28
Jun
2019

„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრი გახდა

28 Jun 2019

„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრი გახდა. UNWTO – არის გაეროს სპეციალიზირებული ორგანო, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში და ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით სიცოცხლისუნარიანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში.

„ბალნეოკურორტი წყალტუბოსათვის“ ეს არის უდიდესი ნაბიჯი და მიღწევა კურორტის სწორი სტრატეგიული განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის. დღეს, როდესაც რუსეთის ტურისტული ემბარგოს გამო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, გაეროს ტურიზმის ორგანოში აფილირებული წევრობა ჩვენთვის არის ერთ-ერთი გარანტი, რომ მათთან შენარჩუნებული მჭიდრო თანამშრომლობითა და სამომავლოდ გრძელვადიანი გეგმების შემუშავებით განვაპირობებთ „ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ უნიკალურობის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე და სამედიცინო ტურიზმის, თერმული სამკურნალო წყლების ნიშაში მყარ პოზიციონირებას. UNWTO არის ორგანიზაცია, რომელი ცდილობს, უზრუნველყოს ტურიზმის ეთიკის საყოველთაო კოდექსი (Global Code OF Ethics), რაც ასევე ცალსახად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კომპლექსის სტანდარტისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის თამასის ასაწევად. აქვე, ძალიან დიდი მადლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გაწეული მხარდაჭერისათვის. წინ დიდი გეგმები გვაქვს. წყალტუბოს აქვს იმის რესურსი, რომ  ადგილობრივი კერძო კომპანიების აქტივობებით, ისეთივე როგორიც ჩვენ ვართ, და სახელმწიფო ორგანოების ხელშეწყობით დროთა განმავლობაში გაუტოლდეს ევროპულ თერმულ კურორტებს და შეიქმნას მასზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებიდანაც“ – აცხადებს „ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე ბიბილაშვილი.

 

ბალნეოლოგიური კომპლექსი 1892 წლიდან მასპინძლობს ტურისტებსა და ადგილობრივ დამსვენებლებს ჯანმრთელობაზე ზრუნვის 100-წლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით

აქ იკურნება:

  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
  • ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები
  • გინეკოლოგიური დაავადებები
  • უროლოგიური დაავადებები
  • კანის დაავადებები
  • ენდოკრინული დაავადებები

კურორტი წყალტუბო  მდებარეობს  საქართველოს არაერთ ღირსშესანიშნაობასთან ახლოს: სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, გელათი, ბაგრატი, მოწამეთა. კურორტის ტერიტორიაზე გაშენებულია ულამაზესი რეკრეაციული პარკი.

 

განხილვა