ქართული კულინარიული კულტურა საუკუნეებს ითვლის, თუმცა, მსოფლიოს გარშემო მას ბევრი ჯერ კიდევ არ იცნობს. სწორედ ამიტომ, “კულინარიუმი“, რომლის მენეჯმენტიც დამფუძნებელმა თეკუნა გაჩეჩილაძემ სააგენტო “გასტრონავტს” მიანდო, საქმიანობის ახალ მიმართულებაზე გადავიდა და ამიერიდან, კულინარიით დაინტერესებულ ადამიანებს სამოყვარულო მასტერკლასებსა და პროფესიონალურ ტრენინგებს შესთავაზებს. პროექტის ძირითადი მიზანია ქართული კულინარიის პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამ მიზნის გარშემო, “გასტრონავტმა” ქართველი პროფესიონალი შეფმზარეულები გააერთიანა, რომლებიც ერთად იზრუნებენ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სამზარეულოს წარდგენაზე. ეს კი სრულიად ახალი შესაძლებლობა და მნიშვნელოვნად ფართო მასშტაბია – ქართული რესტორანი მსოფლიოს საუკეთესო 50-ეულში რომ მოხვდეს, ან, ქართველი შეფმზარეული უმაღლესი კლასის ტურნირ Bocuse d’Or-ზე რომ ვიხილოთ. “კულინარიუმში” თვლიან, რომ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს მსოფლიო ცნობადობის ამაღლებას ქართულ სამზარეულოზე, რაც, ბუნებრივია აისახება, როგორც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაზე, ისე ქართული კულინარიული კულტურის დახვეწაზე. ახალ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე “გასტრონავტის” დამფუძნებელს ლევან ქოქიაშვილს ვესაუბრეთ.
M: როგორია “კულინარიუმის”, როგორც კულინარიული სკოლის კონცეფცია?
“კულინარიუმი”, როგორც რესტორანი აღარ იფუნქციონირებს და მის ნაცვლად, გადავწყვიტეთ კულინარიული სკოლის გახსნა. ამასთან დაკავშირებით, “გასტრონავტმა” დაპატიჟა ყველა ქართველი შეფმზარეული, მათ შორის, ქეთი ბაქრაძე, მერიკუნა გუბელაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი სარაჯიშვილი, გურამ ბაღდოშვილი, ვახო დევდარიანი, გიორგი, იოსავა. ისინი ერთ გუნდად გავაერთიანეთ და შევქმენით ერთიანი სივრცე ახალგაზრდა შეფმზარეულებისთვის, სადაც საშუალებას მივცემთ, რომ პროფესიული მასტერკლასებით ნახონ რამდენიმე შეფის მუშაობის ტექნიკა. ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ ყველა შეფი თანახმაა თანამშრომლობაზე. მომდევნო ეტაპზე, დავგეგმავთ “მიშელინის” შეფების მოწვევას. იქამდე გვინდა, რომ კვლევები ჩავატაროთ ჩვენი სამზარეულოს შესახებ და რომ მოვიწვევთ, მათაც გავაცნობთ ქართულ სამზარეულოს.
M: როგორი კურსები გაქვთ ჩაფიქრებული მოყვარული და პროფესიონალი მზარეულებისთვის? რით განსხვავდება, როგორია ხანგრძლივობა და სპეციფიკა?
მოყვარულთათვის იქნება ორნაირი ფორმატის მასტერკლასი. ერთკვირიანი, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეისწავლის პროდუქტებს, მაგალითად, როგორ შევარჩიოთ ხორცი, როგორ შევაფასოთ ხარისხი და ა.შ. მეორე ფორმატი იქნება ორსაათიანი მასტერკლასი, სადაც კონკრეტულად რომელიმე კერძის გაკეთებას ისწავლიან. იქნება მასტერკლასები ქვეყნების მიხედვით: ქართული, იაპონური, ესპანური, ფრანგული და იტალიური სამზარეულო.
პროფესიონალებისთვის იქნება სამთვიანი ტრენინგი. იქნება ტრენინგი რესტორატორებისთვის, მაგალითად, როგორ გავხსნათ რესტორანი ნულიდან. მეორე ფორმატი იქნება კონკრეტული მიმართულებების მიხედვით გადამზადება – ბარმენეჯერებისთვის, მიმტანებისთვის, მზარეულებისთვის, მოკლედ, რა ადამიანურ რესურსსაც შეიძლება მოიცავდეს კულინარიული დაწესებულება.
პირველი მასტერკლასი უკვე ჩატარდა. ვიწყებთ სრული დატვირთვით მუშაობას. ეს თვე მარტივი პროდუქტებით დავიწყეთ. ივნისის თვიდან უკვე პროფესიონალური მასტერკლასები გააქტიურდება. შეხვედრის წინ, ყველა მონაწილეს დაეგზავნება გეგმა იმაზე, თუ რას მიიღებს ამ კონკრეტული მასტერკლასიდან, მაგალითად: მასტერკლასის დახმარებით, თქვენ შეძლებთ აარჩიოთ დამბალ ხაჭო, გაიგოთ, სად შეიძინოთ, როგორ მოამზადოთ და ა.შ. მაქსიმალურად გვინდა, ჩვენი მიდგომა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
M: მაქსიმუმ, რამდენი ადამიანი შეიძლება დაესწროს ერთ მასტერკლასს?
