიც პროცესის თანამშრომლობით ბუნებას სათანადო პატივს სცემენ.

შემოქმედების საფუძვლები რჩება, მაგრამ წესები იცვლება. განვითარებადი ნარატივები, მრავალფეროვანი სოციალური არხები და ხელოვნური ინტელექტის ზრდა მთელ თამაშს ატრიალებს… თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კრეატიული სამუშაოების განსახორციელებლად გამოყენებული ინსტრუმენტები ყოველთვის შეიცვლება, ჰალისთვის ეს ინდუსტრია ორ მთავარ ფაქტორზე დგას: „ამბის თხრობის კრეატიულობა, როგორც მითების შექმნა და ასე სიუჟეტების თუ ემოციების სამყაროებში მოგზაურობა; ამას მოსდევს კრეატიულობა პრობლემების გადასაჭრელად — გვერდითი აზროვნების უნარი ბარიერებსა და პრობლემებთან მიმართებით“.

ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით, ჰალი 2023 წლის კრეატიულობას სწორედ აღნიშნული ფაქტორების სინთეზს უკავშირებს — რეკლამისა და ბრენდინგის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც პრობლემების რეალური გადაჭრა, ისე მნიშვნელობებისა და ემოციების წინ წამოწევა. უბრალოდ, ნებისმიერ შემთხვევაში ბრენდებს ხშირი, მჭიდრო ურთიერთობა სჭირდებათ მომხმარებლებთან, რათა სხვადასხვა ფორმით მივიდეს ესა თუ ის იდეა აუდიტორიამდე.

ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ საფუძველი რჩება, მაგრამ წესები იცვლება — ამჯერად მთავარ გმირად ხელოვნური ინტელექტი გვევლინება, რომელიც შემოქმედებითი წარმოსახვის ახალ გზებს გვთავაზობს. „ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, როგორ განვითარებას პოვებს AI ჩვენს ინდუსტრიაში. დღევანდელი გადმოსახედიდან, ტექნოლოგიის უნარს, ჩვენი იდეები კრეატიულად გააცოცხლოს, დიდი პოტენციალი აქვს. ის სრულად ხსნის ბარიერებს იმასთან მიმართებით, თუ რისი გაკეთება გვინდა და საპირწონედ, რისი გაკეთება შეგვიძლია — შესაბამისად, მხოლოდ საკუთარი წარმოსახვის უნარით ვართ შემოსაზღვრულები“.

ჰალის აზრით, მსგავსი ტექნოლოგიების მიმართ მოქნილები, ცნობისმოყვარეები, ექსპერიმენტულები და მამაცები უნდა ვიყოთ. აქვე ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული AI ინსტრუმენტი ჩვენს ფანტაზიას ეყრდნობა. სწორედ ამ უკანასკნელით იკვებება პროგრამები — ადამიანურ იდეებს საკუთარ ხედვას და დამუშავების ხარისხს არგებს.

„სამყაროში ჯერ კიდევ არის ადგილი ადამიანური „სისულელეებისა“ და მშვენიერი ლოგიკისთვის ადგილი, რაც მძლავრ ემოციებს ბადებს შემოქმედებით ინდუსტრიაში. ყველაფერმა, რაც ახალს, ტრანსფორმაციულს ან ბევრს გვპირდება, შეიძლება ცდუნებამდე მიგვიყვანოს — ამიტომაც, მათი ათვისება ფიქრის დროისა და შემოქმედებითი მაგიის ხარჯზე არ უნდა მოხდეს, რადგან მთელი ხიბლი ამ ადამიანურ შესაძლებლობებშია. ასე მიდიხარ ნამდვილ ემოციამდე“, — განმარტავს ნიკოლას ჰალი.

მთლიანობაში, ჰალი მარკეტერებსა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს სამ რჩევას აძლევს: იყავით ცნობისმოყვარეები, ადაპტირებულნი და შეინარჩუნეთ ღიაობა ყველა იმ პერსპექტივის, მოსაზრების თუ სტიმულის მიმართ, რომელსაც მსოფლიო შემოგთავაზებთ.

როგორ დავეხმაროთ გამოფიტულ მენეჯერებს?

ჩინეთში აღმოჩენილი თავის ქალა ადამიანთა არცერთ სახეობას მიეკუთვნება!