in

„კვალი“ – პანდემიის დროს დაწყებული ბიზნესი, თიანეთში მოყვანილი ესპანური მარწყვი და წარმატება სრულიად უცხო, აგრო სფეროში

„გვინდა, ერთგვარი, კენკრის სამყარო შევქმნათ“ – „კვალის“ თანადამფუძნებელი გიორგი ჯამაგიძე

„საქართველოში, კენკრა, მთელი წლის მანძილზე, 9-10 თვის განმავლობაში დეფიციტური პროდუქტია. ჩვენი მთავარი მიზანია, კვალის“გამორჩეული გემოვნური თვისებები და უმაღლესი ხარისხი, ერთმანეთთან, სრულ თანხვედრაში იყოს და ეტაპობრივად, იმპორტირებული კენკროვანი კულტურები ჩავანაცვლოთ“, – ამბობს „კვალის“ თანადამფუძნებელი გიორგი ჯამაგიძე.

სოფლის მეურნეობით, პირველად, გასულ წელს დაინტერესდნენ, მაშინ, როდესაც, პანდემიის გამო ყველაფერი გაჩერდა. თიანეთში, ხევსურთსოფელში მიწა იყიდეს და დაიწყეს კვლევა, რომელი კულტურის მოყვანა შეიძლებოდა იქ. სპეციალისტების რჩევით, კენკრის გაშენება გადაწყვიტეს. ასე შექმნეს „კვალი“ გიორგი ჯამაგიძემ და გურამ რუხაძემ, რომლებიც სხვადასხვა პროექტებზე, ერთად, მანამდეც მუშაობდნენ, თუმცა, სოფლის მეურნეობასთან შეხება არასოდეს ჰქონიათ.

ჯერ მიწის მხოლოდ მცირე ნაწილი აქვთ ათვისებული – 1 ჰექტარზე ესპანეთიდან სპეციალურად ჩამოტანილი მარწყვი გააშენეს. გიორგი ჯამაგიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის გახარების ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვთ და პირველი ნიშანს, ანუ პირველი მოსავალს  გაზაფხულზე ელოდებიან.

როცა „კვალი“ ბაზარზე გამოჩნდება, გემო და ხარისხი იქნება ის, რაც მაშინვე დაამახსოვრდება მომხმარებელს.

რატომ შეარჩიეს ეს კენკროვანი კულტურები, რა სირთულეების გადალახვა მოუწიათ, როგორ მიაღწიეს გახარების ასეთ მაჩვენებელს და რა გეგმები აქვთ, სამომავლოდ?! – ამ ყველაფერზე თავად „კვალის“ თანადამფუძნებელი გიორგი ჯამაგიძე გვიამბობს. თუმცა, მოდით, მივყვეთ თანმიმდევრულად:

გიორგი ჯამაგიძე: წარმოშობით მეც ხევსურთსოფლიდან ვარ და ჩემთვის უცხო არ იყო ეს ადგილები. ნიადაგისა და კლიმატური პირობების დამსახურებით, აქ მოყვანილი პროდუქტები მაღალი ხარისხითა და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ცოტა ხნის წინ, ამ მხარეს ბიომხარის სტატუსიც მიენიჭა. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ ხევსურთსოფელში მიწის შეძენა და სასოფლო – სამეურნეო კულტურის გაშენება. შევიძინეთ 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. რახან ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ გვქონდა, გადავწყვიტეთ, ყველა ეტაპზე სპეციალისტები ჩაგვერთო. მივმართეთ საკონსულტაციო კომპანიას Agro Solutions და მათგან სრული მომსახურება მივიღეთ: ნიადაგის შესწავლა, მიწის ვარგისიანობის დასკვნა და მისი სხვადასხვა კულტურებთან შეთავსების განსაზღვრა, შემდეგ ამ კულტურებზე კვლევის ჩატარება (რომელი მათგანი რამდენად მოთხოვნადი იყო ბაზარზე). საბოლოოდ, განისაზღვრა, რომ ამ ტერიტორიაზე კენკროვანი კულტურები უნდა მოგვეყვანა და მათ შორის გამოიყო მარწყვი. საცდელად, ამ ზაფხულს, 1 ჰექტარზე, გავაშენეთ ესპანური ჯიშის მარწყვი. დღეს, გახარების მაჩვენებელი 99% + გვაქვს, რაც სპეციალისტებისა და ჩვენი პარტნიორი საკონსულტაციო კომპანიის თქმით, იშვიათად კარგი შედეგია.

ყველანაირი გამოცდილების გარეშე, როგორ მიაღწიეთ? 

ექსპერიმენტულ გადაწყვეტილებებს არაფერში არ ვიღებთ. ყველა ეტაპზე, ნიადაგის შესწავლიდან დაწყებული, უკვე დარგული კულტურის მოვლით დამთავრებული, მივყვებით სპეციალისტებისა და სფეროს ექსპერტების რჩევებს. ობიექტის მონიტორინგის დეტალებსაც კი მათთან ერთად „გავდივართ“. ვფიქრობთ, ასეთ წარმატებასაც ამიტომ მივაღწიეთ. ბუნებრივია, სამომავლოდაც იმავე გზით გავაგრძელებთ მუშაობას.

ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კეთდება, მნიშვნელოვანია ადგილობრივების დასაქმებისთვის… 

ყველანაირად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი დავასაქმოთ. გვყავს ადგილობრივი მენეჯერი და მუდმივად დასაქმებული 6 ადამიანი. ეს როცა სეზონი არ არის, ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე კი (მთაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სეზონი ამ დროსაა) – დაახლოებით, 30 ადამიანი. როგორც გითხარით, ახლა 1 ჰექტარი გვაქვს გაშენებული, ამ გაზაფხულზე, კიდევ, 2 ჰექტარზე ვაპირებთ კენკრის დარგვას და ჩვენი გათვლებით, სეზონზე, 100-მდე ადამიანის დასაქმებას შევძლებთ. და როცა მთლიან მიწას  ავითვისებთ, 500-600 ადგილობრივი იმუშავებს.

