16
თებ
2018

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

16 თებ 2018

“Bitcoin: Be your own bank“ – „იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – ამ სლოგანით მოიკიდა ელექტრონულმა ფულმა, იგივე კრიპტოვალუტამ ფეხი საზოგადოებაში და გააჩინა შემდეგი კითხვები: „რაში მჭირდება ბანკი, თუ თავადვე შემიძლია, ვაკონტროლო ჩემი ფინანსები და განვახორციელო ტრანზაქციები?“ ამ კითხვებმა კი სხვა, დამატებითი კითხვისნიშნებიც დასვა: წარმოადგენს, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებისთვის საფრთხეს? რამდენად რეალურია საბანკო მომსახურებაში კრიპტოვალუტის გამოყენება? 


ამ და სხვა საკითხების გარკვევას შევეცადეთ Cryptoz.ge-ს დამფუძნებელ დათა სვიმონიშვილსა და სასერვერო ბაზა მაინერებისათვის – კომპანია 
Worker.ge-სთან:


საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა კრიპტოვალუტით მაინინგში და მსოფლიო რეიტინგში ადგილს ჩინეთის, ისლანდიის, იაპონიისა და ჩეხეთის შემდეგ, მე-5 პოზიციაზე იკავებს. ეს კი გამოწვეულია საქართველოში ელექტროენერგიის გადასახადის დაბალი ღირებულებით, სხვა ქვეყნის ბაზრებთან შედარებით, რაც უფრო მარტივსა და რეალურს ხდის მაინინგიდან ამონაგები თანხის მოპოვებას.


დათა სვიმონიშვილი Cryptoz-ის დამფუძნებელი: პირველ რიგში, კრიპტოვალუტები და საერთოდ, ბლოკჩეინ ტექნოლოგია, მოქმედებს ბანკების საქმიანობის შეზრუდვასა თუ ცვლილებაზე. დღესდღეობით, ბანკი, რეალურად, ასრულებს შუამავლის როლს თანხის შენახვის, ტრანზაქციების და ა.შ. პროცესში და ყველაზე მეტ ფულს აკონტროლებს. თუ მოხდა და მსოფლიოში დაინერგა კრიპტოვალუტები, როგორც გადარიცხვების ალტერნატიული წყარო, ამ შემთხვევაში, ბანკები თავადვე აუწყობენ ფეხს ამ პროცესს. საფრთხე, დიდი ალბათობით, ემუქრება ნაღდ ფულს, რომელმაც შეიძლება, აღარ იარსებოს. ვფიქრობ, რომ ეს გამოიწვევს საბანკო სექტორში ცვლილებებს, რაც ბანკის ვალდებულებებსაც შეეხება.

კრიპტოვალუტებთან დაკავშრებით, ასეთი მოცემულობა გვაქვს დღეს – რაც უფრო ცოტა ხალხი ჩაერთვება კრიპტოვალუტებით ვაჭრობაში, უფრო დიდი შანსია, რომ კურსი დასტაბილურდეს. ახლა ძალიან ბევრი გამოუცდელი ადამიანი ყიდულობს კრიპტოვალუტას იმ მოლოდინით, რომ შემდეგ მასზე ფასი გაიზარდოს და ბევრი ფული იშოვნოს, რაც რეალურად, ძალიან გავლენას ახდენს ბაზარზე. 

მსოფლიო ორად არის გაყოფილი, ზოგ ბანკს აქვს პოტენციალი და მზაობა, აითვისოს და საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს კრიპტოვალუტა, ზოგი კი საფრთხედ აღიქვამს მას, კრძალავს და კლიენტებს არ აძლევს საშუალებას, ბანკის ფულით იყიდონ კრიპტოვალუტა. 

Worker.ge: ბანკები, ზოგადად, ალმაცერად უყურებენ კროპტოვალუტას, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამას დადებით მოვლენად აღიქვამენ და ცდილობენ, ამ კუთხით განვითარდნენ. ბანკებისა და მთავრობების მხრიდან ზეწოლა, ძირითადად, Bitcoin-ზე მოდის და ალბათ, ფიქრობენ, რომ მაგაზეა მიბმული სხვა დანარჩენი ვალუტებიც. ბოლო პერიოდში, ICO (initial coin offer) ძალიან პოპულარული გახდა, შესაბამისად, რისკებიც გაიზარდა და რეგულაციების, დაბლოკვის და ა.შ. საჭიროებაც დადგა. დაზუსტებით ვერ ვიტყვით, 10 წლის მერე რომელი ვალუტა იარსებებს, თუმცა წარმოგვიდგენია, რომ ქაღალდის ფული ხმარებიდან ამოვა. ზუსტად არ ვიცით იმიტომ, რომ აქ საუბარია მთავრობებსა და ქვეყნებს, ბანკირებსა და ფინანსისტებს შორის საერთო შეთანხმებაზე. საქართველოს კი, ამ კუთხით, შეუძლია, მსოფლიოს ყურადღება მიიქციოს:

