16
მაი
2018

“კუნსტჰალე თბილისი” – მოძრავი სამუზეუმო სივრცე თანამედროვე ხელოვნების მხარდასაჭერად!

16 მაი 2018

“კუნსტჰალე თბილისი” მოძრავი საგამოფენო სივრცეა, რომელიც 2017 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის VAADS-ის დეკანმა ირინა პოპიაშვილმა და თანამედროვე ხელოვნების კონსულტანტმა ლიკა ჭკუასელმა დააარსეს. პროექტი ემსახურება თანამედროვე ქართული  ხელოვნების პოპულარიზაციასა და ქართველი არტისტების მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას. კუნსტჰალე თბილისის მიერ დაგეგმილი გამოფენები ქართულ და საერთაშორისო ხელოვნების ნიმუშებს, თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილას წარმოაჩენს. ჩვენს კითხვება ირინა პოპიაშვილმა უპასუხა.

 

ირინა პოპიაშვილი: “ესაა მოძრავი სამუზეუმო სივრცე. ჯერჯერობით, მუდმივი მისამართი არ გვაქვს, რადგან ის რესურსები, რაც გაგვაჩნია, გვინდა გამოვიყენოთ გამოფენების მოწყობაში, რომელთაგან ერთი იქნება ქართული, ერთი – უცხოური. ეს ემსახურება ქართული ხელოვნების კონტექსტუალიზაციას ფართო, გლობალურ სივრცეში. სამუზეუმო სივრცეში თავისი გამოფენის მოსაწყობად შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ როგორც არტისტები, ისე კურატორები, გამოგვიგზავნონ თავიანთი შემოთავაზებები, იდეები, რასაც ჩვენი მრჩეველთა საბჭო გადაარჩევს. საბჭოში შედიან Museum of Modernity-ის ორი კურატორი, ძალიან ცნობილი კრიტიკორები ამერიკიდან: საულ ანტონი და მწერალი ალექსანდრე დუმბაძე და ბევრი ისეთი ადამიანი, ვისთან ერთადაც ვადგენთ პროგრამას, რა და როგორ გამოიფინება ჩვენთან, ასევე, რომელი უცხოური ხელოვანის ნამუშევრები დაამშვენებს გამოფენას, რომელსაც გავაკეთებთ.”

ფოტოს ავტორი: გურამ კაპანაძე

M: როდის და რა ფორმატით ტარდება პირველი გამოფენა?

დღეს, 16 მაისს, არის პირველი პროექტის გახსნა, რომელიც 14 ივლისამდე გაგრძელდება. ეს არის ქართველი არტისტი ნიკა ქუთათელაძე, ხოლო გამოფენას ჰქვია “წისქვილი ყოფილი პავლოვის ქუჩაზე”. ეს მდებარეობს ყაზბეგის 53-ში, პირველ სართულზე, ბინაში,  სადაც მინიშნებების საშუალებით შეგიძლიათ მოხვდეთ. გამოფენა ღია იქნება ოთხშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 14:00-დან 18:00 საათის ჩათვლით, ასევე, წინასწარი შეთანხმებით. მეორე არის უცხოელი არტისტი, ანჯელიკა მესიტი, რომლის ვიდეო ინსტალაცია Relay League (2017) გაიხსნება 18 მაისს, პეტრიაშვილის ქუჩაზე, ღვინის ქარხნის პირველ სართულზე. მის გამოფენას ვაკეთებთ ProtoCinema-სთან ერთად, ესაა ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ინსტიტუციებთან ერთად აკეთებს გამოფენებს. მესიტის ინსტალაცია იყენებს „მორზეს ანბანს“ როგორც კომუნიკაციის დავიწყებულ ფორმას, ფრანგი მეზღვაურების მიერ 1997 წლის 31 იანვარს მორზეს ანბანით გაგზავნილ ბოლო შეტყობინებას: „ვუხმობთ ყველას, ეს არის ჩვენი უკანასკნელი ძახილი სამუდამო დუმილამდე!“ _  აღწერს. ვიდეოში ოთხი მოქმედი პირია: მუსიკოსი, კომპოზიტორი და მოცეკვავეები, რომლებიც საკუთარი ჟესტების ენით გადმოსცემენ მორზეს ანბანით დაწერილი უკანასკნელი წერილის ინტერპრეტაციას. ათწლეულზე მეტია მესიტის შემოქმედება იკვლევს ურთიერთობების არავერბალურ ფორმებს. ანჯელიკა მესიტი დაიბადა 1976 წელს სიდნეიში და ამჟამად პარიზში ცხოვრობს. 2019 წელს  ვენეციის 58-ე ბიენალეზე მესიტი ავსტრალიას წარადგენს.

ფოტოს ავტორი: გურამ კაპანაძე

M: რას შეეხება ქართველი არტისტის, ნიკა ქუთათელაძის, ინსტალაცია?

რაც შეეხება ნიკა ქუთათელაძეს, ეს ინსტალაცია ნიკა ქუთათელაძის 2016 წელს დაწყებული ტრილოგიის ბოლო ნაწილია. წარმოიდგინეთ სოფელში ნანახი წყლის წისქვილს ქალაქის პატარა საბჭოთა ბინაში. ქუთათელაძემ გურიის სოფლიდან ნაწილ-ნაწილ ჩამოტანილი წისქვილი ხელახლა ააწყო ერთოთახიან ბინაში, ყაზბეგის გამზირზე, რომელსაც ადრე პავლოვის ქუჩა ერქვა. შესაბამისად, ინსტალაციის სახელი უშუალოდ აღწერს ნამუშევარს. ავტორმა საბჭოთა  საქართველოს ისტორიიდან ის ელემენტები გამოფინა, რომლებიც მის წარსულს უკავშირდება. ეს ბინა და წისქვილი ერთდროულად საჯარო და პირადი ემოციური მეხსიერების “ძეგლებია”. ინსტალაცია სწორედ პოსტსაბჭოთა ცვლილებებს ასახავს იშლება წარსულის ყოფითი დეტალები და რჩება მათი კვალი ადამიანთა  ცნობიერებაში. სოფლის წისქვილი მოუხერხებლადაა გაჭედილი საბჭოთა ბინაში. სხვა ნამუშევრებშიც ქუთათელაძე იყენებს თავის ბავშვობასთან დაკავშირებულ ადგილებს, მათ შორის, სათამაშო მოედნებს. ის ცდილობს, გააცოცხლოს როგორც თავისი, ისე სხვა ადამიანების მოგონებები.

ჩვენ გვყავს საბჭო, რომლებიც მხარს გვიჭერენ ფინანსურად და გვაძლევენ საშუალებას, განვახორციელოთ პროექტი. ასევე, ჩვენი პარტნიორია, Impact Hub Tbilisi.

ფოტოს ავტორი: გურამ კაპანაძე

ფოტოს ავტორი: გურამ კაპანაძე

განხილვა