მომდევნო სეზონზე რომ კენკრის გაშენებას გეგმავთ, ისევ მარწყვზე შეაჩერებთ არჩევანს?

არა, ახლა, ვფიქრობთ, ჟოლოს, მაყვლისა და მოცხარის მოყვანას. ზოგადად, ასეთი კონცეფცია გვაქვს, ჩვენი 30 ჰექტრიდან, დაახლოებით, 20 ჰექტარი იქნება მარწყვი და დარჩენილ ტერიტორიაზე სხვა კენკროვან კულტურებს გავაშენებთ.

გვინდა, ერთგვარი, კენკრის სამყარო შევქმნათ, რომელიც გახდება ამ მხარის სავიზიტო ბარათი.

„კვალის“ იდეაც კი პანდემიის დროს გაჩნდა. ალბათ, ძალიან რთული გზა გაიარეთ. რა დაბრკოლებებს წააწყდით ამ პერიოდში და როგორც ბიზნესი, დღემდე რა სირთულეებს უმკლავდებით? 

პირველი სირთულე, რა თქმა უნდა, ფინანსები იყო. სამწუხაროდ, სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს მარწყვის გაშენებას. შესაბამისად, მოგვიწია ჩვენი ფინანსების ჩადება და სახელმწიფოსგან შეღავათიანი აგროკრედიტით ვისარგებლეთ. ინფრასტრუქტურის მოწყობამ, ნიადაგის მომზადებამ და მარწყვის გაშენებამ კოლოსალური თანხები, ენერგია, შრომა წაიღო. სამაგიეროდ, დღეს გვაქვს ძალიან კარგი შედეგი. ახლა ვიღებთ მონაწილეობას სახელმწიფო პროგრამაში, რომ გაზაფხულიდან, სხვა კულტურები მათი დახმარებით გავაშენოთ.

მართალია, პირველ მოსავალს ახლა ელოდებით, მაგრამ ალბათ, გიფიქრიათ, „კვალის“ უპირატესობაზე. თქვენი პროდუქტი, ბაზარზე, რით იქნება გამორჩეული? 

„კვალის“ კენკროვანი კულტურები გამორჩეული იქნება ძალიან მაღალი ხარისხით და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით.ამის გარანტი კი მთის და კონკრეტულად თიანეთის მხარის გამორჩეული კლიმატი და ნიადაგია. ისეთი პროდუქტი გვექნება, მომხმარებელს დარჩება განცდა, რომ. თითქოს, მარწყვის ან ჟოლოს კვალიდან, ახლა მოწყვიტა ნაყოფი და ის  მიირთვა. ამას მხოლოდ ამბიციის გამო არ ვამბობთ. ნამდვილად არაფერს ვიშურებთ: ჩვენს ენერგიას, შრომას, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ სპეციალისტების რჩევებს, ყველა დეტალს მათ ვუთანხმებთ. ჯერჯერობით, ჩვენი მიზნისკენ ძალიან სწორად მივდივართ.

ახლა ბრენდზე ვისაუბროთ, ვინ შექმნა და როგორია „კვალის“ კონცეფცია? 

„კვალის“ ბრენდინგზე იმუშავა სააგენტომ Brandit. თავიდანვე გვინდოდა, ისეთი სახელი და ვიზუალური იდენტობა ჰქონოდა ჩვენს ბრენდს, ყველაფერი ერთი შეხედვითვე რომ ნათელი ყოფილიყო, მომხმარებელს მომენტალურად ჰქონოდა აღქმა, რა პროდუქტს ვთავაზობდით. ჩვენ, თანადამფუძნებლები ვთვლით, რომ ზუსტად ასეთი გამოვიდა ლოგოც და სახელიც. იმედია, მომხმარებელსაც იგივე განცდა ექნება. „კვალი“ არის მთის კენკრა თიანეთიდან, იგივე მთის ნატურალური პროდუქტები.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? 

პირველ რიგში, ეტაპობრივად, ვაპირებთ დარჩენილი მიწის ათვისებას. ვფიქრობთ აგროტურიზმის განვითარებაზე. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, უკვე დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მომზადება. ვაპირებთ მცირე კვების ობიექტის გახსნას, სადაც ადგილობრივი კერძები იქნება. ჩვენთან მოსული უცხოელი ტურისტი თუ ადგილობრივი ვიზიტორი, დააგემოვნებს კენკრის კულტურებს, გასინჯავს ადგილობრივ კერძებს, შეძლებს ჩვენს კვლებში შესვლას და მარწყვის, ჟოლოს, მოცხარის, მაყვლის დაკრეფას. ვემზადებით სერტიფიცირებისთვის, პრინციპში უკვე დაწყებული გვაქვს საჭირო პროცედურები. ასევე, ვფიქრობთ ექსპორტზე. ეს ყველაფერი სამომავლო გეგმებია, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ.

 

[R]

„ჭიქა ღვინოსაც შეუძლია, დაგვანახოს თავისი ამბავი და ემოციები“ – ბარ-მაღაზია „სომელიე“ ისევ ღვინოზე გვიამბობს

“სადემონსტრაციო პროექტები” კომპანიებსა და მოგებიან მომხმარებლებს შორის ურთიერთობას აღრმავებს