19
მაი
2017

Freeriders.ge – კვადრო ტურები – ორი ქართველი მეგობრის ექსტრემალური სტარტაპი

19 მაი 2017



ექსტრემალური ტურიზმი განიხილება, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის ქვეტიპი, ტურიზმის სახეობა, რომელიც დაკავშირებულია რისკსა და ფიზიკურ აქტივობასთან. მისთვის პირველხარისხოვანია ადამიანების რეზერვების გამოცდა და მძაფრი შეგრძნებები. ექსტრემალური სპორტი ადრენალინის მიღების საუკეთესო ლეგალური საშუალებაა და საქართველოში უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს, ქვეყნის ბუნებრივი რესურსებისა და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ექსტრემალური ტურიზმი კლასიფიცირდება 5 სახეობად: საჰაერო, სახმელეთო, საწყალოსნო, სამთო და ეგზოტიკური. ორი მეგობრის სტარტაპი – Freeriders.ge – რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტურებს კვადროციკლებით ლისის ტბის მიმდებარედ და ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – ექსტრემალური ტურიზმის სახმელეთო სახეობას მიეკუთვნება. მარკეტერი მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ESM-ის კურსდამთავრებულს – ზუკა ნაბელიშვილს ესაუბრა Freeriders.ge-ის შექმნის, მომსახურებისა და უსაფრთხოების დეტალებზე:

M: რა იყო Freeriders-ის დაფუძნების მოტივი და ამ სფეროში რა ცოდნა და გამოცდილება გქონდათ?
უნივერსიტეტში ყოველთვის გვიბიძგებდნენ ჩვენი საკუთარი საქმის დაწყებისკენ. რადგანაც ჩემი ჰობი ყოველთვის იყო ექსტრემალური სპორტი, გადავწყვიტე, ეს გატაცება ჩემს საყვარელ საქმიანობად მექცია. 15 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვიშოვე სამუშაო – მანქანების სამრეცხაოზე ვიმუშავე ერთი ზაფხული. შეგროვებული ფულით ვიყიდე ჩემი ოცნების მოტოციკლეტი – Yamaha DT-50. აქედან დაიწყო ჩემი მოტო და კვადრო კარიერა. მას შემდეგ, ბევრი მეგობარი შევიძინე ამ მიმართულებით და თითქმის მთელი საქართველო შემოვლილი გვაქვს უგზოობით. უგზოობაში ვგულისხმობ ისეთ გზებს, სადაც მანქანით ვერ გაივლით. ჩვენ გვინდა, სხვა ადამიანებსაც გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ამისათვის შევქმენით კომპანია Freeriders, რომელიც საშუალებას გაძლევთ, იმოგზაუროთ მთელ საქართველოში ჩვენთან ერთად, მიიღოთ ადრენალინი და დაათვალიეროთ ისეთი ადგილები, სადაც ავტომანქანით/ჯიპით არ მიისვლება.

M: როგორ იგეგმება მარშრუტები, ადგილს რის მიხედვით არჩევთ და რამდენი მსურველია საჭირო, რომ ტური შედგეს?
კვადრო ტური გულისხმობს შემდეგს: პროფესიონალი გიდი მიგიძღვებათ წინ და მიყვებით გიდს უკან. გიწევთ სხვადასხვა სირთულის გადალახვა ულამაზესი ხედების ფონზე. მოკლე ტურებში გვაქვს როგორც მარტივი მარშრუტები – დამწყებებისთვის და ასევე, შედარებით, რთული და ექსტრემალური მარშრუტები გამოცდილი მძღოლებისთვის.ჩვენი მთავარი ბაზა არის ლისის ტბის მიმდებარედ. აქ, ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან – საღამოს 8 საათამდე, იმართება მოკლე ტურები. მოკლე ტურების მიზანია, ადამიანებმა მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები კვადროციკლზე და გაერთონ მეგობრებთან ერთად. მოკლე ტურში მონაწილეების მინიმალური რაოდენობა: 1 ადამიანი.
ასევე, მომხმარებელს ვთავაზობთ ნახევარდღიან ტურს – ჭილის ტბაზე, ერთდღიან სათავგადასავლო ტურს – დიდგორის ან დავით გარეჯის უდაბნოს მიმართულებით. რამდენიმედღიანი ექსტრემალური ტურები: საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – თუშეთი, ყაზბეგი, სვანეთი და ხევსურეთი.
რამდენიმედღიან ტურში მონაწილეების მინიმალური რაოდენობა: 3 ადამიანი.

