in ,

შესაძლოა, AI-ის დახმარებით მეცნიერებმა კუნთების დაბერების პროცესი შეანელონ

კუნთების დაბერება კი ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ახლა Nottingham Trent University-ის მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პროცესს შეანელებენ. თუმცა, სანამ ამაზე მოგიყვებით, შეგახსენებთ, რომ ასაკის მატებასთან ერთად, კუნთების მასა და ძალა თანდათანობით მცირდება, რის გამოც ხანდაზმულები ხშირად ეცემიან და უჭირთ გადაადგილება. ამჯერად ერთადერთი გამოსავალი ვარჯიშია, რაც დადებითად აისახება როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ისე ასაკთან დაკავშირებულ პრობლემებზე… 

M2
M2

ახალი კვლევა კი გვეუბნება, თუ რა როლს თამაშობს გენები და მექანიზმები კუნთების დაბერების პროცესში. შესაბამისად, გვთავაზობს პასუხებს კითხვაზე, როგორ გავაუმჯობესოთ არსებული ვარჯიშები და თერაპიები. მეცნიერებს სწამთ, რომ მათ პოტენციურ სამიზნეებს მიაგნეს მედიკამენტისთვის, რომელიც კუნთის დაბერების პროცესს შეანელებს და სარკოპენიის მქონე ინდივიდებსაც დაეხმარება — ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებში კუნთის დაკარგვის პროცესი აჩქარებულია.

კუნთების დაბერება დიდი გამოწვევაა, რადგან ადამიანები კარგავენ კუნთის მასასა და ძალას, ჩვენ ვხედავთ ცვლილებებს მათი სიარულისას, რაც მათ მეტად მოწყვლადს ხდის დაცემისკენ, მაგრამ ისინი ასევე მრავალი ფიზიკური შეზღუდვის განვითარების რისკის ქვეშ არიან, რითაც აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის მთავარ პრობლემად იქცევა, — აცხადებს ლივია სანტოსი, ექსპერტი.

კვლევის ფარგლებში როგორც ახალგაზრდების (21-43 წლის), ისე უფროსების (63-79 წლის) მონაცემები შეისწავლეს, რომლებიც კუნთების დაბერებასა და ვარჯიშებს უკავშირდებოდა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მკვლევრებმა 200 გენის იდენტიფიცირება შეძლეს, რომლებიც ზემოქმედებს ან ვარჯიშზე, ან დაბერებაზე. აღმოაჩინეს, რომ მთავარ როლს კუნთების დაბერებასა და დეგრადაციაში ერთი გენი USP54 თამაშობდა. შემდგომ კი ეს შედეგი ხანდაზმულებში კუნთების ბიოფსიის მეთოდით დაადასტურეს, რა დროსაც აღნიშნული გენი საკმაოდ გამოხატული აღმოჩნდა. 

ჩვენ გვინდოდა გენების დადგენა, რომელთაც შემდგომში დაბერების პროცესის შესანელებლად და სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად გამოვიყენებდით. ამ გენების, მათი ინტერაქციისა და მოლეკულური გზებისა თუ პროცესების დასადგენად, რომლებიც კუნთის დაბერებას უკავშირდებოდა, ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენეთ. მონაცემები 20 განსხვავებული გზით გავაანალიზეთ და ყოველ ჯერზე მნიშვნელოვანი გენები ერთნაირი იყო, — აცხადებს ლივია სანტოსი, ექსპერტი.

ამასთან, ვარჯიშთან დაკავშირებულ გენებსაც მიაკვლიეს. მართალია, კვლევები კიდევ არის საჭირო, მაგრამ ამჟამინდელი შედეგები, მეცნიერთა თქმით, მეტად გაცნობიერებულ სავარჯიშოებზე დაფუძნებული ინტერვენციების განვითარებაში დაეხმარება მათ, რითაც კუნთის მასის შენარჩუნებაც მოხდება ასაკოვან ადამიანებში, შესაბამისად, მათი დაცემისა და ფიზიკური დაზიანებების შემთხვევებიც შემცირდება. 

ეს კვლევა გვთავაზობს, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, კუნთების დაბერებასა და სარკოპენიის საკითხებთან გამკლავებაში დაგვეხმაროს. AI აქამდე კუნთოვანი მასის რეგულირების სფეროში არ გამოყენებულა, რამაც მოგვცა მოტივაცია, მისთვის ახალი გენების აღმოსაჩენად მიგვემართა, რათა უკეთ გაგვეგო სარკოპენიის შესახებ, შეგვძლებოდა მისი დიაგნოზირება ან თუნდაც გამოგვეყენებინა შედეგები უკეთესი თერაპიების შესამუშავებლად, — ამბობს ჯანილ ტარუმი, მკვლევარი. 

მართალია, ხელოვნური ინტელექტის ჩართვას მედიცინაში მაინც ეჭვის თვალით უყურებენ, მაგრამ არც ფაქტები უნდა დავივიწყოთ, ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ AI-მ ალცჰაიმერის პროგნოზი 7 წლით ადრე გააკეთა…

შიშის ტაში 11 წუთის მანძილზე – როგორ შეიქმნა გიორგი პოპიაშვილის „კლეპტოკრატია“!

Instagram ნაკლებად პოპულარული ვიდეოების ხარისხს შეამცირებს