in

ბარმენების მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი ბორის კიკაძე კურორტ “საირმის” ბარმენეჯერი გახდა

კურორტ საირმის სასტუმროების გუნდს მსოფლიოში ცნობილი ბარმენი და ბარმენეჯერი ბორის კიკაძე შეუერთდა. ამბობს, რომ ის აქ ბარების გამორჩეულ და განსაკუთრებულ სამყაროს შექმნის, რაც მხოლოდ საქართველოსთვის კი არა, მთელი რეგიონისთვის უნიკალური გამოცდილება იქნება.

„ერთხელ მოსული სტუმარი აუცილებლად დაბრუნდება, და მხოლოდ კოქტეილებისთვის კი არა, იმ უნიკალური მომსახურებისთვისაც, რასაც ჩვენი ბარმენები შესთავაზებენ“, – ამბობს უკვე კურორტ საირმის სასტუმროების მთავარი ბარმენეჯერი ბორის კიკაძე.

ამ სფეროში მას 13-წლიანი გამოცდილება აქვს – მუშაობდა ცნობილ ბრენდულ სასტუმროებსა და ბარებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; ფლობს International Bartenders Association IBA -ს საერთაშორისო სერტიფიკატს; არის ბარმენთა აკრედიტებული ტრენერი საერთაშორისო დონეზე, იმერეთის ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი და ქუთაისის ბარმენთა აკადემიის დამფუძნებელი და ინსტრუქტორი. 2019 წელს ბარმენთა მსოფლიო ჩემპიონატზე 64 ქვეყანას შორის მე-3 ადგილი აიღო. კურორტ საირმის სასტუმროების მთავარ ბარმენეჯერობამდე კვიპროსში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული რესტორნის Muse Cafe kitchen bar-ის მთავარი ბარმენი იყო.

სწორედ ამ უნიკალური გამოცდილებისა თუ ცოდნის გამოყენებას და სხვებისთვის გაზიარებას  აპირებს საირმეში.

სიახლეების დანერგვას საკუთარ გუნდთან ერთად გეგმავს. მიაჩნია, რომ სწორი ადამიანებით, სწორი ხედვითა და ღირებულებებით შესაძლებელია რეგიონში წამყვანი ბრენდის შექმნა და საკურორტო სექტორში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება.

„მინდა, დავნერგო თანამედროვე და მოლეკულური მიქსოლოგია, ამას კი განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება. ასევე აუცილებელია სპეციალური დანადგარები და ხელსაწყოები, რომლებზე მუშაობასაც კიდევ სხვა გამოცდილება უნდა“.

რადგან საერთაშორისო ტრენერის სერტიფიკატს ფლობს, ამ უნარებსა და ცოდნას ბარმენებს თავად მისცემს. ამბობს, რომ თანამშრომლებს პირველ რიგში სასმელთმცოდნეობას შეასწავლის, შემდეგ მიქსოლოგიასა და მოლეკულურ მიქსოლოგიას.

„ჩვენთან განსაკუთრებული მომსახურება იქნება. პირველ რიგში, ბარმენები ბარმენობას შეისწავლიან – ეს მხოლოდ კოქტეილების მომზადებას არ გულისხმობს, აქ მთელი ჯაჭვია. მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ სასმელთმცოდნეობა. უნდა შეეძლოთ, მოსულ სტუმარს თავად შეურჩიონ სასმელი, შესთავაზონ კოქტეილი მათი გემოვნებისა და განწყობის მიხედვით. აქვეა მიქსოლოგია და მოლეკულური მიქსოლოგია – მაგალითად, უკვე მომზადებული სასმლისთვის სხვადასხვა არომატის მიცემა, ან სპეციალური ქაფის დამატება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, თითოეული დეტალი გასათვალისწინებელია სტუმრებთან ურთიერთობისას. ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც განვავითარებთ ჩვენი გუნდის წევრებს“.

ბორის კიკაძე ამბობს, რომ კურორტ საირმის სტუმრებს განსაკუთრებული მომსახურება ელოდებათ, რადგან ბარში შესვლიდან კოქტეილის დაგემოვნებამდე, თითოეული დეტალი – გათვლილი, ბარმენისა და სტუმრის ურთიერთობა კი ხელოვნების დონეზე იქნება აყვანილი.

ბორის კიკაძეს კიდევ ერთი სიახლე  აქვს – 4-9 ნოემბერს კუბაში ის ბარმენთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს წარადგენს. ამბობს, რომ რამდენიმეეტაპიანი კონკურსია, ფინალში მოსამზადებელი ორიგინალი კოქტეილის რეცეპტი კი უკვე გააგზავნა, როგორც ამას კონკურსის წესები ითვალისწინებს.


კურორტის შესახებ:

კურორტი საირმე სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში მდებარეობს, ზღვის დონიდან 950 მეტრზე.  საირმე ერთადერთი კურორტია საქართველოში, სადაც სხვადასხვა სამკურნალო თვისების მქონე 5 მინერალური სასმელი წყარო და 1 თერმული მინერალური წყალი ამოედინება, რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. კურორტის რეაბილიტაციის პროექტის შემდეგ კომპლექსში წარმოდგენილია 2 სასტუმრო, 258 ნომრით. რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზებაც, ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.

[R]

21 ჯილდო! ქართული სააგენტოების შედეგები Ad Black Sea 2022-ზე

ახალ რობოტს იუმორის გრძნობა აქვს და სხვების ხუმრობებზე იცინის