M: რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მსურველი, რომ კვადრო ექსტრემალურ ტურში გამოსცადოს თავი?
ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ადამიანს 18 წლიდან ზემოთ. კვადრო ტურში მონაწილეობისთვის მხოლოდ თქვენი სურვილია საჭირო. თუ არ იცით კვადროციკლის მართვა, ჩვენი ინსტუქტორები მარტივად გასწავლიან და პირველივე ტურში თქვენ მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას.

M: უსაფრთხოების ნორმებს როგორ იცავთ? 
ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო აქსესუარს, რომელიც კვადროციკლზე თქვენი უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. ჩვენი ყველა გიდი არის თავის საქმეში პროფესიონალი, მოგცემთ საჭირო რჩევებს და დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის გადალახვაში, ტურის განმავლობაში.M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და რის მიხედვით იცვლება ფასები?
ტურის ფასი დამოკიდებულია მარშრუტის სიგრძესა და სირთულეზე. ოკლე ტურები ლისზე იწყება 20 ლარიდან. მაგალითისთვის, მოკლე ტურებში ყველაზე პოპულარულია 60 ლარიანი ტური, რომელიც გრძელდება 1 საათზე მეტ ხანს. ვნახულობთ „ლისსა“ და „მლაშე“ ტბებს, მანძილი – 18კმ.
ნახევარდღიანი (3-4 საათიანი ტურები) 180 ლარიდან იწყება.
320 ლარი ღირს 1 დღიანი ექსტრემალური სათავგადასავლო ტური დიდგორზე.
რეგიონებში ტურების ფასი დამოკიდებულია დღეებისა და მონაწილეთა რაოდენობაზე.

M: სეზონურია, თუ არა კვადრო ტურების მუშაობა და რა ასაკობრივ კატეგორიებზე ხართ ორიენტირებული?
კვადრო ტურებისთვის წელიწადის 4-ვე სეზონი ძალიან საინტერესოა: შემოდგომა და გაზაფხული, შედარებით, ტალახიანია, რაც კვადროციკლისთვის იდეალურია. ზაფხულში მაღალმთიან რეგიონებში გზები იხსნება და უდიდესი სიამოვნებაა იქ კვადროთი სიარული. ზამთარში კი თოვლი და ტალახი კიდევ უფრო ექსტრემალურსა და საინტერესოს ხდის ტურებს თბილისის შემოგარენში. ჩვენი მომხმარებელი ძალიან ფართო სეგმენტს მოიცავს: დაწყებული ახალგაზრდა ექსტრემალებიდან – დამთავრებული ოჯახური ტურებით. საქორწინო ფოტოსესიებიც კი გადაღებულა ჩვენს ტურებში.

M: ექსტრემალური ტურიზმის განვითარების რა გეგმები გაქვთ?
ამჟამად, ვმუშაობთ ახალი მარშრუტების მოძიებაზე. ვგეგმავთ კვადროციკლების რაოდენობის გაზრდას (ამჟამად, 6 კვადრო გვყავს). ჩვენ ვართ პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც უცხოელ სტუმრებს ასეთ მომსახურებას სთავაზობს. გვსურს, ვითანამშრომლოთ ტურიზმის განვითარების სამინისტროსთან, ექსტრემალური ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

განხილვა