Covid-19-ის ვაქცინაციის მცდელობები აშშ-ს მასშტაბით აქტიურად გრძელდება. მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებები, რათა ერთობლივი ძალებით იზრუნონ კორონავირუსის დამარცხებაზე. ახლა კი Krispy Kreme-მა, ვაქცინაციის გაძლიერების მიზნით, ხალხს “ტკბილი სტიმული” მისცა – დონატები!
ორშაბათს დონატების მწარმოებელმა ახალი აქცია გამოაქვეყნა, რომელიც ერთ უფასო დონატს სთავაზობს ყველას, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ეს აქცია 31 დეკემბრამდე გაგრძელდება – გამოდის, თითქმის ერთი წლის განმავლობაში დღეში ერთი გემრიელი დონატი გარანტირებულია!
უფასო დონატების მისაღებად საჭიროა, ვაქცინაციის ბარათში აღნიშნული იყოს, რომ “მოდერნას” ან “ფაიზერის” მინიმუმ ორი ან Johnson & Johnson-ის ერთი დოზა გაქვთ გაკეთებული. “მე ვაქცინირებული ვარ” სტიკერი არ იმოქმედებს. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, თანამშრომლები არ გადაუღებენ ფოტოებს და გაავრცელებენ მომხმარებელთა ვაქცინაციის ბარათს, რადგან ის პირად ინფორმაციას შეიცავს.
როგორც ჩანს, Krispy Kreme არა მხოლოდ ვაქცინირებულებზე, არამედ ყველაზე ზრუნავს – “ჩვენ გვესმის, რომ Covid-19-ის ვაქცინის გაკეთება ძალიან პირადული გადაწყვეტილებაა. თუ არ გსურთ მისი მიღება, შეგიძლიათ, ორშაბათობით უფასოდ მიირთვათ ერთი დონატი და საშუალო ზომის ყავა, რათა თქვენი კვირა კარგად დაიწყოს”. ეს შეთავაზება 29 მარტიდან 24 მაისამდე გრძელდება.