in

საქართველოს 5 რეგიონის მიტოვებული შენობები ქართული კინოს დღეებმა გამოაცოცხლა

მიტოვებულ შენობებს ბევრნაირი ემოციის გადმოცემა შეუძლიათ. ისინი ხშირად ხდებიან ინსპირაციის საგნები ხელოვანებისთვის და არა მარტო, თუმცა მათ ყოველთვის თავისებური სევდა დაჰყვებათ ხოლმე, სევდა, რომელიც მძაფრდება მაშინ, თუ შენობას კულტურული დანიშნულება ჰქონდა და ახლა ცარიელ, ცივ კედლებად არის ქცეული. 

საქართველოს რეგიონებში განსაკუთრებით მრავლადაა ასეთი ნაგებობები, რომლებიც ყოფილ კულტურულ ცენტრებად გვევლინებიან და ახლა მათი კარი დაკეტილია. კიდევ უფრო სევდიანი ის ამბავია, რომ არა მხოლოდ შენობა, არამედ ის ადამიანებიც თავისდაუნებურად წყდებიან კულტურულ ღონისძიებებს, ვინც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს და შორს გადაადგილების ფუფუნება ხშირად ვერ ეძლევა.

სწორედ ამ მიზეზით, გაერთიანება „ქსელი” ქართული კინოს დღეებს მასპინძლობს და 5 სხვადასხვა ლოკაციაზე ქართული ფილმების კინოჩვენებას აწყობს. ღონისძიებამ სტარტი 7 ნოემბერს აიღო და 15 ნოემბრის ჩათვლით ფილმები გორში, ამბროლაურში, თეთრიწყაროში, ბოლნისში, კასპსა და ლაგოდეხში იქნა ნაჩვენები. პროექტი, ერთი მხრივ, აცოცხლებს ძველ კულტურულ სივრცეებს, მეორე მხრივ კი, ადგილობრივებს საშუალებას აძლევს, საერთო კულტურული ცხოვრების აქტიურ წევრებად იქცნენ. 

ბეთლემი

ქსელი” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, საერთო იდეებისა და გამოწვევების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების და ორგანიზაციების კავშირია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. 

„ქსელისა” და ქართული კინოს დღეების შესახებ გვესაუბრება თეონა დალაქიშვილი, Komli-ს თანადამფუძნებელი და „ქსელის” ერთ-ერთი წევრი:

M: რა მიზნით შეიქმნა „ქსელი”, რამდენი ხანია, ვისი იდეა იყო პირველად და დღეს ვინ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ამ დიდ გუნდს აერთიანებთ?

ამბავი დაიწყო ბოლნისიდან, როდესაც ვანო ერისთავმა და ლაზარე გონელმა, ქსელის წევრებმა, თორნიკე ადამაშვილთან ერთად, ბოლნისის კინოთეატრის აღდგენაზე მუშაობა დაიწყეს.

ეს თვითორგანიზებული გუნდი 2013-2014 წლებში შეიკრიბა, მართავდნენ აქციებს, აგროვებდნენ ხელმოწერებს მოსახლეობაში და კინოს აღდგენას ითხოვდნენ, აწყობდნენ ღია კინოჩვენებებს. მიუხედავად რაოდენობრივი სიმცირისა, მათ მაინც მოახერხეს ის, რომ შენობა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტს დაუბრუნა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან ბევრი კულტურის სახლი და მუნიციპალური კინოთეატრი დღეს კერძო მფლობელობაშია. ბევრზე კი ჯერაც უდგათ თვალი სასტუმროების მფლობელებსა და სხვა მეწარმეებს. 2015 წელს მუნიციპალიტეტმა პროექტიც მოამზადა, პირველ ეტაპზე კინოთეატრის სახურავი უნდა შეეკეთებინათ, მაგრამ სპონსორი არ გამოჩნდა და ეს საქმეც ფურცელზე დარჩა.

შემდეგი ეტაპი იყო „ინდიგოს” დაინტერესება ბოლნისის კინოთეატრით. სამი წლის წინ, არავის სჯეროდა, რომ აქედან რამე გამოვიდოდა, რადგან მსგავსი გამოცდილება ჯერ კიდევ ძალიან ცოტა იყო ქვეყანაში. რამდენიმე უარის შემდეგ მოხერხდა პირველი, სიმბოლური დაფინანსების მოძიება, რომ პირველ რიგში, ჩვენებები აღდგენილიყო. გუნდის მიზანი იყო ეს თემა მინიმუმ მედია სივრცეში დარჩენილიყო და გაგრძელებულიყო დისკუსიები კულტურის დეცენტრალიზაციის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე. 

