in

რას აკეთებენ წარმატებული კრეატორები იანვარში?

ყოველი წლის იანვარი თითქოს ერთმანეთს ჰგავს. გაუთავებელი ჭამა-სმის შემდეგ ჩვენს ფიდებს ავსებს ერთნაირი რჩევები: დაისახე ამბიციური მიზნები, დაიწყე ახალი პროექტი, შექმენი საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, არ შეჩერდე, რაც არ უნდა მოხდეს…

BOG
BOG

ეს ყველაფერი ზოგს უკვე მობეზრდა და კრეატიულ ინდუსტრიას – განსაკუთრებით, რადგან წლებია, ერთი და იგივე გვესმის. 

პრობლემა ამბიციაში არ არის. პრობლემა დროის შერჩევაშია. კრეატიული მუშაობა ცუდად რეაგირებს ზეწოლაზე, განსაკუთრებით დასვენების პერიოდის შემდეგ. იანვრის პირველ კვირას პროდუქტიულობის დაძალება ხშირად უკუეფექტს იძლევა, რომელიც გამოიხატება გადაღლით, საკუთარ თავში ეჭვის შეტანითა და იმ განცდით, რომ თითქოს რაღაცას ჩამორჩი.

წლების განმავლობაში კრეატორებთან საუბრის, მუშაობისა და დაკვირვების შემდეგ ერთი რამ ნათლად ჩანს: ისინი, ვინც გრძელვადიანად ინარჩუნებენ კარიერას, იანვარში არაფრის დამტკიცებას არ ცდილობენ. ისინი მას მომდევნო თვეებისთვის მოსამზადებლად იყენებენ. აი, როგორ გამოიყურება ეს პრაქტიკაში.

განზრახ იწყებენ ნელა

სანამ ყველა ცდილობს, რომ მაშინვე დაიწყოს და სწრაფად დასტარტოს ყველაფერი, გამოცდილი კრეატორები ხშირად პირიქით იქცევიან. ისინი შეგნებულად ანელებენ ტემპს. ეს არც სიზარმაცეა და არც მოტივაციის ნაკლებობა. ეს არის გააზრება იმისა, რომ კრეატიულობას გახურება სჭირდება.

დასვენების შემდეგ ტვინი მყისიერად არ ბრუნდება ფოკუსში. ეს ნელი დასაწყისი ხშირად ნიშნავს დაბალი წნეხის მქონე საქმეებზე ფოკუსს: ფაილების დალაგებას, პორტფოლიოს განახლებას, ადმინისტრაციული დავალებების ბოლომდე მიყვანას, წინა წლის ჩანაწერების გადახედვას.

წარმატებული კრეატორები საკუთარ თავს უფლებას აძლევენ შექმნან ისეთი ნამუშევრები, როგორებიცაა ესკიზები, მონახაზები და დაუმუშავებელი იდეები, რაც მათ შემდგომში დაეხმარება სწრაფი სტარტის აღებასა და პროექტების სრულფასოვნად გაწერაში.

ისინი იცავენ საკუთარ ენერგიას

შეხვედრები, დაგეგმვა, ნეთვორქინგი, ახალი მოთხოვნები – ეს იანვრის შემადგენელია. მაგრამ წარმატებული კრეატორები არჩევით მოქმედებენ. მათ ესმით, რომ ენერგია შეზღუდულია, განსაკუთრებით ზამთრის შუაგულში, ამიტომ ნიშნავენ ნაკლებ შეხვედრებს, მოკლე სამუშაო დღეებს და მკაფიო საზღვრებს ავლებენ სამუშაო დროსა და დასვენებას ან პირად იდეებზე მუშაობას შორის. ისინი აცნობიერებენ, რომ ყველა ზარი არ საჭიროებს პასუხს და ყველა მოსაწვევს არ სჭირდება დათანხმება.

მოთელვა

ახალ პროექტებში პირდაპირ თავით გადაშვების ნაცვლად, წარმატებული კრეატორები დროს უთმობენ საკუთარ ნამუშევართან ხელახლა დაკავშირებას. ეს შეიძლება ნიშნავდეს გასული წლის საყვარელი პროექტების გადახედვას, ძველი საინსპირაციო ფოლდერების დათვალიერებას, კოლაბორატორებთან, კოლეგებთან ან კლიენტებთან ურთიერთობას, რაც გვახსენებს, რომ ფართო ეკოსისტემის ნაწილი ვართ და არ ვართ ჩაკეტილი რაღაც ვაკუუმში.

