in

„კახური ტრადიციული მეღვინეობა” (KTW) ბორდოში, გამოფენაზე „საქართველო – მეღვინეობის აკვანი”

ღვინის ცივილიზაციის ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin), საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ მიმდინარეობს. „კახური ტრადიციული მეღვინეობა” (KTW) ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ვიზიტორებს, დარგის ექსპერტებსა და „ბაიერებს” საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ.

 

KTW-ის დამფუძნებლის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მისი კომპანია ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გამართულ გამოფენებში გასულ წლებშიც მონაწილეობდა. ამბობს, რომ სწორედ ამის შედეგია, წლიდან წლამდე, მათი პროდუქციის მიმართ ინტერესი რომ მატულობს და შესაბამისად, გაყიდვებიც იზრდება. მისი აზრით, გამოფენა ბორდოში წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ღონისძიების მასპინძელი ქვეყანაა.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=6ZKmAsrA9tk[/embedyt]

 

ზურაბ ჩხაიძე: ვფქრობ, ეს არის გრანდიოზული, დიდი გამოწვევების და იმავდროულად, დიდი შესაძლებლობების პროექტი. გამოფენა უკვე მიმდინარეობს, 14 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, მისი ოფიციალური გახსნაა დაგემილი, ნოემბრის ბოლოს კი ღონისძიება დაიხურება. გამოფენის მიმდინარეობისას კომპანიები საკუთარ პროდუქციას წარადგენენ, ხდება დეგუსტაცია, შეთავაზება და გაყიდვა (აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე წარსადგენი ღვინოები დახურული დეგუსტაციით შეარჩიეს). ჩვენ მიერ გამოფენაზე წარდგენილი ღვინოების პირველი პარტია, რამდენიმე ასეული ბოთლი, უკვე რეალიზებულია. საკმაოდ დიდი ყურადღება დაიმსახურეს და მნიშვნელოვანი წარმატება ხვდათ წილად ჩვენს ბრენდებს: „როიალ მუკუზანი“, „ქვევრის საფერავი“ და  „გურამიშვილის მარნის“  წითელი ყურძნის იშვიათი ჯიშის ღვინოებს. გამოფენის დახურვის შემდეგ მუშაობა და პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება – ეს გრძელი, მაგრამ მეტად საინტერესო პროცესია.

M: რას გაძლევთ ამ გამოფენაში მონაწილეობა და წლიდან წლამდე, როგორ აისახება ეს თქვენი კომპანიის წარმატებაზე?

პირველ რიგში, ჩვენ მიმართ სულ უფრო მეტი ინტერესი ჩნდება, ვამყარებთ ახალ კონტაქტებს,  ძველ პარტნიორებთან კი ურთიერთობა უფრო ღრმავდება. გარდა ამისა, წლიდან წლამდე, ჩვენი პროდუქცია ექსპერტებისა და „ბაიერებისთვის” უფრო  საინტერესო ხდება, რადგან ისინი ჩვენი ღვინოების გემოსა და არომატში ყოველ წელს ახალ აღმოჩენებს აკეთებენ. რაც შეეხება შედეგებს – მეტ ინტერესს მეტი გაყიდვები მოაქვს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ღვინის ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია ადგილობრივი, ტრადიციული ღვინოებით, რომელთაც ევროპელი მომხმარებელი უკვე შეჩვეულია. ამიტომ, დიდი ძალისხმევა და გარკვეული დროა საჭირო, ევროპამ ჩვენი ღვინო  უკეთ რომ გაიცნოს.  სწორედ ამის შესაძლებლობას გვაძლევს გამოფენა ბორდოში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს პროდუქციას მხოლოდ ევროპელებს ვაცნობთ – გამოფენას სტუმრობენ ვიზიტორები, ექსპერტები, „ბაიერები” რუსეთიდან, უკრაინიდან, აზიისა და სხვა ქვეყნებიდან. მაგალითად ძალიან მზარდია ინტერესი ჩინეთის, იაპონიის, ინდოეთის ბაზრებიდან, სადაც ქართულ ღვინოს დიდი პერსპექტივა აქვს. გამოფენაში ჩვენი მონაწილეობის ერთ-ერთი შედეგიც სწორედ ამ ბაზრებზე ჩვენი მოხვედრაა.

