პაკისტანელი წარმოშობის ამერიკელი მხატვარი Anila Kuayum Agha თავის მრავალფეროვან კულტურულ არეალს შთაგონების წყაროდ იყენებს. ის ინსტალაციების სახით საოცარ კუბებს ქმნის, რომლებიც შუქსა და ჩრდილს შორის არსებულ დინამიკას გადმოსცემს… ამასთანავე, თითოეული მათგანი სხვადასხვა პოლარობას განასახიერებს, როგორიცაა მამაკაცური და ქალური, რელიგიური და საერო.
“ცხოვრებას სხვადასხვა რელიგიის საზღვარზე, როგორიცაა ისლამი და ქრისტიანობა… და ისეთ კულტურებში, როგორიცაა პაკისტანი და აშშ, დიდი გავლენა აქვს ჩემს ხელოვნებაზე. ის სავსეა გაუცხოებისა და დროებითობის განცდით, რაც ზოგადად ახასიათებს მიგრანტთა გამოცდილებას”.

მართლაც, ორმაგობა ყოველთვის იგრძნობა მის შემოქმედებაში. ფარნები ცარიელი კედლების სივრცეებშია განთავსებული, რათა გარემო მხოლოდ მათი ისტორიით შეივსოს. “ანარეკლებისა და ჩრდილების მყარ ფორმებთან შერწყმით და შედეგად მიღებული ეფექტების ხშირად გარდაქმნით, ჩემი ნამუშევრები მიისწრაფვის, თვალისთვის დამამშვიდებელი და კონცეპტუალურად გამომწვევი იყოს”.

აღსანიშნავია, რომ ეს ინსტალაციები 3D და 2D ხელოვნებას შორის არსებულ კავშირებსაც იკვლევს — მათი მეშვეობით ოთახის კედლებზე, იატაკსა და ჭერზე ბრტყელი ნამუშევრები იქმნება. თუმცა, როგორც თავად ხელოვანი აღნიშნავს, ამ მომხიბვლელ ნამუშევრებში გაცილებით ღრმა იდეებია ჩადებული… ისინი საზღვრების ბუნებასა და გაუცხოებაზე რეფლექსიას ეხება; ასევე, გენდერული, რასობრივი, რელიგიური, კულტურული და ბუნებრივი ბარიერების დაძლევას.














