კრეატიულობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ რაღაც უნარი. ის ჩვენს ბუნებრივ მაგიას გამოხატავს: არაფრისგან რაღაცის შექმნის შესაძლებლობას. ასევე, კრეატიულობა ჩვენი ინდივიდუალიზმის გამოხატვის საშუალებაა.
დროთა განმავლობაში კრეატიულობა ძალიან მოთხოვნად უნარად იქცა, თუმცა ხშირად ფრთხილად ვეკიდებით მას და ამიტომაც ვიღებთ მოსაწყენ შედეგებს. ხოლო თუ „თავისუფალ გასაქანს“ მივცემთ, წარმოუდგენელ და მართლაც გასაოცარ იდეებამდე მივალთ — სწორედ ეს გვეხმარება საზღვრების გადალახვასა თუ ოცნებების რეალიზებაში.
რეალურად, თითოეულ ჩვენგანში იმალება ძლიერი, გაბედული შემოქმედი, რომელსაც რევოლუციის გამოწვევაც კი შეუძლია. ამ ძალის გამოსათავისუფლებლად კი ჩარჩოებში ფიქრი უნდა შეწყვიტოთ და ე. წ. „სხეულის ინტელექტზე“ წვდომა დაიწყოთ.
კრეატიულობასთან შერწყმა
ადამიანებს ოცნება და რაღაც დიადზე ფიქრი სჩვევიათ, მაგრამ მხოლოდ კონცეფციის წარმოსახვით შორს ვერ წავალთ. ცხადია, ოცნება უხილავია, სანამ რეალურად არ განხორციელდება — ჯერ ჩვენს გონებაში და შემდგომ უკვე ცხოვრებაში.
ამ თვალსაზრისით, აუცილებელია, ფიზიკურად გააცნობიეროთ, რომ თქვენი ოცნება ახდება. ზოგადად, ბუნებრივად მიდრეკილნი ვართ ამ გარდამავალი ეტაპის გამოტოვებისკენ და იდეიდან პირდაპირ მოქმედებაზე გადავდივართ. როდესაც ჩვენი ხედვები შორეულ შესაძლებლობებად გვეჩვენება, ეს ჩვენი პრობლემაა — გონებასა და სხეულს არ ვაძლევთ იმის უფლებას, რომ ოცნებები ხელშესახებ რეალობად აღვიქვათ.
თუ ჩვენს ფიზიკურ სხეულს ტვინად განვიხილავთ, ინტელექტი და „მაგნეტიზმი“ მკვეთრად გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ოცნება ჯერ არ განხორციელებულა, ნამდვილად ვგრძნობთ მის გარდაუვალობას. სხვა სიტყვებით, უეცრად გვეუფლება „ზეადამიანური გამომგონებლობის“ ნიჭი და ზუსტად ვხვდებით, როგორ უნდა შევასრულოთ საქმე.
მიიღეთ უცნობი აზრები
ობიექტურად თუ შევაფასებთ, გონება დატვირთული, ხმაურიანი სივრცეა და ძალიან ხარბი, დაუოკებელი მადა აქვს ინფორმაციის მიმართ. უბრალოდ, აქ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ კრეატიულობა ლოგიკური აზროვნების შედეგი არ არის. ეს უფრო მეტად ნაკადს ჰგავს, რომელიც მოულოდნელ იდეებს აფრქვევს ჩვენს ცნობიერებაში — კრეატიულობა უკონტროლო და თავისუფალია.
მეორეც, უნდა გვესმოდეს, რომ ცნობიერ გონებას მხოლოდ იმის ცოდნა შეუძლია, რაც უკვე ვიცით ან გვინახავს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის — კრეატიულობა უნდა აღემატებოდეს იმას, რაც გონებაში იმალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერასდროს განვვითარდებით. თუ გვსურს, შევქმნათ ის, რაც აქამდე არ გვინახავს, ნაცნობი წარსული უნდა გადავლახოთ…
მხატვრული თამაში
მხატვრული თამაშები და სავარჯიშოები ყველა გრძნობის გასაღვიძებლადაა შექმნილი და ისინი დამალული, უნიკალური პოტენციალის აღმოჩენაში გვეხმარება. სხვა სიტყვებით, მხატვრული თამაში ცხოვრებისეული სიტუაციების მინი ვერსიებს მოიაზრებს, საიდანაც ღირებული ინფორმაციის მიღება შეგვიძლია.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამგვარი პრაქტიკა „ნაცნობი წარსულის“ დავიწყებას უწყობს ხელს და მინიჭებულ მნიშვნელობებს, განმარტებებს გვაშორებს. როგორც კი გავაცნობიერებთ რეალობის შემოქმედებითად ინტერპრეტაციის უნარს, ვიწყებთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.
გარდა ამისა, მხატვრული თამაში გონებრივ ენერგიას სხეულისკენ მიმართავს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი გრძნობები ახლებურად გამოვიყენოთ და კრეატიულობის ახალ დონესაც მივაღწიოთ.