in

ნახეთ: ქუჩის ფოტოგრაფი პარიზის მეტროს ესთეტიკას ასახავს

სებასტიან დიურანმა 2017 წლიდან დაიწყო ინსპირაციის ქუჩებში ძიება

ქუჩებში ყოველდღიურად ვაწყდებით სხვადასხვა, განსხვავებულ თუ რუტინულ ქმედებას. ზოგჯერ ვიცით, რომ ერთი ქუჩის ბოლოში აუცილებლად იჯდება ქალი, თავისი ყვავილებით (ან, “ქალი კამელიებით”). ზოგჯერ კი რაღაც მოულოდნელს, უჩვეულოს წავაწყდებით… ხშირად ეს, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი სცენები ხელოვანების შთაგონებად იქცევა — როგორც მათი შემოქმედების ძირითადი თემა.

სწორედ ასე მოხდა ფრანგი ქუჩის ფოტოგრაფის შემთხვევაშიც… სებასტიან დიურანმა 2017 წლიდან დაიწყო ინსპირაციის ქუჩებში ძიება. მან შეძლო, მგზავრობის დრო პროდუქტიულად გამოეყენებინა და მეტროში გამოევლინა მთელი თავისი კრეატიულობა. ამას მოჰყვა სამახსოვრო ფოტოების მზარდი პორტოფოლიო, რომელშიც ცხოვრების პატარა მომენტებია აღბეჭდილი.

“გავაცნობიერე, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ეს პატარა, ყოველდღიური და უვნებელი მოგზაურობა. როგორც ჩანს, მთელი კაცობრიობა იკრიბება აქ”, — აღნიშნავს სებასტიან დიურანი. მართალია, თითოეული მათგანი პარიზის მეტროშია გადაღებული, თუმცა, თითქოს, ეს კადრები ნებისმიერ დროსა და ადგილას გვხვდება.

საგულისხმოა, რომ შავ-თეთრზე ფოკუსირებით, დიურანი ფოტოებს მარადიულობის ელფერს ანიჭებს. ამასთან, “ფერის ნაკლებობა” მნახველს თავისუფლებას აძლევს, თავად გადაწყვიტოს, რაზე გაამახვილოს ყურადღება. “აღმოვაჩინე, რომ ფერი ბუნებრივად მიმართავს თვალს მთავარი საგნისკენ, გარემოსა და მეორადი საგნების ან მოტივების ხარჯზე. შავ-თეთრი კი მნახველს საშუალებას აძლევს, კარგად დაათვალიეროს გამოსახულება”, — განმარტავს ფოტოგრაფი.

დროთა განმავლობაში დიურანის მეტროს ნამუშევრები ორ განსხვავებულ სერიად იქცა. პირველი მეტროს ყოველდღიურ ცხოვრებაზეა ფოკუსირებული, ხოლო მეორე ადამიანებსა და მათ არაცნობიერ ურთიერთქმედებებზე აკეთებს აქცენტს. ამასთან, ფოტოგრაფი რეკლამებსა თუ სხვა ელემენტებს იყენებს, რათა ნამუშევრებს მცირეოდენი ირონია შესძინოს.

Volvo-ს ახალ, თვითმართვად Ride Pilot-ს კალიფორნიაში დატესტავენ

Apple Car-ს, სავარაუდოდ, 2025 წლისთვის ვიხილავთ!