in

როდის შეიქმნა ყურის პირველი სასმენი აპარატი?

დადგა თუ არა კაცობრიობა სმენის დაქვეითების პრობლემის წინაშე, გაჩნდა იდეებიც მის მოსაგვარებლად… მაგალითად, მე-13 საუკუნეში ამ მიზნით ძროხის რქებს იყენებდნენ, შემდგომ ე. წ. ყურის საყვირიც შეიქმნა, სამეფო ოჯახისთვის აკუსტიკური სავარძელიც, შემდეგ ტელეფონის გამოგონებაც წამოგვეწია და ასე მივედით პირველ ელექტრო სასმენ აპარატამდე. ამას კი წინ სმენადაქვეითებული მეგობრის დახმარების სურვილიც უძღოდა, თუმცა სანამ ამ ამბავს გაგიზიარებთ, მე-17 საუკუნეში შექმნილ ყურის საყვირზე გესაუბრებით, რომელიც სულ პირველ სასმენ აპარატად მიიჩნევა.

ეს საყვირები მრავალ ფორმასა და ზომაში შეგხვდებოდათ, მზადდებოდა თითქმის ყველაფრისგან — დაწყებული ლითონით, გაგრძელებული ლოკოკინებით და დამთავრებული ცხოველის რქებით. ძაბრის ფორმის დიზაინი ჰქონდა, თუმცა ხმას კი არ აძლიერებდა, არამედ აგროვებდა და ყურს ვიწრო მილის საშუალებით აწვდიდა. იმ ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი, ვისაც სმენის ნაწილობრივი დაქვეითება ჰქონდათ. ხმის საყვირის ვიწრო დაბოლოება ყურში უნდა მოეთავსებინათ, ხოლო უფრო განიერი ნაწილი შეაგროვებდა ხმებს და გაზრდიდა მის ჟღერადობას მომხმარებლისთვის.

მე-18 საუკუნის ბოლოსკენ კი ფრედერიკ რეინმა ყურის საყვირის დასაკეცი ვარიანტი შემოგვთავაზა და იგი პირველი იყო, ვინც 1800 წელს საყვირები კომერციულად აწარმოა. იმისათვის, რომ სასმენი აპარატი ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო, რეინმა ე. წ. აკუსტიკური თავსაბურავი შექმნა, რომელიც მოწყობილობას ადამიანის თმაში მალავდა. 1810 წლისთვის კი მას გერმანელი გამომგონებელი იოჰან ნეპომალ მალზელი შეუერთდა, რომელსაც, თუ არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, ყურის საყვირი ბეთჰოვენისთვისაც აქვს დამზადებული, როცა მას სმენის პრობლემებმა შეაწუხა… 

ასე იყო თუ ისე, მე-18 საუკუნეში ყურის საყვირები უკვე ძალიან მოთხოვნადი გახდა, მათ შორის კი ყველაზე პოპულარული მოდელები Townsend Trumpet, Reynolds Trumpet და the Daubeney Trumpet იყო. სხვა გენიალურ იდეებს შორის აკუსტიკური სავარძელიც გახლდათ, თუმცა ეს უკვე სამეფო ოჯახის ფუფუნება იყო, მაგალითად ერთ-ერთი პორტუგალიის მეფისთვის სპეციალურად შეიქმნა…

ყურის საყვირი რომ პირველი სმენის აპარატი იყო ისტორიაში, ამას ასე თამამადაც ვერ ვიტყვით, რადგან ბევრი მას ადამიანის პირველ მცდელობად თვლის, შეექმნათ სმენის აპარატი. აი, ნამდვილ მოწყობილობად კი ელექტრო სმენის აპარატს მიიჩნევენ, რომელიც მილერ რიზ ჰაჩისონმა 1898 წელს შექმნა და ბგერების გასაძლიერებლად ელექტრო მუხტი გამოიყენა.

ამ ფაქტს წინ უძღოდა ალექსანდერ გრეიამ ბელის მიერ გამოგონებული პირველი ტელეფონი, რომლის რევოლუციური გავლენა სმენის აპარატებსაც შეეხო — ბელის ტელეფონს ხმის სიმაღლის, სიხშირისა და განაწილების კონტროლი შეეძლო. სმენადაქვეითებული ადამიანებიც მალევე მიხვდნენ, რომ ტელეფონის დახმარებით საუბარი უკეთ გამოსდიოდათ, ვიდრე პირისპირ… ამ ამბავს ამავე წელს თან მოჰყვა თომას ედისონის გამოგონებაც, რომელმაც ტელეფონისთვის ე. წ. ნახშირბადის გადამცემი შექმნა. იგი ელექტრულ სიგნალს იყენებდა და სუსტ ხმებს აძლიერებდა. საინტერესოა ისიც, რომ თავად ედისონიც სმენადაქვეითებული იყო…

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სწორედ ეს ახალი ტექნოლოგია გამოიყენა მილერ რიზ ჰაჩისონმა ყურის პირველი ელექტრო სასმენი აპარატის შესაქმნელად. როგორც ვიგებთ, მრავალი ნაწილისგან შედგებოდა, მათ შორის იყო ყურსასმენი, ბატარეები, გამაძლიერებლები და მიკროფონები. თავად დიზაინი ნახშირბადის გადამცემს მოიცავდა, რაც მოწყობილობას პორტატიულს ხდიდა. ასე კი ვერ ვიტყვით მანამდე არსებულ სასმენ აპარატებზე… 

და ბოლოს, როგორც დაგპირდით, სმენადაქვეითებული მეგობრის ამბავსაც მოგიყვებით — მართალია, რომ არა ტექნოლოგიური და მეცნიერული წინსვლა, შესაძლოა, საკმაოდ ბევრი დაჰგვიანებოდა Akouphone-ის შექმნას, მაგრამ აქ დიდი როლი ითამაშა ჰაჩისონის სურვილმაც, დახმარებოდა ბავშვობის მეგობარს. ამბის მთავარი პერსონაჟი ლიმან გულდია, რომელმაც სკარლეტის ცხელება გადაიტანა და სმენისა და მეტყველების უნარი დაკარგა. მეგობრის დახმარების იდეით შთაგონებულმა ჰაჩისონმა Alabama Medical College-ში ამ მიმართულებით ისწავლა და 4 წელი მუშაობდა მოწყობილობის გასავითარებლად. სწორედ ამ ძალისხმევამ მიგვიყვანა პირველი ელექტრო სასმენი აპარატის შექმნამდე, რომლის დახმარებითაც გულდმაც შეძლო სამყაროს ხელახლა მოსმენა…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

Nokia და Dell Technologies ერთად იზრუნებენ 5G-ის განვითარებაზე

Google Meet-ს ქართული სუბტიტრებიც დაემატა!