Young Guns, 30 წლამდე შემოქმედთა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია, რომელმაც მსოფლიოს უდიდესი შემოქმედებითი ვარსკვლავები აღმოაჩინა. 1996 წლიდან მოყოლებული, ამ ჯილდომ The Daniels-ის, Stefan Sagmeister-ისა და Jessica Walsh-ის მსგავს ლეგენდებს გაუკვალა გზა კრეატიულ ასპარეზზე. წელს კი ისტორიული მომენტი დადგა – პირველად, კონკურსის 27-წლიან ისტორიაში, ჟიურის წევრად ქართველი პროფესიონალი მოიწვიეს! შემოქმედებითი სააგენტო Holy Motors-ის თანადამფუძნებელი და კრეატივ დირექტორი ნიკოლოზ კუმბარი Young Guns-ის კონკურსის მნიშვნელობასა და ჟიურის წევრობაზე გვიყვება.
M: პირველი ქართველი Young Guns-ის ჟიურიში – რას ნიშნავს ეს შენთვის?
Young Guns წარმოადგენს განსაკუთრებულად პრესტიჟულ კონკურსს, რომლის გამარჯვებულებიც რეალურად აყალიბებენ მსოფლიო კრეატიული ინდუსტრიის მომავალს. პირადად ჩემთვის ეს მოვლენა კიდევ უფრო გამორჩეულია – როდესაც პირველად შევიტყვე Young Guns-ის შესახებ, უკვე 30 წელს გადაცილებული ვიყავი და ყოველთვის მწყდებოდა გული, რომ მონაწილეობის მიღება აღარ შემეძლო. სწორედ ამიტომ, ჟიურის წევრობა განსაკუთრებულად სასიხარულო და მნიშვნელოვანია ჩემთვის.
M: როგორ „გიპოვნა” The One Club for Creativity-ის გუნდმა?
ეს პროფესიული ქსელის დამსახურებაა. წინა წლების Young Guns-ის ჟიურის რამდენიმე წევრთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და სწორედ მათი რეკომენდაციით დამიკავშირდნენ კონკურსის ორგანიზატორები. The One Club for Creativity არის უდიდესი საერთაშორისო კრეატიული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვან შემოქმედებით პროფესიონალებს და ახალგაზრდა ტალანტებს. Young Guns კი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა 30 წლამდე შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია არსებობს და გლობალურ დონეზე აღიარებს გამორჩეულ ტალანტებს.
M: რა მიმართულების ნამუშევრებს შეაფასებ?
Young Guns-ის უნიკალობა სწორედ ისაა, რომ აქ შეფასება ხდება არა კონკრეტული პროექტის ან მიმართულების, არამედ ადამიანის საერთო შემოქმედებითი პოტენციალის. ჩვენ ვაფასებთ შემოქმედებით პორტფოლიოს მთლიანობაში, ადამიანის ნიჭს, ხედვასა და შესაძლებლობებს. დღევანდელი კრეატიული სამყარო მულტიდისციპლინურია, ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი შემოქმედების აღმოჩენა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებს აერთიანებენ და ინოვაციურ მიდგომებს გვთავაზობენ.
M: შენი ხედვით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის კრეატორებისთვის, რომ Young Guns-მა შეგამჩნია და მიგიწვია?
ჩვენი ქვეყნის პროფესიონალები ხშირად აწყდებიან საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის ბარიერებს, ასეთი შემთხვევა კი კარს უღებს ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ქართული კრეატიული საზოგადოებისთვის.
M: როგორია შენი მოლოდინები ამ როლთან და კონკურსთან დაკავშირებით?
ამ კონკურსზე მსოფლიოს საუკეთესო შემოქმედებითი ადამიანები იყრიან თავს და ეს ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა. მოლოდინი მაქვს, რომ აღმოვაჩენ განსაკუთრებულ ტალანტებს, რომლებიც შეცვლიან დარგს მომავალში. ამასთან, ვიმედოვნებ, რომ ჩემი მონაწილეობა შთააგონებს ახალგაზრდა ქართველ კრეატორებს, გაბედონ და წარადგინონ თავიანთი ნამუშევრები საერთაშორისო ასპარეზზე. ჩემთვის ეს არის არა მხოლოდ პირადი მიღწევა, არამედ შესაძლებლობა, გავხდე ხიდი ქართულ და საერთაშორისო შემოქმედებით სამყაროებს შორის.
ნამუშევრების გამოგზავნა შეუძლიათ 30 წლამდე კრეატორებსა და არტისტებს: https://youngguns.org/
ავტორი: თამარ მეფარიშვილი