  • დანერგოს საგადასახადო სისტემაში და შეიმუშავოს დაბეგვრის ფორმები; 
  • დააწესოს რეგულაციები;
  • წაახალისოს ბიზნესი, რომელიც დანერგავს ბლოქჩეინ სისტემას მის საქმიანობაში;
  • უცხოური ინვესტიციები;
  • და უამრავი სხვა სფერო.

კრიპტოვალუტა საბანკო საქმიანობას ხელს ვერ შეუშლის, თუმცა გადაატრიალებს მოახდენს ამ სექტორში. ამ ეტაპზე, ბანკის მოთხოვნაა, შეითავსოს ის, რათა სარგებელი ნახოს – საკომისიოების, პროცენტებისა და მოსმახურების საშუალებით. 


მარკეტერი, გთავაზობთ ინტერვიუს თიბისი ბანკის ფინანსურ დირექტორ გიორგი შაგიძესთან:

  1. რას ფიქრობთ ელექტრონულ ფულზე? აღიქვამთ, თუ არა მას საფრთხედ და რატომ? რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს კრიპტოვალუტის როლის ზრდას ბანკისთვის?
  2. წარმოგიდგენიათ, თუ არა საბანკო მომსახურებაში ციფრული ფულის გამოყენება? როგორ?
     

კრიპტოვალუტა  ახალი თემაა, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის საბოლოოდ რა სახეს მიიღებს. შესაბამისად, ხედვები მის განვითარებასთან ერთად სწრაფად იცვლება. თუმცა, ქვემოთ მოყვანილი პოზიცია გამომდინარეობს დღევანდელი სურათიდან.

 პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ  ელექტრონული ფული საბანკო სექტორისთვის სიახლეს არ წარმოადგენს და მას ბანკები საკმაოდ დიდი ხანია იყენებენ.

საზოგადოდ, ელექტრონულ ფულად მოიაზრება  ყველა ტიპის ფული, რომელიც არსებობს ელექტრონულ ფორმატში (ანუ არა ფიზიკურ ფორმატში – ბანკნოტები, მონეტები) და რომელიც იძლევა ანგარიშსწორების შესაძლებლობას დროის რეალურ რეჟიმში, ქვეყნების საზღვრებს შიგნით და გარეთ.

ელექტრონული ფულის მაგალითებია: ელექტრონული გადარიცხვები, საბარათე ოპერაციები, ასევე ისეთი საგადამხდელო თუ დაგროვებითი სისტემები, სადაც ბანკები მუშაობენ პარტნიორებთან ერთად, მაგალითად PayPal.

რაც შეეხება კრიპტოვალუტას – ეს არის ელექტრონული ფულის სახეობა, რომელიც არ ექვემდებარება ცენტრალიზებულ კონტროლს, მათ შორის არც ცენტრალურ ბანკებს, ზოგ შემთხვევაში კრიპტოვალუტრა არ არის აღიარებული საგადახდო საშუალებად, (ზოგიერთ ქვეყანაში გადაწყვეტილიც არ არის რა გადასახადებთან არის დაკავშირებული კრიპტოვალუტური  მოძრაობა და საერთოდ ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას) და როგორც წესი, მუშაობს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მეშვეობით.

ძალიან რთულია იმაზე საუბარი, თუ რა როლი ექნება კრიპტოვალუტებს მომავალში და რამდენად მოხდება მათი უფრო აქტიური გამოყენება. თუმცა, დიდი ალბათობით, კრიპტოვალუტის როლი პროგნოზირებად მომავალში საკმაოდ შეზღუდული იქნება.