ბოლნისი

M: როგორ ირჩევა ის ლოკაციები, სადაც უნდა ჩატარდეს ჩვენება და როგორ ირჩევა ფილმები, რომლებიც უნდა იქნეს ნაჩვენები?

ქსელი არ არის ცენტრიდან მართული ინიციატივა. ქსელი რეგიონული, ადგილობრივი ორგანიზაციების გაერთიანებაა და ინიციატივაც მათგან მოდის. ეს ადამიანები ყველაზე უკეთ იცნობენ იმ გარემოს, სადაც ცხოვრობენ. იციან, რა რესურსია ადგილზე და შესაბამისად ირჩევენ ადგილებს ფილმის საჩვენებლად, ფილმის თემატიკასაც. აქ მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რამდენად საკვანძოა თავად რეჟისორების მხარდაჭერა და ჩართულობა. 

მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ გროვდებოდა მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული მუნიციპალური კინოთეატრებისა და კულტურის სახლების შესახებ. პროექტის დაწყების დღიდან ვეძებდით ახალგაზრდა ენთუზიასტებს, რომლებსაც მსგავსი გამოწვევები ჰქონდათ თავიანთ რეგიონებში და თანამოაზრეები, მხარდამჭერები სჭირდებოდათ. ასე გაჩნდა ქსელის შექმნის იდეაც.

M: როგორია ზოგადად იმ რაიონების მოსახლეობების შეფასება, რას გეუბნებიან, რამდენად აკლდათ მათ ეს ყველაფერი და კმაყოფილნი არიან თუ არა ამ კინოჩვენებებით?

ინტერესი ჩვენთვის არ ფასდება მხოლოდ დასწრებით. კინოჩვენებებისთვის მზადება თავად იყო თვითორგანიზებისა და თანაშექმნის/თანამონაწილეობის იდეალური მაგალითი. ჩართულია ყველა: მოსახლეობა, სკოლა, მოსწავლეები, სამეზობლო, ზოგ ადამიანს შეიძლება უბრალოდ სკამები მოჰქონდეს, ზოგი ალაგებდეს, მეზობელი ელექტროენერგიას გვიჭიმავდეს, ან გამათბობელი მოჰქონდეს. ეს არის სივრცის ერთობლივად გაცოცხლების პროცესი. ხშირად  ჩართულია ადგილობრივი მთავრობაც, რადგან იმ ფონზე, როდესაც რთულია, მოსახლეობას შესთავაზო კულტურულად მრავალფეროვანი ღონისძიებები, ქსელი არის ხიდი, მედიატორი, განსაკუთრებით თანამედროვე ქართულ კინოსა და რეგიონების მოსახლეობას, თემს შორის. 

M: რა არის საჭირო და რა სირთულეებს უკავშირდება „ქსელის” წევრებისთვის ამ კინოჩვენებების ორგანიზება?

საჭიროა რესურსების რეგულარული მობილიზება, საჭიროა ინტერესის შენარჩუნება და ამ ჩართულობის უფრო მეტად გაზრდა და გააქტიურება. კინოს დრო ყოველთვისაა, კინო არ არის მხოლოდ  2 საათი, რა დროსაც კონკრეტულ ფილმს ვუყურებთ, ეს არის შემეცნების პროცესი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მართვის მოდელის შემუშავებაა. მოდელის, რომელიც იქნება დეცენტრალიზებული, დამოუკიდებელი და მდგრადი ფინანსური თვალსაზრისით, რაზეც ახლა ქსელი აქტიურად მუშაობს. 

M: რა მოლოდინები გაქვთ ამ პროექტისგან და სამომავლოდ როგორი გეგმებია?

ფაქტობრივად ახლა ვიწყებთ ყველაფერს და გვინდა, ფესტივალი ყოველწლიური იყოს.  ფესტივალიდან ფესტივალამდე კი გვექნება სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებები, მათ შორის, გაცვლითი ღონისძიებებიც, სადაც ქსელის წევრები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას. 

 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Maxtherm წლევანდელი Spotlight-ის მხარდამჭერია!

Pullman Tbilisi Axis Tower უერთდება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისს