კრივი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 1904 წელს სენტ ლუისში გამოჩნდა და მას მერე ყველა ოლიმპიადაში იყო შეტანილი 1912 წლის (სტოკჰოლმი) გარდა. ქალთა კრივი ოლიმპიადის პროგრამაში ცოტა ხნის წინ, 2012 წელს, ლონდონში შეიტანეს, გასული, 2016 წლის რიოს ოლიმპიადიდან მოყოლებული კი, რინგზე უკვე პროფესიონალი მოკრივეებიც ვიხილეთ.
კრივში ორთაბრძოლა სამ რაუნდს გრძელდება თითოეული 3 წუთი. მოკრივეებს მხოლოდ მუშტის დარტყმის უფლება აქვთ (წელს ზემოთ), აკრძალულია მოწინააღმდეგის დაჭერა, მახრჩობელა ილეთი, სხეულით ბიძგი, ფეხის ჩადგმა, გდება, დარტყმები თავით, იდაყვითა და მუხლით, ასევე ბაგირზე ჩამოკიდება. თუკი დარტყმის შემდეგ მოკრივე რინგზე აღმოჩნდა და 10 დათვლაში ვერ წამოდგა, ფიქსირდება ნოკაუტი და ვადამდელი გამარჯვება. არსებობს ტექნიკური ნოკაუტიც, როდესაც მოკრივე ტრავმას იღებს ანაც მეტოქის შეტევების დროს თავის დაცვას ვეღარ ახერხებს. თუკი ორთაბრძოლა ბოლომდე დასრულდა, გამარჯვებულს მსაჯთა კოლეგია აცხადებს, რომელიც მიყენებულ დარტყმებს ითვლის.
გასაკვირი არაა, რომ კრივში ყველაზე წარმატებული ოლიმპიელები აშშ-ს ჰყავს: 50 ოქროს, 24 ვერცხლისა და 40 ბრინჯაოს მედალი. ამერიკელებს კვალში კუბა (37, 19, 17) და დიდი ბრიტანეთი (18, 13, 25) უდგანან. ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოკრივეები კუბელები ფელიქს სავონი და ტეოფილო სტივენსონი და უნგრელი ლასლო პაპი არიან, რომელთა აქტივშიც 3-3 ოქროს მედალია.
ტოკიოში კრივში შეჯიბრი 24 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ტარდება და მასში 291 სპორტსმენი იქნება ჩართული 81 ქვეყნიდან. თითო ქვეყანას წონაში ერთ მოკრივეზე მეტის წარდგენის უფლება არ აქვს, სულ კი, გათამაშდება 13 მედალი (8 კაცებში, 5 ქალებში). უკვე ტრადიციულად, ნახევარფინალში დამარცხებული სპორტსმენები პირდაპირ ბრინჯაოს მედლებს მოიპოვებენ. ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე მოკრივეები რინგზე ჩაფხუტების გარეშე გავლენ, თუმცა, ეს წესი ქალებზე არ ვრცელდება.

ქართული კრივის ისტორია
სპორტის ისტორიის მკვლევართა მტკიცებით, კრივს ჯერ კიდევ ანტიკური ხანის საქართველოში მისდევდნენ. ამ მოსაზრების ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთია ვანში აღმოჩენილი სკულპტურის ფრაგმენტი – მარჯვენა ხელი ტყავის უთითო ხელთათმნით და ზემოდან გადაჭიმული ტყავისავე ბრტყელი თასმით, ე.წ. სამუშტე ღვედებით. გვიანდელი ცნობებით ირკვევა, რომ კრივს ტრადიციულ ხალხურ ასპარეზობათა შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ასეთი შეჯიბრებები მეტწილად სახალხო და რელიგიურ დღესასწაულებზე იმართებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ქართლში, მესხეთში, კახეთში. თბილისური კრივი თეატრალიზებულ სანახაობას ჰგავდა და მას ხალისით ეტანებოდა საზოგადოების სხვადასხვა ფენა. კრივის დიდი მოყვარული ყოფილა პოეტი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ორბელიანი.