ამის ძირითადი მიზეზი არის ის ფაქტი, რომ როგორც არ უნდა განვითარდნენ კრიპტოვალუტები, ძნელი წარმოსადგენია, რომ მთავრობები და ცენტრალური ბანკები დათანხმდნენ საგადამხდელო საშუალებების  კრიპტოვალუტებით ჩანაცვლებას.  ანუ იმ ფაქტს, რომ არაკონტროლირებადმა ვალუტამ, რომელსაც ზოგ შემთხვევაში არაგამჭვირვალე მმართველობით სტრუქტურაc მართავს, მნიშვნელოვანი წილით ჩაანაცვლოს დოლარი, ევრო, იუანი და ასე შემდეგ.

 შორეულ მომავალში, გამორიცხული არ არის, რომელიმე ელექტრონულმა ვალუტამ უფრო მეტი როლი ითამაშოს და მეტი გამოყენება ქონდეს საგადამხდელო სისტემებში. ასეთ შემთხვევაში, მათი საბანკო სისტემაზე გავლენის შესაფასებლად, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ცენტრალური და კომერციული ბანკები.

 პროცესების ასეთი განვითარება ძირეულად შეცვლის ცენტრალური ბანკის ფუქნციას მართოს ქვეყანაში ფულის მიმოქცევა და აწარმოოს ფულადსაკრედიტო პოლიტიკა. ამ შემთხვევაში,  მნიშვნელოვნად შეიცვლება ცენტრალური ბანკების როლიც და მათაც მოუწევთ მნიშვნელოვანი  ცვლილებები ახალი როლის შესასრულებლად.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, კომერციული საბანკო სისტემა არის გაცილებით უფრო კომპლექსური და მრავალფუნქციური, ვიდრე მისი ის ნაწილი, სადაც კრიპტოვალუტა არის რელევანტური. კრიპტოვალუტის როლის ზრდა, თუ ეს მოხდება, გააჩენს საბანკო სექტორისთვის ახალ შესაძლებლობებს, რომლებსაც წარმატებული ბანკები მათი და მომხმარებლების სასარგებლოდ გამოიყენებენ. რაც შეეხება ნაკლებად წარმატებულ ბანკებს, ეს მათთვის დამატებითი პრობლემა გახდება.

პარალელის გავლება შეიძლება თუ როგორც ცდილობენ სხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები საბანკო სექტორის საქმიანობაში ადგილის დასამკვიდრებლად,

აქ ვხვდებით მობილურ ოპერატორებს, ტექნოლოგიურ გიგანტებს (Google), ტელეფონების მწარმოებლებს, Apple pay, Samsung pay და ასე შემდეგ. მსგავსი მცდელობები წარმატებული ბანკებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, ხოლო ნაკლებად მოქნილებს რთულ კონკურენტულ პირობებში აყენებს.

 მეორე კითხვა, რაც კრიპტოვალუტაზე საუბრისას ჩნდება, ეს არის გაძვირდება თუ არა კონკრეტული კრიპტოვალუტა. აქ, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს კრიპტოვალუტები დღევანდელი მდგომარეობით შემოსავალს თავად არ ქმნიან და მათი ღირებულება დამოკიდებულია მხოლოდ მომხმარებლის მოლოდინზე თუ როგორ გაიზრდება მათი ფასი მომავალში. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ კონკრეტული კრიპტოვალუტის ჩანახვლება შედარებით მარტივია სხვა მსგავსი კრიპტოვალუტით. ამ მოსაზრებების საპირისპიროდ, საუბარია კრიპტოვალუტის დაგროვებით ფუნქციაზე (ასეთი ფუნქცია აქვს ოქროს) და მის ქსელურ ეფექტზე, რომელმაც განკვეულწილად განსაზღვრა კიდეც კრიპტოვალუტების ფასის ზრდა.
კრიპტოვალუტის სწორი ფასის დადგენა, ძალიან კომპლექსური და რთული პროცესია, რომელსაც სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. უმეტესმა ცენტრალურმა ბანკებმა, მათ შორის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა,  მომხმარებელი გააფრთხილა კრიპტოვალუტაში ფულის დაბანდების  მაღალ რისკებზე.  ჩემი აზრით, სათანადო ცოდნისა და მომზადების გარეშე მომხმარებლის მიერ ასეთი რისკის აღება, გამართლებული არ არის.

ბუნებრივია, ყოველთვის იარსებებენ ისეთი მომხმარებლები, რომლებსაც სწორად შეუძლიათ გათვალონ რისკები და უზრუნველყონ თავიანთი ინვესტიციის სწორი დივერსიფიკაცია. ასეთ მოხმარებლებს მომავალში საშუალება ექნებათ თიბისი ბანკის მეშვეობით აწარმოონ კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები.



განხილვა