კორ სტანდარტ ბანკში უკვე ერთი წელია რებრენდინგი მიმდინარეობს. დღეს ახალი ბრენდი – ახალი სახელით, კორპორატიული სტილითა და საკომუნიკაციო სტრატეგიით გასაშვებად უკვე მზად არის. ტერაბანკი – ბანკის ახალი სახელია და მის ვიზულურ აიდენტიკისა და კონცეფციის შექმნაზე ესპანურმა ბრენდინგ სააგენტომ – დელგადომ, ყოფილმა – სენტეომ იმუშავა.
რა ბარიერი აქვს მომხმარებელს, როდესაც ის ბანკში მიდის და როგორი გარემო იქნებოდა უფრო კომფორტული მისთვის? – ამ კითხვებზე პასუხი დელგადოს კონსულტანტებმა გასცეს. მათი შეფასებით, მომხმარებელი ყველაზე უკეთ თავს სახლის მსგავს, მყუდრო და კომფორტულ ფილიალში იგრძნობს. სწორედ ამიტომ ტერაბანკის ბრენდის კონცეფცია ერთი მესიჯის – ფინანსური სახლის ირგვლივ შეიქმნა.
”აქ ყველაფერი თქვენი მეგობრის მყუდრო სახლის მისაღებ ოთახს ჰგავს. რთულად თუ გაავლებთ პარალელს რომელიმე სხვა ბანკის სამუშაო ოფისთან. რადგან ტერაბანკში, რბილი ავეჯი, კომფორტული სავარძლები, საოჯახო ფოტოსურათები და ბუხარიც კი არის. ტერაბანკის თანამნშრომლები მომხმარებლებს საპატიო სტუმრის სტატუსით მასპინძლობენ და მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურებას კომფორტულ გარემოში უწევენ. ჩვენი თანამშრომლებისთვის, მთავარი მომხმარებელთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებაა. მყუდრო, მეგობრული ფინანსური სახლის იდეა მხოლოდ ინტერიერსა და თანამშრომლების საკომუნიკაციო სტილში არ გამოიხატება. ტერაბანკში გამარტივებული და დახვეწილია საბანკო პროცედურები და პროდუქტები. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს, რომელიც ტერაბანკის ფინანსურ სახლში მოდის, ჰქონდეს განცდა რომ აქ ესმით მისი საჭიროებების შესახებ, მარტივი ენით სთავაზობენ იმ მომსახურებას, რაც მას სჭირდება და კონკრეტულად ამ ერთი ადამიანის სტუმრობა ჩვენს სახლში მნიშვნელოვანია. The right mix for me – სწორედ ეს არის ბრენდის დანაპირები, რომელიც საკომუნიკაციო სააგენტომ განსაზღვრა.
საფირმო ნიშნის შექმნაზე დელგადომ იმუშავა და ის ქართული ტ-სა და ინგლისურის თ-სა გაერთიანებით შეიქმნა. ლოგოტიპის იდეა ასევე აერთიანებს მიწიდან ამოსულ მცენარეს, რომელიც ფოთლის სახით გამოიხატება. ტერაბანკი – მისი ბრენდის უშუალო და მეგობრული საკომუნიკაციო სტილიდან გამომდინარე იწერება პატარა თ-თი. ტერაბანკის სახელის ქართულ ენაზე ადაპტირებაზე აკაკი რაზმაძემ იმუშავა.
ტერაბანკის გარემო რადიკალურად განსხვავდება სხვა საბანკო ოფისებისგან. მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ბანკს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურება მყუდრო და კომფორტულ გარემოში შეეთავაზებინა. ამ გამოწვევის წინაშე ბანკი მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ერთი წლის წინ ბიზნესსტრატეგია შეიცვალა და მთავარ სამიზნე სეგმენტად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები განისაზღვრნენ. ისინი ჩვენთვის მხოლოდ მომხმარებლები არ არიან, ჩვენ მათ პარტნიორებად განვიხილავთ, ვიღებთ გამოცდილებას ბიზნესში მათთან ურთიერთობით და შესაბამისად, ჩვენ გვსურს, რომ მათ ვუმასპინძლოთ, როგორც სტუმრებს, როგორც მეგობრებს, მყუდრო და მეგობრულ ფინანსურ სახლში – აცხადებენ ტერაბანკში.