კრეატორები წლის გეგმებს არ ისახავენ

პროდუქტიულობის „გურუების“ რჩევების მიუხედავად, წარმატებული კრეატორები იშვიათად გეგმავენ მთელ წელს იანვარში. შეიძლება ჰქონდეთ ზოგადი მიმართულებები ან ფოკუსის სფეროები, მაგრამ დეტალური დაგეგმვა ხშირად თვეებზე ვრცელდება, ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირაზე.

რატომ? იმიტომ, რომ კრეატიული კარიერა არაპროგნოზირებადია. პროექტები იცვლება. შესაძლებლობები მოულოდნელად ჩნდება და ინტერესები ვითარდება. მკაცრ წლიურ გეგმაში ჩაკეტვა ხშირად იმედგაცრუებას იწვევს, როცა რეალობა მას არ ემთხვევა.

ისინი სისტემებს ქმნიან და არა მიზნებს

სანამ სხვები შედეგზე ორიენტირებულ მიზნებს ისახავენ (მეტი ფული, დიდი კლიენტები, მეტი ხილვადობა), წარმატებული კრეატორები სისტემებზე ფოკუსირდებიან.

ისინი ქმნიან ჩვევებსა და სტრუქტურებს, რომლებიც კარგ მუშაობას შესაძლებელს ხდის:

რეალისტური გრაფიკები, ადმინისტრაციული პროცესები, რუტინის გამარტივება, კლიენტებთან კონტაქტი, უნარების განვითარება. მართალია, შედეგები არაპროგნოზირებადია, მაგრამ ქცევების გათვლა შეიძლება. შენ ვერ აკონტროლებ, რომელი შესაძლებლობა გამოჩნდება პირველი, მაგრამ შეგიძლია აკონტროლო, რამდენად სტაბილურად მუშაობ, ავითარებ ოსტატობას და ინარჩუნებ ურთიერთობებს.

ისინი ადრე ამბობენ „არას“

იანვარს ხშირად ახლავს ყველაფერზე დათანხმების ცდუნება, რადგან ახალი წლის საწყისია და ერთდროულად შეიძლება ბევრი შემოთავაზება გაჩნდეს. მაგრამ წარმატებული კრეატორები თავიდანვე არჩევით მოქმედებენ.ისინი უარს ამბობენ სამუშაოზე, რომელიც მათ პრაქტიკას არ შეესაბამება. თავს არიდებენ კოლაბორაციებს, რომლებიც მეტ ენერგიას წაიღებს, ვიდრე მოიტანს. უარს ამბობენ პროექტებზე, რომლებიც საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ ზედმეტად გადატვირთავს მათ რესურსებს.

ეს არ არის ქედმაღლობა. ეს პრიორიტეტების სწორად დალაგებაა. სწორად ნათქვამი „არა“ უფრთხილდება თქვენს დროს, ფოკუსსა და კრეატიულ სიჯანსაღეს წლის განმავლობაში.

ისინი ყურადღებას ამახვილებენ გაუმჯობესებაზე და არა ახალი ველოსიპედის გამოგონებაზე

იანვარი – ახალი სტილი, ახალი მიმართულება, ყველაფერი ახალი – ეს გამოწვევა ბევრის წინაშე დგას. მაგრამ წარმატებული კრეატორების უმეტესობა ამ იმპულსს უგულებელყოფს.

ისინი ზრუნავენ იმაზე, რაც უკვე მუშაობს. ვებსაიტის განახლება და არა სრული რედიზაინი. არსებული კლიენტების ურთიერთობების გაძლიერება და არა ახლების დევნა. არსებული უნარების დახვეწა და არა სრულიად ახალი დისციპლინების სწავლა – ეს ის ნაბიჯებია, რაც ნამდვილად წარმატებაზეა ფოკუსირებული. 

მოკლედ რომ ვთქვათ, კრეატორები, რომლებიც დინჯად უყურებენ საქმიანობას, მდგრად და დამაკმაყოფილებელ კარიერას იშენებენ, იანვარს აღიქვამენ, როგორც გადატვირთვას, მომენტს შენელებისთვის, ენერგიის აღსადგენად და მშვიდი გეგმების დასახვისთვის. 

ასე რომ, თუ ამ იანვარში გრძნობ ზეწოლას, ან ფიქრობ, რომ აუცილებლად სპრინტერივით უნდა გაიჭრა, გაიხსენე: შენი კარიერა არ არის ახალი წლის რეზოლუცია. ის გრძელვადიანი პრაქტიკაა.

IKEA-მ „დონატის“ ფორმის პოპულარული სანათის განახლებული ვერსია გამოუშვა

როგორ არ დავკარგოთ ტოპ-თანამშრომლები, როცა მათ დაწინაურებას ვერ ვახერხებთ