მგონი, ეს გრძნობა ყველას გამოუცდია ერთხელ მაინც – კომპიუტერში გახსნილი გვაქვს ცარიელი გვერდი, კურსორი ციმციმებს, დრო გადის, ჩვენ კი არ გვაქვს მოფიქრებული არანაირი კრეატიული იდეა. ეს სიტუაცია ნაცნობია დიზაინერებისთვისაც, ქოფირაითერებისთვისაც, ფოტოგრაფებისთვისაც და შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ყველა ადამიანისთვის.
სპეციალისტები ამას კრეატივის დაბლოკვას ეძახიან და ამ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს მდგომარეობა.
გადალახეთ წინააღმდეგობა
კრეატიულობა ყოველთვის არ ნიშნავს შთაგონების ლოდინს, ზოგჯერ სპეციალური გარემოს შექმნა სჭირდება. ერთ-ერთი საშუალებაა ყველა უაზრო იდეის გაფანტვა და ახლის საძიებლად ნაცნობ თუ უცნობ პლატფორმებზე შესვლა, ძიება, თვალიერება, სანამ ინსპირაციას არ წამოიღებთ.
მეორე ვერსიაა, გააკეთოთ რამე, თუნდაც ისეთი, რაც არ მოგწონთ. მუშაობის პროცესი ხშირად ხსნის დაბლოკილ იდეებს და მიხვალთ იმ ვარიანტამდე, რაც უკეთესი იქნება.
გამოიყენეთ სტრუქტურირებული კვლევა
იდეების მოსახმობად ძალიან კარგი საშუალებაა ვებსაიტების კვლევა, სხვადასხვა ბლოგის კითხვა, რომლებიც თქვენს პროფესიას ეხება, სხვა, გამოცდილი პროფესიონალების მიგნებებისა და ინტერვიუების გაცნობა. ეს მიდგომა დაგეხმარებათ თვალსაწიერის გაფართოებაში.
თანამშრომლობა
თანამშრომლობის ძალას ნამდვილად შეუძლია კრეატივის ზრდაში დახმარება. როგორც ამბობენ, ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი უკეთ მუშაობს. თუ გყავთ ისეთი ადამიანი, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს სამუშაო პროცესში იდეების მოწოდების კუთხით, აუცილებლად იფიქრეთ მასთან ერთად.
ფიზიკური აქტივობა
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბევრი კრეატორი ამბობს, რომ ფიზიკური აქტივობა ეხმარება საქმიანობაში. ვარჯიში, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ცურვა და სპორტი ხელს უწყობს ორგანიზმს, იყოს მხნედ და ენერგიულად. თუ გავითვალისწინებთ, რომ კრეატივის დაბლოკვას ხშირად გონებრივი გადაღლა იწვევს, ეს რეკომენდაცია შეიძლება ნამდვილად სასარგებლო იყოს, რათა ორგანიზმი გამოცოცხლდეს.
დაალაგეთ ქაოსი
ახალ იდეებზე ფიქრისას ხშირად ყველა აზრი ერთად მოდის, რაც იწვევს ქაოსს და გვაკარგვინებს კონცენტრაციას. ფოკუსირება ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე, გვეხმარება ამ ფიქრების დალაგებაში და იდეებიც უფრო მარტივად მოდის.
ნუ ეძებთ შთაგონებს მხოლოდ თქვენს სფეროში
ერთ-ერთი ხშირად გავრცელებული შეცდომაა. ჩვენს გონებას ზოგჯერ დამუხტვა და მულტიდისციპლინური მიდგომა სჭირდება. ზოგჯერ იდეა შეიძლება მოიტანოს არქიტექტურამ, ლიტერატურამ, მუსიკამ და სხვა. მოულოდნელად კრეატივი შეიძლება გაჩნდეს ფილმის ყურების ან ძველი წიგნების თვალიერების დროსაც. ერთი სიტყვით, უნდა გასცდეთ მხოლოდ თქვენს სფეროს და იდეები აიღოთ ყველა მხრიდან.
შეიცვალეთ გარემო
თუ ხედავთ, რომ იდეები დაგებლოკათ, დროებით შეიცვალეთ გარემო, გადით გარეთ ან კინოში, მოინახულეთ მეგობრები ან უბრალოდ ისეირნეთ. „გაჭედილი” იდეების დროს კიდევ უფრო მეტად დაძაბვა და ამაზე ფიქრი უარესია, შეიძლება საერთოდ აღარ მოგივიდეთ არანაირი აზრი. ცოტა ხნით გარემოს შეცვლა კი პირიქით, ამ პრობლემას აგვარებს.
დროის მენეჯმენტი
ზემოთაც ვახსენეთ, რომ კრეატიულ იდეებს ზეწოლა არ უხდება. მთავარია, არ დაიწყოთ იდეებზე ფიქრი მაშინ, როცა დედლაინამდე უკვე ცოტა დროა დარჩენილი, თორემ ამ დაძაბულობამ შეიძლება საერთოდ გააქროს ისინი. გაანაწილეთ სამუშაო დრო სწორად, რათა რამდენიმე წუთი დაიტოვოთ შესვენებებისთვისაც. ასე უფრო მშვიდად და გააზრებულად იმუშავებთ და იდეებიც არ დააყოვნებს.