M: ბორდოში მიმდინარე გამოფენის სახელწოდება – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ – უკვე ნიშნავს ქართული ღვინის მსოფლიო აღიარებას. რა წვლილი აქვს თქვენს კომპანიას ამ აღიარებაში?

დიახ, მსოფლიო მეღვინეობამ ვაზის აკვნად საქართველო უკვე აღიარა. მეამაყება, რომ ჩვენ ქვეყანაში მეღვინეობის დარგის  განვითარებაში KTW GROUP-ს საკუთარი მოკრძალებული წვლილი შეაქვს. საქართველოს რეგიონების მიხედვით სხვადასხვა  მიმართულება გვაქვს: კახური, ქართლის, 2 წლის წინ ქარხანა ავაშენეთ აჭარაში, ქედაში, მომავალ წელს კი გურიის პროექტს დავასრულებთ. ასეწ რომ, თითქმის ყველა რეგიონში ვართ წარმოდგენილები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოფენაში ჩვენი მონაწილეობა. „საქართველო – მეღვინეობის აკვანი” გვაძლევს საშუალებას, მეტად გავაცნოთ მსოფლიოს ქართული მეღვინეობა, დაინტერესებულ პირებს ჩვენი ღვინოების შესახებ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, მათ შორის, პირადი ურთიერთობებითაც; ამასთან, ეს გამოფენა კარგი შესაძლებლობაა, თავადაც უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ მეღვინეობის მსოფლიო ტენდენციებსა და სიახლეებზე, რისი გენერატორიც სწორედ საფრანგეთი და ბორდოა.

 M: რა გავლენას ახდენს მსგავსი ღონისძიებები მეღვინეობის განვითარებაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი აქტივობები საქართველოსთვის?

ღვინის მწარმოებელი ნებისმიერი ქვეყნის მიზანი ისეთ მსოფლიო ფორუმებში მონაწილეობაა, როგორიც ბორდოს გამოფენაა. საქართველო ყოველთვის ისწრაფვოდა ევროპის ბაზრისკენ და ამ გამოფენის მოწყობით ეს მიზანი მიღწეულია, რადგან ბევრი ქვეყანა ამას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს. ამ წარმატების მიღწევა კი სახელმწიფოს დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა და  4-5 წლიანი მუშაობის შედეგი სახეზეა – საქართველო გამოფენის მასპინძელი ქვეყანაა. სწორედ სახელმწიფოს, მისი პირველი პირების პირადი წვლილია ამ წარმატებაში, რადგან მხოლოდ ჩვენ, ღვინის კომპანიები ამ შედეგამდე ვერ მივიდოდით. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეღვინეობის დარგისა და სახელმწიფოს ერთობლივი წარმატებული პროექტი, რომლის დაგეგმვა-დაფინანსებისა და   მსოფლიოს წინაშე ქართული მეღვინეობის ღირსეულ წარდგენისთვის საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენას ახდენს მსგავს ფორუმეში მონაწილეობა: დარგი მუდამ ვითარდება – აი, შედეგი.  გავიხსენოთ, რა მდგომარეობაში იყო მეღვინეობა 10-15 წლის წინ – საბჭოთა კავშირის დროინდელი, ე.წ. შავ-თეთრი ქარხნები, მოძველებული ტექნიკითა და ტექნოლოგიებით, რომლითაც თანამედროვე მოთხოვნების პროდუქციის გამოშვება შეუძლებელი იყო. ჩვენ მეღვინეობაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა დავიწყეთ – KTW ჯგუფი დღეს  3 თანამედროვე ღვინის ქარხნის, 2 ტრადიციული მარნისა და 7 ტურისტული ობიექტის მფლობელია, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამებიან. მოგეხსენებათ, მსოფლიოში ცნობილი  ღვინის ტურიზმი საქართველოშიც სწრაფად ვითარდება და ეს კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა, საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ვაზის აკვანი და ღვინის სამშობლო.

ფუფუნება X7-ის სტილში! – BMW-ს ორიგინალური ვიდეორგოლი

რონალდინიო, რუდ ვან ნისტელროი და იერჟი დუდეკი Heineken-ის ვიდეორგოლებში – კამპანია #ShareTheDrama