ჯოზეფ გორდონ-ლევიტმა თავისი სამსახიობო კარიერით კი ძალიან დიდი ყურადღება დაიმსახურა, მაგრამ ბოლო დროს სოციალურ მედიაზე დამოკიდებული გახდა, რაც შეიძლება მეტი მიმდევრის მოპოვებას ცდილობდა, რა დროსაც თითქოს კრეატიულობა შემოაკლდა… სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, ესაუბრა, როგორ მოქმედებს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ყურადღებაზე ორიენტირებული მოდელი ჩვენს კრეატიულობაზე.
როგორც ამბობს, ორი ძლიერი გრძნობა არსებობს, როცა ყურადღებას თავად იღებ და როცა ყურადღებას ამახვილებ. თანაც ბოლო დროს ახალმა ტექნოლოგიებმა უფრო მეტ ადამიანს მისცა ყურადღების მოპოვების საშუალება, იქნება ეს სტატუსების, ფოტოების, ნახატების, მუსიკისა თუ სხვა რამის საშუალებით. ტვიტერის (X) გამოჩენამ კი ეს ტენდენცია სულ უფრო გააძლიერა, ჯოზეფი თავის მსახიობობას ამ მედიუმში ყურადღების მისაქცევად იყენებდა. ფიქრობდა, რომ მიმდევრები იმიტომ კი არ ჰყავდა, რომ ბეტმენში ითამაშა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებს მოსწონდა ის, რასაც ამბობდა.
მალევე კი ამან შემოქმედებით პროცესზე დაიწყო ზემოქმედება — სცენარის კითხვისას პერსონაჟთან თავის გაიგივების ნაცვლად, იმაზე ფიქრობდა, თუ რას იტყოდნენ მისი გამომწერები… თუმცა არ გვეუბნება, რომ ტექნოლოგია შემოქმედებითობის მტერია, უბრალოდ ეს ხელსაწყოა, რომელსაც აქვს პოტენციალი, გააძლიეროს ადამიანთა უპრეცედენტო შემოქმედებითობა… მაგრამ თუ ჩვენ იმაზე დავიწყებთ საუბარს, თუ როგორ ხდება კრეატიულობა ყურადღების მიქცევის საშუალება, მოგვიწევს, დღევანდელი დიდი სოციალური მედია კომპანიების ყურადღებაზე ორიენტირებულ ბიზნეს მოდელზე ვისაუბროთ.
აბა, დაფიქრდით, როგორ აკეთებს ინსტაგრამი ფულს? ფოტოების გაზიარების მომსახურებას კი არ ყიდის, არამედ თავისი მომხმარებლების ყურადღებას რეკლამის განმთავსებლებზე. ხოლო, რაც უფრო მეტ ყურადღებას იღებს პოსტი, მით უფრო მეტ ყურადღებას ყიდის ინსტაგრამი. შემდგომ კი მომხმარებლები ყურადღების მიღების ამ ძლიერ გრძნობაზე ხდებიან დამოკიდებულნი. ეს დამოკიდებულება ნებისმიერი სხვა დამოკიდებულების მსგავსია. არასდროსაა საკმარისი — ახლა თუ 1000 მიმდევარი გინდათ გყავდეთ, მერე 10 000 გენდომებათ და დროთა განმავლობაში ამას კიდევ ბევრი ნული მიეწერება…
კარგი ამბავი ის არის, რომ გამოსავალი მხოლოდ ერთ რამეზე ყურადღების გამახვილებაშია და რაც უფრო ხშირად მოახერხებთ ამას, მით უფრო ბედნიერი იქნებით. ეცადეთ, სხვა შემოქმედებითი ადამიანები თქვენს კონკურენტებად არ აღიქვათ, არ იფიქროთ, რომ გაჯობებენ, რადგან ასე ფოკუსირების უნარს დაკარგავთ. შეხედეთ მათ როგორც თანამშრომლებს, ეს პროცესს მეტად გაამარტივებს.
შესაძლოა, ამ ადამიანებს პირადად არასდროს შეხვდეთ და ეს სულაც არ არის პრობლემა. ამის საშუალებას კი სწორედ ინტერნეტი გვაძლევს და თუ ჩვენ შევწყვეტთ ყურადღებისთვის კონკურენციაში ჩაბმას, ინტერნეტი შესანიშნავ სივრცესაც შემოგვთავაზებს თანამშრომლების საპოვნელად. თუმცა ყურადღების მიპყრობის ცდუნება ხშირად იჩენს თავს და ფრთხილად იყავით…