XX საუკუნის დასაწყისში რინგზე შიშველი მუშტით ბრძოლა ხელთათმანებით კრივმა შეცვალა, შესაბამისი სექციები კი საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსნა, მათ შორის სოხუმსა და ბათუმში, მოგვიანებით – ფოთსა და ქუთაისში. მეორე მსოფლიო ომამდე და ომის შემდგომ წლებში საქართველოს მოკრივეებმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს: სსრ კავშირის ჩემპიონები გახდნენ გიორგი ვართანოვი (სამჯერ), შალვა გორგასლიძე, ანდრო ნავასარდოვი, ლევან ღუდუშაური და გაბრიელ ხანუკაშვილი. მომდევნო თაობის მოკრივეთაგან გამოირჩეოდნენ ძმები ნოდარ და გივი დარბაისელები, ფრიდონ ლომიძე, თათეოს მიქაელიანი, რობერტ კალაჯევი და სხვები. 1936 და 1945 წლებში საქართველოს ნაკრებმა ორჯერ მოიგო სსრკ გუნდური პირველობა.
საერთაშორისო სარბიელზე პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა დავით კვაჭაძემ, რომელმაც 1977 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. 1993 წელს ეს შედეგი გაიმეორა ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა მოკრივემ გიორგი კანდელაკმა. ოთხი წლის შემდეგ იგი მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და პროფესიონალურ რინგზეც წარმატებით გამოდიოდა. 1996 წელს ატლანტის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის მედროშე სწორედ კანდელაკი იყო. ქართველთაგან პირველი ოლიმპიური მედალი (ბრინჯაო) რამაზ ფალიანმა დაისაკუთრა, თუმცა, 1992 წელს ბარსელონაში გამართულ ოლიმპიადაზე საქართველო დსთ-ს ქვეყნების ერთიანი ნაკრების შემადგენლობაში იყო. აი, 2000 წელს კი, სიდნეიში ვლადიმერ ჭანტურიამ ბრინჯაოს მედალი უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით მოიპოვა. სხვადასხვა დროს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორები იყვნენ: კობა გოგოლაძე, ზურაბ სარსანია, აკაკი კაკაურიძე, პაატა გვასალია, რამაზ გაზაშვილი, კონსტანტინე კუპატაძე და ნიკოლოზ იზორია.
საქართველოს კრივის ფედერაცია 1991 წლის 16 ივნისს დაფუძნდა, 1992 წლის აპრილიდან კი საერთაშორისო სამოყვარულო კრივის ასოციაციის (AIBA) და ევროპის სამოყვარულო კრივის ასოციაციის (EABA) წევრია. ტოკიოში საქართველოს ღირსებას 3 მოკრივე იცავს: სახილ ალახვერდოვი (52 კგ.), ესკერხან მადიევი (69 კგ.) და გიორგი ხარაბაძე (75 კგ.). პირველი ოლიმპიადაში 23 წლის ალახვერდოვი ჩაება, რომელიც ჩეჩნეთშია დაბადებული, ბავშვობა სტამბოლში გაატარა, საქართველოში კი 2011 წლიდან ცხოვრობს. ესკერხანმა ოლიმპიური ტურნირი 1/16-ფინალიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ლორენსო სოტომაიორი იყო. იგი წარმოშობით კუბელია, უკვე 36 წლისაა და რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია.
ქართველი მოკრივეები ოლიმპიადაზე:
24 ივლისი: ესკერხან მადიევი (-69 კგ). 1/16 ფინალი
26 ივლისი: სახილ ალახვერდოვი (-52). 1/16 ფინალი
26 ივლისი: გიორგი ხარაბაძე (-75). 1/16 ფინალი
27 ივლისი: ესკერხან მადიევი (-69). 1/8 ფინალი
29 ივლისი: გიორგი ხარაბაძე (-75). 1/8 ფინალი
30 ივლისი: ესკერხან მადიევი (-69). 1/4 ფინალი
31 ივლისი: სახილ ალახვერდოვი (-52). 1/8 ფინალი
1 აგვისტო: ესკერხან მადიევი (-69). 1/2 ფინალი
1 აგვისტო: გიორგი ხარაბაძე (-75). 1/4 ფინალი
3 აგვისტო: ესკერხან მადიევი (-69). ფინალი
3 აგვისტო: სახილ ალახვერდოვი (-52). 1/4 ფინალი
5 აგვისტო: სახილ ალახვერდოვი (-52). 1/2 ფინალი
5 აგვისტო: გიორგი ხარაბაძე (-75). 1/2 ფინალი
7 აგვისტო: სახილ ალახვერდოვი (-52). ფინალი
7 აგვისტო: გიორგი ხარაბაძე (-75). ფინალი











