in

კულინარიული მასტერკლასებით ნაამბობი ქართული ტრადიციები

ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, საქართველოს მთის კულინარიული ტრადიციის გაზიარება მასტერკლასების ფორმატით ახლა უკვე მეტი ვიზიტორისთვის გახდა შესაძლებელი.

საქართველოს ყველა კუთხეს თავისი უნიკალური ბუნება და რეგიონისთვის დამახასიათებელი სამზარეულო აქვს. მოგზაურობისას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონში, საოცარი ხედებით ტკბობა წარმოუდგენელია ადგილობრივი სახასიათო გემოვნური გაოცების გარეშე. თითქოს, ლანდშაფტის ცვლილებასთან ერთად, იცვლება გემოებიც, ხან ქართული ბუნების სილამაზე ჯობნის ქართულ სამზარეულოს და ხან პირიქით. სწორედ ეს გემრიელი სინთეზია ტურისტების უწყვეტი ინტერესის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

ჩვენი გმირებიც ზღაპრული სვანეთიდან და ხალასი იმერეთიდან ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები არიან, რომლებმაც ფეხი აუწყეს საბაზრო მოთხოვნის ტენდენციებს და კულინარიული მასტერკლასებით ქართული ტრადიციების თხრობა ტურისტულ პროდუქტად აქციეს.

სვანეთის თვალთუწვდენელი მთების შუაგულში, უშგულის თემში მდებარე სასტუმრო „ვილა ლილეო“, სტუმრებს ყოველ სეზონზე მასპინძლობს. სასტუმროს მფლობელი და საოცრად სტუმართმოყვარე ქალბატონი ნანული ჭელიძეა, რომელმაც საქმიანობა სულ რაღაც 4 ოთახით დაიწყო და ბიზნეს გაფართოების შედეგად, მისი სასტუმრო 22 ოთახს ითვლის. „ვილა ლილეოში“ სტუმრობა ორმაგად მიმზიდველია ტურისტებისთვის, რადგან აქ მათ, საოცარი ბუნების გარდა, კულინარიული მასტერკლასებით მოყოლილი ქართული ტრადიციების გაზიარება ელოდებათ. კულინარიული მასტერკლასების მიმდინარეობა იწყება სვანური სამზარეულოს ისტორიის, კერძების წარმოშობის, ძირითადი ინგრედიენტების და მისი მომზადების წესის გაზიარებით. შემდეგ უკვე თვითონ სტუმრები ერთვებიან კერძების მომზადების პროცესში და ფინალში აგემოვნებენ მათივე თანამონაწილეობით მომზადებულ სვანურ კუბდარს, ჭიშდვარს თუ თაშმიჯაბს.

„კულინარია ჩემთვის ხელოვნებაა, ძალიან მომწონს, როდესაც კერძებს ვამზადებ და ხშირად პროცესში შეიძლება მომივიდეს ახალი იდეა. ამ საქმის კეთება მაბედნიერებს, ღმერთმა არ ქნას ის დღე გამითენდეს, როდესაც სტუმარი არ მყავდეს“, — ემოციებს არ მალავს ქალბატონი ნანული ჩვენთან საუბრისას.

ტრადიციული სვანური კერძების მასტერკლასები ბუნებრივად ჩამოყალიბდა საინტერესო და მიმზიდველ ტურისტულ პროდუქტად, რამაც ამ პროდუქტის დახვეწის და მასშტაბის გაზრდის საჭიროება გააჩინა.

ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის დაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, „ვილა ლილეოში“ მოეწყო კულინარიული მასტერკლასების ჩასატარებელი სივრცე შესაბამისი აღჭურვილობით და ბუნებრივად წარმოქმნილი იდეა უკვე კომერციულ სერვისად იქცა. შეიძლება ითქვას, რომ გაწეული დახმარებით, ნანული ჭელიძემ საკუთარი ბიზნეს შეთავაზებების არჩევანი გააფართოვა და ახლა უკვე ბევრად მასშტაბურად მასპინძლობს სტუმრებს შესაბამის გარემოში და შესაბამისი ინვენტარით.

მოგზაურობა გრძელდება, შეიცვალა ლანდშაფტი და ჯადოსნური სვანეთიდან ხალასი იმერეთის რეგიონში, სოფელ გელათში კულინარიული თავგადასავალიც გაგრძელდა. აგროსახლი „ქორენა“ სტუმრებს 200-წლიანი ისტორიის მქონე იმერულ ოდაში მასპინძლობს და იმერული კულინარიის შედევრებს და ტრადიციებს უზიარებს ვიზიტორებს. იმერული ტრადიციული კულინარიული მასტერკლასების სტუმრებისთვის შეთავაზების იდეა მაია კეზევაძეს ეკუთვნის, რომელმაც მამა-პაპისეულ სახლში, აგროტურისტული მეურნეობისთვის არაჩვეულებრივი გარემო შექმნა.

რეცეპტორების თამაში იმერული ხაჭაპურისა და მჭადის კეცზე ბუხარში გამოცხობისას იწყება და საოჯახო მარანში იმერული ღვინის დაყენების შესწავლით გრძელდება. დიადი გელათის ხედი, თიხის ქოთანში ლობიოს მომზადება და ფხალის შეკმაზვა, ცოლიკოურის და ოცხანური საფერეს დეგუსტაცია, სტუმრებს თითქოს შუასაუკუნეებში ამოგზაურებს.

„სტუმრისთვის, რომელიც გამოივლის არაჩვეულებრივ ქალაქ ქუთაისს და მოვა ჩემთან ღამის გასათევად, მე ვერ ვიქნები ჩვეულებრივი მასპინძელი. მე სტუმარს უნდა გავატანო ის ემოცია, რასაც ვერ მიიღებდა სხვაგან, ამიტომ ჩემთვის სტუმარი არ არის ჩვეულებრივი მოვლენა“, — გულანთებული გვიყვება მაია კეზევაძე

აგროტურისტულ პროდუქტად ჩამოყალიბების გზაზე და ამასთანავე, ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანი იყო ფინანსური ხელშეწყობა, რადგან სასტუმროს ოთხივე სეზონზე დატვირთვის საშუალება ყოფილიყო. ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ხელშეწყობით პროექტ GRETA-ს ფარგლებში, განხორციელდა ცენტრალური გათბობის სისტემის, საოჯახო ინვენტარისა და აგროსახლისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობის შეძენა, რამაც უზრუნველყო  აგროსახლ „ქორენას“ კიდევ უფრო განვითარება და იმერული მასპინძლობის ტრადიციის  კიდევ უფრო მეტ ადამიანამდე მიტანა.

კულინარიული მასტერკლასები და ზოგადად კულინარიული ტურიზმი, როგორც ტურიზმის  ერთ-ერთი დამოუკიდებელი მიმართულება, დონორი ორგანიზაციების დახმარებით, წარმატებით იკიდებს ფეხს საქართველოში. დღეის მდგომარეობით ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის და ზემო იმერეთის რეგიონებში 29 მცირე და საშუალო ბიზნესმა ისარგებლა ფინანსური დახმარებით და საოცრად საინტერესო ტურისტულ პროდუქტებს სთავაზობს ვიზიტორებს.

***

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. დამატებითი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge

ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA- ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავსტრიის განვითარების სააგენტო/პროექტი GRETA და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.

[R]

ბრენდების სამყაროში სახეები ახალ ლოგოებად ჩამოყალიბდა

აქ მხოლოდ საუკეთესოები არიან — Saatchi & Saatchi-ში ცხელი ცვლილებები გრძელდება