იანვრის მესამე კვირა თითქოს წლის ყველაზე დეპრესიული პერიოდია. საახალწლო დეკორაციები უკვე მოხსნილია, დღეები მოკლეა, ამინდი უღიმღამო. ეს ყველაფერი განსაკუთრებით რთულად აისახება შემოქმედებით პროფესიებზე, სადაც მუზა, კრეატივი და აზროვნება მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს.
ამიტომ კრეატიული პროფესიონალები რამდენიმე უკვე დაცდილ რჩევას გვიზიარებენ, როგორ გავხადოთ იანვარი უფრო პროდუქტიულ თვედ.
გარეთ გასვლა და მოძრაობა
ფიზიკური აქტივობა იანვრის სევდის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ წამლად დასახელდა. მათთვის, ვინც სახლიდან მუშაობს, ეს კიდევ უფრო მარტივად შესაძლებელია. დილით სირბილი, ცურვაზე წასვლა, იოგა ან ველოსიპედით სიარული გონებას ასუფთავებს და სიზარმაცეს აქრობს.
თუ მაინცდამაინც სპორტული არ ხართ, შეიძლება უბრალოდ გარეთ გახვიდეთ და მეგობრები ნახოთ, ან ახალგამოსულ ფილმს უყუროთ საყვარელ ადამიანთან ერთად. ერთი სიტყვით, ყურადღების იმაზე გადატანა, რაც თქვენთვის ბუნებრივია და სასარგებლო ემოციების მოტანა შეუძლია, კარგი საშუალებაა.
რაღაც, რასაც მოუთმენლად ელოდები
ზამთრის თვეების შიშის ნაცვლად, ბევრი შემოქმედი გვირჩევს, ისინი გეგმებითა და მიზნებით „წინასწარ შევავსოთ“. დაიწყო იანვარი იმ გეგმების განხორციელებით, რომლებზეც წინა წელს დრო აღარ გეყო – საუკეთესო მოტივაციაა.
ეს შეიძლება იყოს ახალი საქმე, სამოგზაუროდ წასვლა ან რაიმე ახლის სწავლა. ეს ყველაფერი საკუთარ თავთან ხელახლა დაკავშირებაში გვეხმარება და იანვრის მოწყენილობას ადვილად გადაგვატანინებს.
მიიღე იანვარი ისეთად, როგორიც არის
შესაძლოა, ყველაზე რადიკალური ცვლილება იანვრის ისეთად მიღებაა, როგორიც ის არის სინამდვილეში – ანუ დასვენებისა და აღდგენის დრო. ბევრი შემოქმედი გვიზიარებს, რომ იანვარს არ უყურებენ, როგორც თვეს მიღწევებისთვის.
დაბალი მოლოდინის ძალა
„იანვარი მშვენიერია, როცა მის დაჩქარებას არ ცდილობ” – გვეუბნებიან კრეატორები. ბევრი ადამიანი შეცდომას უშვებს, როცა ახალი წლიდან უკვე რაღაც სიახლეებს ელოდება კარიერულად და ჰგონია, რომ აუცილებლად სწრაფად უნდა მიიღოს შემოთავაზებები და ა.შ.
რეალურად, წელი ახალი დაწყებულია და ამ დროს თავად დამკვეთები ან პოტენციური დამსაქმებლებიც თავიანთი წლიური გეგმების გადახედვის ფაზაში არიან, ამიტომ პანიკასა და სასოწარკვეთას არ უნდა მიეცეთ. უბრალოდ, გააგრძელეთ თქვენი საქმეების მშვიდად კეთება.
მინიგამოწვევები
კიდევ ერთი რჩევა, რომელსაც შემოქმედი ადამიანები გვიზიარებენ, არის საკუთარი თავისთვის გამოწვევების დაწესება. მათი თქმით, ეს ხსნის კრეატიულობას და გვეხმარება მოთელვაში. მსგავსი სავარჯიშოების დრო ხშირად სხვა დროს, ბევრი საქმეების ფონზე, არ გვაქვს, მაგრამ იანვარი, რომელიც კრეატორებისთვის შედარებით მკვდარი თვეა, ამ გამოწვევების დაწესება საკუთარი თავისთვის შეიძლება.
მაგალითად, თუ დიზაინერი ხართ, ცადეთ ასეთი პრაქტიკული სავარჯიშო: იმუშავეთ მხოლოდ შავ-თეთრი ფერებით. ლიმიტირებული პალიტრა აძლიერებს კონცენტრაციას ფორმებზე, ეს კი გონებას მეტად ავარჯიშებს.
თუ ქოფირაითერი ხართ, დაწერეთ პატარა ამბავი სასურველ თემაზე, რომელიც 100 სიტყვაზე ნაკლები იქნება.
კრეატიულობა არ არის წნეხი. ზოგჯერ ერთადერთი, რაც გვჭირდება ისაა, რომ უბრალოდ თავიდან ჩავერთოთ საქმეში. დაიწყეთ დიდი მოლოდინების გარეშე და გაიხსენეთ, როგორ ვმუშაობთ შემოქმედებით პროექტზე. ეს პატარა გამოწვევები დაგეხმარებათ თავიდან დაუკავშირდეთ თქვენს საქმიანობას დიდი შესვენების შემდეგ, აამუშავებს ცნობისმოყვარეობას და ისევ მიიღებთ სიამოვნებას საკუთარი ქმნილებისგან.