გვინდა, რომ თითო მასტერკლასს დაესწროს არაუმეტეს 20 ადამიანისა. ბუნებრივია, უფრო მეტიც ეტევა, მაგრამ ჩვენი მიზანია, ადამიანმა კარგად გაიგოს და ხარისხიანად აითვისოს ის ინფორმაცია, რასაც ჩვენთან გაეცნობა.
M: რა იგეგმება ტურისტებისთვის? ამ მიმართულებით თუ აპირებთ განვითარებას?
ტურისტებთან ვიმუშავებთ მასტერკლასებით, ამაზე მოთხოვნაც საკმაოდ დიდია. როდესაც ტურისტი ჩამოდის ქვეყანაში, ინტერესდება ადგილობრივი სამზარეულოთი, შესაბამისად, ეს იქნება მათთვის ძალიან კარგი შთაბეჭდილებების მიღების საშუალება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მივაწვდინოთ ხმა ტურისტებს, ამისთვის აქტიურად ვიწყებთ ტურისტულ კომპანიებთან და სასტუმროებთან თანამშრომლობას.
M: რა საკომუნიკაციო არხებს იყენებთ და როგორ შეიძლება თქვენს მასტერკლასზე მოხვედრა?
ძირითადი საკომუნიკაციო არხი ფეისბუქია. საიტი ჯერ განახლების პროცესშია. მასტერკლასზე მოხვედრა შეიძლება ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით დაჯავშნით, – ოპერატორი გაგარკვევთ, როდის შეგიძლიათ დაესწროთ თქვენთვის სასურველ მასტერკლასს.
M: რას გეგმავთ განვითარების თვალსაზრისით?
თვითონ სფეროს განვითარებას სჭირდება ბევრი “ფუდბლოგერისა” და კულინარიის მოყვარულის გაერთიანება. ასევე, გვინდა, გავააქტიუროთ სარესტორნო მარკეტინგი, როგორც დარგი, ვინაიდან საკმაოდ შემოსავლიანი მიმართულებაა. ამ დროისთვის, ამ საქმით მარკეტერები არიან დაკავებულები, თუმცა, პერსპექტივა დიდია და ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა.
M: კულინარიულ ფესტივალებსა და ტურნირებზე ვისაუბროთ, რას მოგვცემს ეს, რა ხდება ზოგადად, რა პერსპექტივა გვაქვს და ა.შ.
საერთაშორისო კულინარიულ კონკურსებში მონაწილეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კულინარიული კულტურისთვის. ერთ-ერთი ასეთი ტურნირია “მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანი”, რომელიც ტარდება ყოველწლიურად და იმარჯვებს კონკრეტული ქვეყნის სამზარეულო. ჩვენ გვინდა, რომ ამ ტურნირში გამარჯვებული შეფმზარეულებიც ჩამოვიყვანოთ და როდესაც ასეთი ადამიანები დაწერენ ბლოგს ქართულ სამზარეულოზე, ამას მსოფლიო დონის შეფების 50% მაინც წაიკითხავს, რაც ძალიან მაგარია.
კიდევ არის უმაღლესი კლასის ტურნირი Bocuse d’Or, რომელსაც კულინარიის “ოლიმპიურ თამაშებად” მოიხსენიებენ და ყოველწლიურად, საუკეთესო შეფმზარეულებს გამოავლენს. ტურნირი საფრანგეთში, ლიონში ტარდება და გვინდა, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა და აქეთაც მოვიწვიოთ პროფესიონალები.
2018 წელს ვაპირებთ ჩამოვიყვანოთ “მიშენილის” 2 და 3 ვარსკვლავის მქონე შეფმზარეულები, რომლებიც ფართო აუდიტორიისთვის ჩაატარებენ მასტერკლასებს. იქამდე გვინდა მოვამზადოთ საზოგადოება, ავწიოთ ცოდნის დონე, რომ ასეთ სერიოზულ შეფმზარეულებს ღირსეულად დავხვდეთ.”მიშელინის” ვარსკვლავი არის მსოფლიო დონის სტანდარტი კულინარიაში, ესაა უმაღლესი ჯილდო, რაც შეიძლება დაიმსახუროს შეფმზარეულმა. ჯერჯერობით, საქართველო “მიშელინის რუკაზე” არ არის და სწორედ ამისთვის ვიბრძვით, რომ მივიქციოთ ყურადღება, წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და გავაცნოთ მთელ მსოფლიოს გაცილებით მაღალ დონეზე.